შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
უნდა წაგშალო ჩემი ხსოვნის ყველა ბწკარედში, რა სიკვდილივით აუცდენელ ტყვიად მეწვიე, ვერ დავივანე შენს მხურვალე,ლამაზ ჰარემში, ვერ შევეგუე ვყოფილიყავ შენი მზეწვია.
უნდა დაგშორდე,მოგონების სკივრი დავცალო, დარჩენილ დღეებს გადარჩენით უნდა ვუშველო, ოღონდ სულ ცოტა ,სულ ცოტა ხანს უნდა მაცადო, სანამ ვისწავლი არსებობას ქვეყნად უშენოდ...
ჩამომიტყუებს ჭალის ბოლოს ხანდახან ბედი, ნესტოებს მიწვავს მწკლარტე სუნი გვიმრის და ანწლის, მერე დუელში გამომიწვევს ჭაღარა დენდი და თეთრ ხელთათმანს სილასავით სახეში მაწნის.
მე ხომ ქალი ვარ! დუელი და ქალი ვინა თქვა, საკინძეს მისხნის ავარდნილი ლერწმებში ქარი, სამიზნედ მიჩანს ძუძუსთავი მინა-მინანქარს და მითრთის ტყვიით გაკაწრული მარცხენა მხარი...
ჩამომიტყუებს ჭალის ბოლოს ხანდახან ბედი კრიალოსანზე დამიმარცვლავს სიცოცხლის წამთა, მზერას ავუსხლეტ გამომწვევად შიშველი მკერდით და დუელს აგებს მერამდენედ საკუთარ თავთან.
მე მოვედი და მოვიტანე სურნელი ქალის, ტრფობით და ვნებით ავსებული შლეგი სხეული, მზედაკრულ მკერდზე აბურცული საკოცნი ხალი და ლტოლვა,ლტოლვა მამრისაკენ მდედრისეული.
შენ მოხვედი და ჩამიქსოვე სულში ტკივილი, ყველა იმედი დამიკოცნე სუსხიან ბაგით, შემომახვიე მარტოობის ცივი კივილი და ეხლა ასე უსასოო,შილიფი კაბით
მივათრევ სხეულს წუთისოფლის მტვრიან შარაზე და ფურთხის ღირსად მემეტება ჩავთვალო თავი. ჩემი სიცოცხლეც არამია ამ ქვეყანაზე, როცა ვარდისფერს უმოწყალოდ ერევა შავი.
გარდავიცვალე და კივილით სული გამცილდა, ათას ნაფლეთად დაეფინა ხორცი მაყვლიანს, გამოვიტირე გამარჯვება ჩემთა მაცილთა, ეხლა აღარ ვარ და ყვავილებს რისთვის მაყრიან.
აღარ მჭირდება უთბილესი ალერსის სიო, მაღიზიანებს გვირგვინების ფერთა გნიასი, აეტმასნება სული ჩემი შუაღამის სიონს, მოენატრება ბილიკები ბეთანიასი
და გავარდება განთიადზე მყიფე კივილად, არარაობად ნაქცევ ჭურჭელს გამოქცეული... ნუთუ სიცოცხლე ღირდა ასე მძიმე ტკივილად, ნუთუ მძორია სილამაზით სავსე სხეული?!
რამხელა სიყვარული შეგძლებია, რამდენი დუმილი და ატანა, სიკვდილის დემონები ვერ ძღებიან, სიკვდილის დემონებმა მხარზე დაგცეს, მერე ოცნებები გაგიძარცვეს, სული მოგიწამლეს,პატარა.
ამქვეყნად არსებობა მირაჟია, აღარსად კაცობა და გატანა, რომელმა ძმადნაფიცმა მიგაჩვია, უკუნით ლაბირინთში ხეტიალი. შენი თვალებივით ფეთიანი, გული გაგიჩერეს,პატარა.
ზოგჯერ ღმერთია და შორი არის, უფრო ახლო არის სატანა, ირგვლივ მონატრება ბორიალობს, ტირის აგვისტოს თვე მგლოვიარე, ყველა სასულეთი მოვიარეთ, შენ სად ჩაიმუხლე,პატარა...
დედიშობილა ვიბადებით,ვიზრდებით,ვკვდებით, ამოგვიფარებს სოფლის ბოლოს პატარა ბორცვი, და მხოლოდ მძიმე გასაყართან მისულნი ვხვდებით, მხოლოდ სულით ვართ შემოსილნი და არა ხორცით...
- - - შვილი თუ მამას დაემგვანა-ეგ სიმარჯვეა! მაგრამ ხანდახან ძველი სიბრძნეც დროს ვეღარ უძლებს, და როცა გვანცამ საკუთარი ლექსი მაჩვენა -დავიღუპეო!- დედამისმა შეჰკივლა უცებ!
საყვედური გუშინდელ საყვედურზე მისაყვედურეს, ცოლიანი ხართო რაკიღა, შიშნეულივით თავს გვარიდებთ, მარტო დადიხართ! აგრე ნუ იტყვით, რას მიქვია შიში ტურფებო, ცოლიანი ვარ, ტყვე კი არა და უუფლებო. თუმც თქვენს ნათქვამში მე სიმართლე არ მეგულება, მაინც მივტირი ჩემს წინანდელ გაბედულებას, ვაშლის ტოტივით ჩამომიტყდა დღე გუშინდელი, დაფრთხა ჩიტი და ჩემს აპრილსაც ფერი უცვლია, ნამდვილ სიყვარულს მე არც ახლა შევუშინდები, მაგრამ თამაში ამ გულს უკვე არ შეუძლია! /ოთარ შალამბერიძე/
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო და მომინდა ხეტიალი ქართან, ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა აშრიალდა შენი კაბის კალთა... ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი, მაგ ღიმილის გახსენების გარდა; დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი მოგონების საჩრდილობლის კართან. უძილობის თეთრ თოლიებს მისევს გახსენება მაგ ანთებულ თვალთა და ფიქრებში გათენდება ისე, როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო და მომინდა ხეტიალი ქართან, ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა აშრიალდა შენი კაბის კალთა... ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი, მაგ ღიმილის გახსენების გარდა; დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი მოგონების საჩრდილობლის კართან. უძილობის თეთრ თოლიებს მისევს გახსენება მაგ ანთებულ თვალთა და ფიქრებში გათენდება ისე, როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.
იქ, სადაც სდუმან პირამიდები. მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ, სადაც სდუმან პირამიდები შენ მომინდები, შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე. შენ მგაფრენს ცხენი არაბული, თვალებ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს. ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება... პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება. სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს; გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით, დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.