შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
სუნთქვა გაყურსულა ნებიერად კაბის გადაჩითულ საგულესთან... ეგებ მოხვიდე და კოცნა დადო ყურზე,კონწიალა საყურესთან?! გარეთ შემოდგომის დღეებია მწიფე ყურძნის ცრემლით ვიტირებ და გული დაეწვება ღამის სიოს გარეთ გამიტყუებს ჭრიჭინებთან. ფოთლებს ოქროსფერი გადაუკრავთ გული გაფრენილა საგულედან... შენი კოცნის გემო დამიღვინდა ყურზე კონწიალა საყურესთან.
თბილისს ვარდისფერი სახე გაუფრინდა, ყელზე დაეკიდა მთვარე.. როგორ მენანება, როგორ მენატრება, ნაღდი თბილისური ღამე. სანთლის სიჩუმეში მკრთალი ფოთოლცვენა, ბაღში მოწყენილი გედი, ტაძრის სინაზეში ჩიტის გადაფრენა, თმები- მიქნეული ფრთები. მტკვარი მოჩითული ჭადრის ფარდაგებით, ცხელი სიყვარულის როკვა, მერე ცრემლები და მერე სინანული, სიონს გალობა და ლოცვა. მერე მთაწმინდაზე დიდი ღამისთევა, ვაჟას პოეზიის ცეცხლი, ცისფერ ბილიკებზე ლურჯი გარინდება, გალას სისხლიანი ლექსი. მერე სიგიჟე და თეთრი მწუხარება, გული-გაგლეჯილი მთვარე, ღმერთო, მენატრება, როგორ მენატრება ნაღდი თბილისური ღამე.
იქნებ როგორმე გული გახურდეს, მთვარემ ყელქვევით შეგიხსნას ღილი, ქარში ჭადრები კვლავ ახმაურდნენ და ხეივნებში გაფინონ ჩრდილი. შეხვდებით ბაღთან რიდებით, დარდით, სად შაშვის ხმაზე შეგშინებია, თან მოგიყვები, როგორ მიყვარდი და სიმღერებში რომ მზინებია.
იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ, იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს, ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას, რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს;
თუ ჩემს ზეცას, ჩემს მწვერვალებს ცადასროლილს წაეპარა ყორნისფერი ღამე მძიმედ, - ამოვწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი, ვარსკვლავებით მოხატული, მოციმციმე.
თუ დავეცე, - ნუ მიტირებთ დანანებით, ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი, საქართველოს ლამაზებო, მანანებო, დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.
გული დამაქვს სიყვარულით განახელი, მყვარებია... ჰო, ცრემლებიც მყვარებია; ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი ხანჯალივით გულში გამიტარებია.
გაღიმებაც შემიძლია აპრილისა, ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც... - შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო, - მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი.
- თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული, სიყვარული ყბით დამიტარებია, ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული, თებერვალში აპრილს დამიდარებია...
დავიღუპო!.. ნუ მირიტებთ დანანებით... ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი... ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო, დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები.
შენ სიყვარულით სიკვდილს მიმზადებ, მადლობელი ვარ ღმერთო მაღალო, მიმაღწევინე შენ დიდ მიზნამდე, არ დამაოკო და არ დამღალო. სამოთხის კარი დატოვე ღრიჭოდ, მოდი, მომნუსხე ძალავ ფარულო, მე სიყვარულით სიკვდილი მიჯობს -ვაგლახ სიცოცხლეს უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ...
სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა როგორც წერტილი, და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა, რათ სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი, ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რათ დაჰყვებოდა!
ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა, ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით... ცის ბანს ბინდები ჭერეხივით რაზე ეყარა, ან დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით...
დასაბამიდან გზებს მოსდევდა გულდაწყვეტილი კაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა... საწუთროს წვერზე მზე მოსჩანდა როგორც წერტილი და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა.
ოჰ, მახსოვრობის ბოროტო ღმერთო! ჯერ კიდევ გულში ცეცხლივით ენთო, რაც დავიწყების უკუნეთს ერთვის, და უკვე აღარ არსებობს ჩემთვის, აღარც ის სახე, აღარც ის წუთი... და ახლა როგორც პანდორას ყუთი, ცარიელი ვარ... ჩემს ფსკერზე მხოლოდ განმეორების იმედი ცოცხლობს!