საქართველოს ისტორია
საქართველოს საზღვრები
ივანე ჯავახიშვილი
საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები ტომობრივ მოსახლეობის საზღვრებს არა ერთხელ გასცილებია, და ძლიერების ხანაში XI-XIII საუკუნემდე, განსაკუთრებით მე-XII საუკუნეში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს საქართველოს, მთელი ამიერი კავკასიაც კი ეკუთვნოდა.გაგრძელების სანახავად დააჭირე განაგრძე კითხვას.
§ 1. ჩრდილო-დასავლეთის ხაზი. აფხაზეთ-ჯიქეთი.
სრულიად საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის უკიდურეს სამზღვარზე აბხაზეთი იყო და ეხლაც იგივე კუთხე ჰსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკას. ისტორიულის ცნობების მიხედვით მე-XI-ე საუკუნეში ეს მოსამზღვრე ხაზი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან ჩრდილოეთით მდებარეობდა, სახელდობრ, იმ ადგილას, სადაც კავკასიონის მთავარი ქედი იწყობოდა. მოსამზღვრე ხაზად მდ. ყუბანის შესართავი და კავკასიის ქედის წვერი ითვლებოდა (ლ. მროველი იხ. ქართველი ერის ისტ. II, 311 და 266). ასე ჩრდილოეთით იმიტომ იყო სამზღვარი წაწეული, რომ მაშინ ჯიქეთი და ალანთა ქვეყანაც აბხაზეთს ეკუთვნოდა. თუ ჯიქნი აბხაზთა მოძმე ტომი იყო და მათი აბხაზეთთან ერთობა სრულებით ბუნებრივად უნდა მიჩნეული იქმნას, ალანთა შესახებ ამის თქმა არ შეიძლება.
მაინცადამაინც ცხადია, რომ დოაბზუ ანუ ტუაფსე აფხაზთა საკუთრება იყო იმიტომ, რომ თვით ეს საგეოგრაფიო სახელი სწორედ ამასა ნიშნავს. მაგრამ საკუთრივ აბხაზების ჩრდილოეთის სამზღვარი ბიჭვინტის მონასტრის ჩრდილოეთით მდებარეობდა. (იხ. ქართველი ერის ისტ. II, 315). ხოლო ამის შემდგომ უკვე აბხაზთა ტომის ჯიქების მიწა-წყალი იწყობოდა.
ვახუშტის სიტყვით მის დროინდელს, მე-XVIII-ე საუკუნის, აბხაზეთსა და ჯიქეთს შორის სამზღვრად ზღვა და კაპოეტის წყალი იყო (გეოგრაფია 406 და 408), ჯიქეთის ჩრდილოეთის სამზღვარი კი წინანდებურად კავკასიონის ქედი ყოფილა. დასავლეთ საქართველოს 1732 წ. რუკაზეც ჯერ სწერია " კაპოეტის წყალი", შემდეგ ხაზია გასმული და ნათქვამია "აქეთ ჯიქეთიო" (იხ. რუკა), ე. ი. ჯიქეთი კაპოეტის წყლის იქით, ანუ ჩრდილოეთით მდებარეობსო. თანამედროვე რუკებზე კაპოეტის წყალი არ არის აღნიშნული, მაგრამ 1732 წ. ალექსანდრე მეფის ბრძანებით შედგენილს დასავლეთ საქართველოს რუკაზე და სრულიად საქართველოს მოსკოვში 1743 წ. გადახატულ რუკაზე ეს მდინარე ბიჭვინტის ჩრდილოეთით არის აღნიშნული. მაშასადამე კაპოეტი ეხლანდელი მდ. ბზიბის ძველი სახელი უნდა იყოს.
თუ 1743 რუკას დავხედავთ, იქითგან სჩანს, რომ სამზღვარი მდ. კაპოეტის წყალზე ანუ ბზიბზე კი არა ყოფილა, არამედ ამ მდინარის ჩრდილოეთით მდებარე კავკასიონის ქედ-ქედ. ბურნაშევის მიერ შედგვნილს რუკაზედაც სამზღვარი კაპოეტის წყლის ანუ ბზიბის საკმაოდ მოშორებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მიმდინარეობს. ყველა ამ საბუთების გამო უნდა დავასკვნათ, რომ მდ. ბზიბი მთლად თავის შემდინარეებით აფხაზეთის სამზღვრებში იყო, ამიტომ მოსამზღვრე ხაზი უეჭველია ამ მდინარის აუზის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მდებარე გამყოფელი ქედის-ქედ უნდა ყოფილიყო გავლებული.
ამ ადგილითგან მოყოლებული აფხაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადახრილი სამზღვრის ხაზი კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ქედ-ქედ მიდიოდა და ეხლაც მიდის სვანეთამდის.
ტომობრივ მოსახლეობის მხრივ მე-XVIII-ე ს.-ის დასასრულს აფხაზეთი შემდეგ ნაწილებად იმყოფებოდა: ერთი იყო ბზიბის ხეობა, რომელიც შეიცავდა მდ. ბზიბის ქვემო ნაწილისა და აღმოსავლეთით გუდაუთამდე, მეორე გუდაუთსა და მდ. კოდორს შუა საკუთრივ აფხაზთა სათემო იყო. მესამე, აფშილეთი, მდ. კოდორსა და ღალიძგას შუა მდებარეობდა. მეოთხე სამურზაყანო, რომელშიაც მოსახლეობა მეგრული იყთ და ეხლაც არის, მხოლოდ აბხაზური ენა და ზნე-ჩვეულებაც შეთვისებული აქვთ, მოთავსებული იყო ღალიძგასა და ენგურს შორის შავი ზღვის ნაპირას და მეხუთეს, წიბელდას მდ. კოდორის ხეობის შუა ნაწილი ეკავა.
ცნობილია, რომ აღმ. საქართველოს I783 წ. რუსეთთან დადებულმა ხელშეკრულობამ და შემდეგ 1801 წ. შეერთებამ მთელი საქართველოს ბედ-იღბალიც გადასწყვიტა და სრულიად საქართველოს რუსეთის მიერ შეერთება მხოლოდ-და-მხოლოდ ხელსაყრელ დროზე იყო დამოკიდებული. ვერც აფხაზეთი გადურჩა ამ ბედს.
თუმცა 17 თებერ. 1810 წ. აბხაზეთის მთავარმა სეფერბეი შარვაშიძემაც რუსეთის მფარველობა მიიღო, მაგრამ კარგა ხანს მე-XIX-ე საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგამდე აბხაზეთში მაინც რუსებმა ფეხი მტკიცედ ვერ მოიკიდეს და მხოლოდ 1 მაისს 1864 წელს აბხაზეთი რუსეთთან საბოლოოდ შეერთებული იყო, თვით აბხაზეთის მთავარს-კი მთელის შთამომავლობით მთავრის უფლება სამუდამოდ ჩამოერთვა.
აბხაზები უბრძოლველად არ შეჰრიგებიან დამოუკიდებლობის მოსპობას და I866 წელს აბხაზეთში აჯანყება დაიწყო, რომელიც რუსთა ძლიერ ჯარის მოსვლისთანავე ჩაქრა. მაგრამ 1877 - 8 წ. ომის დროს აბხაზეთში კვლავ აჯანყება მოხდა.
ყველაზე ძლიერსა და მედგარს წინაარმდეგობას რუსეთის გაბატონებას აბხაზეთში წიბელდა უწევდა. მე-XIX-ე საუკუნის 30 წლებითგან მოყოლებული რუსეთის მთავრობა არა ერთხელ ამ კუთხეში დამსჯელ რაზმებსა გზავნიდა ხოლმე და ბოლოს მკვიდრი მცხოვრებნი იქითგან აყრილ და განდევნილ იქმნენ (Маевскій. Кутаисская губернія. Военно-статистйческое описаніе. ტფილისი, I 96 წ. დამატ. N 1, გვ. . 4).
1884 წ. ატეხილ ამბოხების გამო ამ კუთხის მაღლობი ადგილებითგან, დალითგანაც, რუსებმა ყველა მეკომურნი აჰყარეს (იქვე 6). ხოლო 1867 წლის აბხაზეთის აჯანყების შემდგომ, წიბელდის მოსახლეობის უკანასკნელი ნაწილიც დიდით პატარამდე, დედაბუდიანად აყრილი და ოსმალეთში განდევნილი იყო (იქვე 57). ჯერ კიდევ 1850 წელს აქ 14000 სახლობა ითვლებოდა. 1867 წელს-კი მთელს ამ კუთხეში რუსთა წყალობით 27 ოჯახის მეტი აღარავინ იყო (Иваненко. Гражд. упр. 430). ამ დროითგან მოყოლებული კოდორის და მის შემდინარეების ხეობანი სრულებით გაუკაცრიელდა. ამის შემდგომ რუსეთის მთავრობა მთელს თავის პოლიტიკას შავი ზღვის ნაპირას ადგილობრივ მკვიდრთა, განსაკუთრებით-კი ქართველთა საწინააღმდეგოდ აწარმოებდა. ქართველებს აქ დასახლება და უძრავი ქონების შეძენა აკრძალული ჰქონდათ, რუსებს-კი, განსაკუთრებით მოხელეებსა და სამხედრო პირებს, ჩალის ფასად აძლევდენ ამ სამოთხესავით მშვენიერსა და ბუნებით უხვად დაჯილდოვებულს მხარეს. მხოლოდ რუსეთის მთავრობის პოლიტიკის წყალობით გაჩნდა ქართველების გვერდით სხვა ეროვნების ხალხიც.
რუსეთის მთავრობის ზემოაღწერილი პოლიტიკისა და საახალშენო მოღვაწეობისდა მიუხედავად სამურზაყანო აბხაზეთში და ჯიქეთის სამხრეთის მცირე ზოლში, ანუ სოხუმისა და სოჭის ოლქებში 1916 წ. აღწერისდა თანახმად 141.000 მცხოვრებთა შორის 71.000 ქართველი და 43.000 აბხაზი იყო, 6.000 სომეხი და 21.000 სულ სხვადასხვა ეროვნებისა.
§ 2. ჩრდილოეთის ხაზი. დვალეთი.
საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვარი აფხაზეთის შემდგომ სვანეთის ჩრდილოეთის საზღვრით არის მოხაზული და აქაც ეს ხაზი ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ზღუდეს მისდევს, კავკასიონის მთავარ უღელტეხილის მარადთოვლიანს ქედს რაჭის სამზღვრამდის. შემდეგ საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი თემი რაჭაა და მისი სამზღვრის ხაზიც ჩრდილოეთით იმავე უღელტეხილის მთავარ ქედზე მიდის დვალეთამდე.
დვალეთის შესახებ საგანგებოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ იგი კავკასიონის უღელტეხილის ორ მთავარსა და პირიქითელს, ქედებს შუა არის მოქცეული. ეს ქვეყანა ყოველმხრივ მარადთოვლიან მთებით არის გარშემოზდუდული, ისე-კი, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქედი. ე. ი. პირიქითელი სამხრეთისაზე უფრო მაღალია და ერთს ალაგს გარდა სრულიათ გაუვალია. ეს დვალეთი ამ ადგილას საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი მონაპირე ქვეყანა იყო.
ძველითგანვე დვალეთი საქართველოს ეკუთვნოდა. მაგრამ ამ სამღვარს განსაკუთრებული ყურადღება მე-XII-ე ს-ითგან მიექცია და პოლიტიკურადა მტკიცედ აქ ქართველობამ ფეხი დავით აღმაშენებელის დროს მოიკიდა (ცხოვრება მეფისა. დავითისი, გვ. 301, ქართველი ერის ისტ. II. 515). შემდეგშიაც, თვით საქართველოს პოლიტიკურ დაუძლურების დროსაც, მე-XVIII-ე ს.-ის დამდეგსაც, დვალეთი ქართველთა ხელში იყო და ვახუშტის მოწმობით "მეფეთა ქართველთა... მისცემენ დღემდე ხარკსა (გეოგრაფია 460). Vახტანგ მე-VI-ე იყო ის მეფე, რომელმაც საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვრის ეს მონაპირე კუთხე 1711 წელს ჯარითურთ შემოიარა, შევიდა შიგ. "ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ღელის-ხევი და გარდმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდამ ქართლს გამარჯვებული... სწორედ მან კვლავინდებულად მტკიცედ "დაიპყრა დვალეთი და დასდვა ხარკნი... (ვახუშტი. საქართველოს ცხორება 118).
აღმოსავლეთით მას საზღვრავს "თრუსოს და ხევის საზღვარი, მერმე მყინვარის კავკასი და ახოტის კავკასი, რომელნი ძენან სამხრიდან ჩდილოდ და დასწყდების ხევის ბოლოს მდინარესა ზედა ლომეკსა, მერმე ლომეკის მდინარე ვიდრე ხეთაძე ჩერქეზის მთამდე.
სამხრით მზღრვრის კავკასი ხევის ყელიდამ წარსული დასავლეთად, რომელ არს ბრუც-საბძელამდე და ზეკარ-კედელა და რაჭა-დიგორ-ბასიან შორისი კავკასნი, ხოლო ჩდილოთ ჩერქეზსა და მას შორის მთა მაღალი... და დასავლეთით მზღვრის კავკასივე რაჭასა და ღელეს შორისი, მერმე ბასიანსა და სვანეთს შორისი... (იქვე 428 - 430) ეხლანდელს რუსულს საგეოგრაფიო რუკებზე მიღებული სახელები რომ ვიხმაროთ, მაშინ დვალეთის სამზღვარი ასე გვეხატება, ჩრდილოეთით ადაი-ხოხითგან (=ქართულ ხოხის მთას) ხაზი მიდის აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ არხონამდის (=ქართულ ახოტს), ხოლო დასავლეთით ამავე ადაი-ხოხის მმწვერვალითგან ხაზი სამხრეთისაკენ მიდის ქედ-ქედ მწვერვალ ყაზი-ხოხამდის. შემდეგ სამხრეთის სამზღვარი იწყობა ამ ადგილითგან და ქედ-ქედ მიდის საუხოხზე, ხალიწაზე, ზეკარზე, ბრუტსაბძელზე, ხოხზე, შემდეგ როქზე არხონამდის.
დვალეთი ძველადაც და ეხლაც რამდენიმე ხეობად იმყოფებოდა. კასრის ხევად, ზრამაგად, ღელედ, ნარად, ზროგოდ და ზახად (ვახუშტი. გეოგრაფია 428).
ამ დვალეთზე "გარდავლენან გზანი დიგორსა... და... გზანი ვალაგირსა და ფაიქომსა" (ვახუშტი. გეოგრაფია 444). იქ, სადაც კასრის ხეობა "მოვიწროვდების ხოხის მთის ჩამოსულის კლდითა და გლოლისა და ამის შორის კავკასის ჩამოსულის კლდითა.., გაკეთებული ყოფილა "კარი კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, დიდ-კამაროვანი მდინარესა ზედა. ეს კარი-ბჭე თურმე საქართველოს "მეფეთაგან ქმნული ყოფილა იმ მიზნით, რომ "არა ვიდოდენ თეინიერ მათსა ოვსნი..." ამგვარად ბუნებრივადაც და ხელოვნურადაც "არს ხეობა ესე ფრიად მაგარი და შეუვალი. (იქვე. 444).
ძველად ამ კუთხეს საქართველოსთან პოლიტიკურს გარდა სარწმუნოებრივი და კულტურული კავშირიც ჰქონდა: ქრისტიანობა აქ ქართველი მქადაგებლების მიერ იყო გავრცელებული და თვით ეკლესიის ნანგრევებს, მაგ. როქის ხეობაში ეხლაც ეტყობა ქართული ასომთავრული წარწერები. ვახუშტის სიტყვით ამ ქვეყნის მკვიდრნი იყვნენ "სამწყსონი ნიქოზლისანი." (გეოგრაფია 434). მე-XVIII-ე ს.-ის დამდეგს ბლომად ყოფილა "ციხენი, კოშკნი, ეკლესიანი ქვითკირისანი..." რომელნიც საქართველოს "მეფეთაგან ნაშენნი" ყოფილან. თვით ხალხში ამ ძეგლების შესახებ თქმულებები ყოფილა და ვახუშტის ცნობით "უმეტეს იტყვიან... თამარ მეფისაგან" აგებულადო (იქვე 438).
მე-XVIII-ე ს-ში ეს კუთხე ეკონომიურადაც საქართველოსთან ყოფილა დაკავშირებული. მარილს. ცხვრის ტყავს, სვიას და სხვა სახმარს, რაც-კი თავიანთ ცივს ქვეყანაში ვერ შოულობდენ, თურმე ქართლითგან და რაჭითგან ზიდავდენ (ვახუშტი. გეოგრაფია 438).
ბუნებამ დვალეთი მადნით უხვად დააჯილდოვა და იქ ვახუშტის სიტყვით "გამოიღებენ მიწიდამ ბრპენსა, გვარჯილასა, გოგირდსა (იქვე 438), ამასთანავე "ლითონი ბრპენისა მრავალი ყოფილა. ხოლო "გოგირდი ფრიად კარგი". ზემოაღნიშნულს გარდა იქ არსებობდა "ლითონიცა ვერცხლისა (იქვე 444).
ამ ჟამად ამ კუთხეს არდონის ანუ ნარდონის ქვაბ-ხეობა ეწოდება. ეს არდონის ქვაბა-ხეობა, რომელიც ყოველმხრივ გარშემოზღუდულია, მაგრამ რომელსაც ჩრდილოეთისაკენ მხოლოდ ერთად-ერთი ზემოაღნიშნული ხეობაზე მდებარე გასავალი აქვს, სამხრეთით-კი საქართველოსთან მას 11 გარდმოსავალი აერთებს, მე-XIX-ე საუკუნეშიც თავდაპირველად ტფილისის გუბერნიის სამზღერებში იყო მოქცეული და ამ გუბერნიის მთიულეთის ოლქს ეკუთვნოდა, (Филиновъ. Военный обзоръ Тифлис. Губ. СПБ. 1872 წ. გვ. 7-8). მისი სივრცე 497 ოთხკუთხ ვერსს არ აღემატება. შემდეგში რუსეთის მთავრობამ დვალეთი ანუ არდონის ქვაბ-ხეობა საქართველოს ჩამოაშორა და თერგის ოლქს შეუერთა.
საუკუნეთა განმავლობაში, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობა ამ კუთხეს საქართველოსთვის ფრიად მნიშვნელოვან კარად სთვლიდა და ამის გამო მას ფხიზელ დარაჯად უდგა, საგანგებოდ არდონის გასავალთან ზღუდეც-კი ააგო, რომ თუ საჭირო იქმნებოდა მტრის შემოსვლის მხრივ ამ სახიფათო გზის კარის დახშვა ადვილად შესძლებოდა. ამ კუთხის ბუნებრივ აგებულებასა და თვისებას თუ დავაკვირდებით, ცხადი იქმნება, რომ იგი საქართველოსთან უფრო მრავალრიცხოვან გზებით, სხვადასხვა მხრით თერთმეტი გარდმოსავლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთან არის შედარებით მჭიდროდ დაკავშირებული. ჩრდილოეთთან-კი მას მხოლოდ ერთი გასავალი აერთებს. ყველა ამ მოსაზრების გამო უფრო ბუნებრივია და ხელსაყრელი, რომ წინანდელი მდგომარეობა კვლავ აღდგენილ იქმნას. რუსეთის მთავრობის შეცდომა შესწორდეს და დვალეთი, ანუ არდონის ქვაბ-ხეობა ისევ აღმოსავლეთს საქართველოს, ტფილისის გუბერნიას დაუბრუნდეს, მაშინ ამ ადგილას საქართველოს სახელმწიფო სამზღვარი იმ ხაზს გაჰყვება, რომელიც ხოხის მთას (ადაი ხოხ) და ახოტის მთას (არხონ) შუა გაივლება.
§ 3. ჩრდილოეთის ხაზი. დარიალანი და საქართველოს კარი.
დვალეთის აღმოსავლეთით საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვარი ისევ კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ქედზე მიდის და მხოლოდ დარიალის ხეობასთან იგი ქედს იქით გადადიოდა და უფრო ჩრდილოეთით იყო წაწეული. მისაბჯენ ციხედ ჰქონდა "გორის ციხე, ფრიად ძველი, ძველებურ წესზე აგებული, კოშკებით შემკული სიმაგრე, რომელიც მდ. თერგის სათავის მიდამოებში, მთებში მდებარეობდა". ამ ციხეს "ფრიად მაგარი მდებარეობა ჰქონდა (Бурнашевъ. Картина Грузіи или описаніе полит. состоянія царствъ Карталинскаго и Кахетинскаго. Тифлисъ изд. Бегичева 1896 წ. გვ. 9). ეხლანდელ რუკებზე ამგვარი საგეოგრაფიო სახელი არ არის აღნიშნული, ამის გამო ამ ციხის მდებარეობაც გამოურკვეველი რჩება.
მაგრამ უფრო დაწვრილებითი და მკაფიო ცნობები საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვრის შესახებ ბატონიშვილს ვახუშტსა აქვს. მისი სიტყვით თერგს "გველეთს ქვეით ერთვის... ხევი", რომელიც "სამხრეთ-აღმოსავლეთიდამ გამოსდის გუდამაყრისა და ძურძუკის კავკასსა... ამ ხევს ქვეით დავიწროვდების ხევი ესე კლდითა და აქა არს ციხე დავითისა... აღმაშენებელის აღშენებული. ამას ქვეით არს დარიელა.., თერგის "აღმოსავლით კიდესა ზედა მეფის მირვანის მიერ" აგებული. მან "შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოსვთათვის, რათა უმისოთ ვერაღარა ვიდოდნენ... ხოლო "ამას ქვეით ნასასახლევი მეფეთა. ოდეს გაილაშქრიან თვსეთად მუნ დადგიან"-ო (გეოგრაფია 228).
სახელოვან ქართველ გეოგრაფის აღდწერილობა იმდენად ნიშანდობლივია, რომ თვითეული მის მიერ დასახელებული ადგილის პოვნა ეხლანდელს 5-ვერსიან რუკაზე ძნელი არ არის. ამაში მისივე შედგენილი რუკაც დიდად გვშველის. გველეთის ჩრდილოეთით თერგს მართლაც სამხრეთ-აღმოსავლეთითგან ერთი პატარა წყალი ერთვის, რომელსაც ქისტურა (Кистинка) ეწოდება. აქ ვიწრო ხეობაში ყოფილა მეფე დავით აღმაშენებელის მიერ აგებული ციხე. ეს ის ადგილი უნდა იყოს, რომელსაც საქართველოს-სამხედრო გზაზე რუსებმა სად. დარიალისა "Даріальское " უწოდეს. აქ მართლაც რუკაზე ნათქვამია ("Бывшее укрепление") "ციხის ნანგრევიო". ამის ჩრდილოეთით მირვან მეფის მიერ აგებული ყოფილა დარიალის კარი, რომელიც ოს-ხაზართათვის გზის შესაკრავად იყო განკუთვნილი. ეს ის ადგილი უნდა იყოს, სადაც ეხლა სად. ლარსია. ამაზე უფრო ჩრდილოეთით კი ყოფილა საქართველოს სამფლობელოს უკანასკნელი ფეხმოსაკიდებელი ადგილი "ნასასახლევი მეფეთა", რთმელიც დაახლოებით ეხლანდელს "ჯერახოვსკოე"-ს მიდამოებში უნდა ყოფილიყო. აქაც, 5-ვერსიან რუკაზეც ნათქვამია ციხის ნანგრევიო (Бывшее укрепленіе) თვით ბატონიშვილ ვახუშტის დაწვრილებითს რუკაზე (იხ. ბროსსეს გამოც. N 3, Karthli au N. du Kour) "ნასასახლევი მეფეთა (Résidence royale) მართლაც "ჯარიეხის" (=ეხლანდელს "ჯერახოვსკოე"-ს) მახლობლად, ცოტა სამხრეთით არის აღნიშნული და სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ჩრდილოეთის სამზღვარი ამ ადგილის წინ, დაახლოვებით ჯარიეხითგან ერთი ვერსით, სამხრეთით მიდიოდა (იხ. იგივე რუკა).
ზემოაღნიშნულ მოსამზღვრე ადგილითგან მოყოლებული სამზღვარი მდ. ქისტურის ხეობის გაყოლებით სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იხევდა და კვლავ კავკასიონის უღელტეხილის მთავარს ქედს აღწევდა, ხოლო შემდეგ საქართველოს სამზღვარი მუდამ სწორედ ამ მთავარ უღელტეხილს ქედ-ქედ მიდიოდა იმგვარადვე როგორც მე-XIX-ე საუკუნეშიაც რუსთა მფლობელობის დროს აღმოსავლეთ საქართველოს, ტფილისის გუბერნიის სამზღვარი იყო მოხაზული.
§ 4. აღმოსავლეთის ხაზი. ჰერეთი.
საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთს კუთხეს მტკვრამდის ძველ დროს ჰერეთი ეწოდებოდა. ჯერ ამ კუთხის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის სამზღვრად ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტანის მთები იყო, სახელდობრ კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ალაზნის შემდინარეების გამყოფელი ქედი. ჩრდილოეთით მას არიშის წყალი, სამხრეთით-კი ჯერ ალაზნისა და იორის შესართავი ჰსაზღვრავდა, ხოლო შემდეგ საზღვარი ალაზნის პირას ჩრდილოეთისაკენ მიდიოდა იმ ადგილამდის, საცა გიშის წყალი ალაზანს ერთვის. მერმე მოსამზღვრე ხაზი ამ გიშის წყალს სამხრეთით მდინარის გასწვრივ მისდევდა მის სათავემდე, რომელიც კავკასიონის უღელტეხილში იყო (ქართველი ერის ისტ. II, 309 და ვახუშტი. გეოგრაფია 304). რომ სამზღვარი გიშის წყლის სამხრეთით იყო, ეს ბურნაშევის 1784 წ. რუკითაც მტკიცდება (იხ. რუკა).
მაგრამ სამხრეთის ამ ხაზის მდებარეობა ჩვენთვის მხოლოდ მაშინ გახდება ცხადი, თუ-კი გიშის წყლის მდებარეობა გამორკვეული გვექმნება. თანამედროვე რუსულ რუკებზე ამგვარი მდინარე და ციხე არსად არის აღნიშნული, მაგრამ ძველ ქართულს გიშს 5-ვერსიან რუკის მდ. კიში (р. Кишъ) უდრის, ხოლო გიშის ციხე დაახლოვებით იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ეხლა კიშ-კიშლაღი (Кишъ-кишлахъ) არის აღნიშნული (ჟ 9,64ø 30-4.1). ამ ჟამად რუკებზე სახელები ისე სწერია, რომ გიშის წყალი არსად ერთვის ალაზანს, არამედ იგი ე. წ. აგრი-ჩაის შემდინარეა. ცხადია, რომ ძველ დროს თვით ეხლანდელს აკრი-ჩაისაც იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც ეხლანდელი გიში (Кишъ) ერთვის, გიშის წყალი რქმევია. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, მაშინ გიშის წყალი მართლაც ალაზნის შემდინარედ გამოვა და ამ ადგილას საქართველოს განმსაზღვრელი ხაზის მდებარეობა სრულებით ნათლად წარმოგვიდგება.
საქართველოს ამ ნაწილს დიდი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. აქეთგან ავრცელებდა ქართველობა თავის გონებრივსა და სარწმუნოებრივს გავლენას დაღესტანზე და შაქზე. მაშინაც-კი, როდესაც საქართველო მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით პოლიტიკურად დასუსტებული იყო, ქართველ ერს იმოდენი კულტურული ძალა შესწევდა, რომ თავისი განმანათლებელი მოღვაწეობა არ შეუწყვეტია და დადესტანში ქრისტიანობა გაუვრცელებია. ის ტორიას შენახული აქვს ცნობა, რომ მე-XIII-ე ს-ის დასასრულს გამოჩენილმა ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ პიმენ სალოსმა ბელაქნითგან თავისი ქადაგება ლეკეთშიც-კი გადაიტანა, "ნათესავი ლეკთა წარმათობისაგან მოაქცივნა" და გააქრისტიანა (ჟამთააღ. 89, გვ. 731). წერილობითი მოწმობის გარდა ქართველთა დაღესტანში განმანათლებელ მოღვაწეობის ძეგლებიც, ეკლესიის ნანგრევების სახით არის შენახული და თვით ხუნზახშიაც-კი იყო შერჩენილი იქაურ ეკლესიის ნანგრევის ქვა, ქართული ასომთავრული წარწერით შემკული (იხ. ე. თაყაიშვილი Арх. экскурсія II, 63).
ვითარცა მოსამზღვრე კუთხეს საქართველოს ამ ნაწილსაც ბედმა მრავალჯერ მიაყენა ზიანი და არა ერთხელ გაანადგურა. პირველად ჯერ კიდევ მე- X111-ე ს.-ში მონღოლთა ბატონობის წყალობით სხვათა შორის ჰრეთიც ძალზე დაზიანდა (ჟამთააღ. * 875, გვ. 719).
მაგრამ ამ ქვეყანას განსაკუთრებით შაჰაბაზმა მიაქცია თავისი მსახვრელი ყურადღება და ჯერ ისე ააოხრა და გააუკაცრიელა, რომ მცხოვრებნი აჰყარა და სპარსეთში გადაასახლა, ხოლო შემდეგ მათ მაგიერ თავის ერთგულ მაჰმადიან ტომს მისცა. მეტადრე მე-XVI1-ე ს-ითგან მოყოლებული სპარსეთის შაჰების წყალობით და დაღესტანელთა შემოსევის და დაშენების გამო, მაჰმადიანობამ ჰერეთში ქრისტიანობას დაძლევა დაუწყო და ქართველი მოსახლეობაც შემცირდა. ძველი საგეოგრაფო სახელების მაგიერ ახალი გაჩნდა. გარეშე ძალის გავლენით ეს კუთხე სამ ერთეულად გაიყო. ერთს დაერქვა "ალის-სასულთნო", მეორეს "ელისენი", მესამეს "ჭარი".
უკანასკნელი სახელი ფიფინეთის ხეობას დაერქვა. ვახუშტის ცნობით ეს ხეობა არჩილ მეფის "შემდგომად იწოდა ჭარი". (გეოგრაფია 306).
რუსულ 5-ვერსიან რუკაზე ფიფინეთის მაგიერ მთა ფიფანი (დიდი და პატარა — Пипанъ, Б- Пипанъ) არის აღნიშნული, ჭარის მაგიერ-კი "ჯარი"-ა (Джары) დაბეჭდილი. მეფე ლევანმა ვახუშტის სიტყვით აქ თურმე ლეკები დაასახლა და ყოველწლიურად გადასახადად მხოლოდ ის მოვალეობა დააკისრა, "რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიდამ ყინული" (იქვე 306). მაშასადამე ფიფინეთის ხეობა ანუ ჭარი დაღესტნის მოსამზღვრე ნაწილია ელისენად იწოდებოდა ქვეყანა ბელაქნის "წყალსა და გიშის წყალს შორისი ალაზნამდე და კავკასამდე. (ვახუშტი. გეოგრაფია 306) მაგრამ ნამდვილად-კი ელისენსა და კავკასიონის ქედსშუა, შუაგულში მაინც, ჭარი იდვა. ამიტომ ცხადია, რომ ამ ადგილას ელისენი აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით კავკასიონის ქედს ვერ აღწევდა.
ალისულთნის სამფლობელოს სამზხღვრები ვახუშტს გარკვევით არა აქვს აღნიშნული (გეოგრაფია გვ. 304, შეად. 306). ანტონ კათალიკოზს თავის 1757 წ, დაწერილს თხზულებაში ნათქვამი აქვს ალისულტანი თაედაპირველად "კახის სულტნად სახელდებული" ყოფილა (იხ. მ. ჯანაშვილის საინგილო. ძველი საქართველო. II, 14). მაგრამ სამზღვრები არც მას, აქვს დასახელებული.
ე. წ. თათრებისა და დაღესტნითგან ლეკების ჩამოსახლებამ საქართველოს მტრებს ჩვენს ქვეყანაში ამ მხრითგან შემოსევა გაუადვილა, რათგან სარწმუნოებრივი ერთობის წყალობით სპარსეთის შაჰის ჯარს ადვილად ემხრობოდენ ხოლმე. საქართველოს მეფეებსა და იმ დროინდელს მოღვაწეებს კარგად ესმოდათ ამ კუთხის უაღრესი მნიშვნელობა, რომ რაკი "არს ქვეყანა ეს. ძნელად შესასვლელი, ტყიანი, მრავალ-წყლიანი და მაგარი" (კათალიკოხ ანტონი, იხ. მ. ჯანაშვილის საინგილოში, გვ. 15), ამიტომ საქართველოსთვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საუცხოვო საფარს წარმოადგენდა. თუმცა ლეკები, რომელნიც ჭარში იყვნენ ჩასახლებულნი დრო-გამოშვებით არამც თუ ურჩობდნენ. არამედ ცარცვაგლეჯასაც-კი მისდევდნენ კახეთში, მაგრამ მაინც ერეკლე მეფის დროს, რუსეთთან 1783 წ. ხელშეკრულობის დადების დროსაც ეს კუთხე, როგორც საქართველოში მყოფ რუსეთის იმდროინდელ ელჩის ბურნაშევის რუკაზეც აღნიშნულია, საქართველოს სამზღვრებში შედიოდა და კახეთის ნაწილად ითვლებოდა.
როდესაც რუსეთის მთავრობამ აღმ. საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო და შეიერთა, ჭარი და ბელაქნის ოლქი, როგორც მას რუსები უწოდებდენ, ანუ საინგილო, როგორც ქართველები ეძახიან, ამ დროს არ დაუპყრიათ, არამედ მხოლოდ 1803 წ. დაიდო საინგილომ ხარკი და მორჩილება განაცხადა, საბოლოვოდ-კი 1830 წ. იყო შემოერთებული.
1886 წელს ზაქათალის ოლქში სულ 74449 მცხოვრები ითვლებოდა, აქეთგან 40225 ლეკი იყო, 21090 მუდანლო და 12430 ქართველი, 521 სომეხი (მ. ჯანაშვილი საინგილო 6).
1916 წელს ზაქათალის ოლქში მცხოვრებთა საერთო რიცხვი 76000 იყო. აქეთგან 19000 ქართველი და 45000 ლეკი, ხოლო თურქები, სპარსელები და ქურთები 12000 ითვლებოდა.
§ 5. ჰერეთი: ქიზიყი, ყარაია.
ზაქათალის ოლქის შემდგომ საქართველოს უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვარი ეწყობა. ძველ დროს მთელი ეს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიც მტკვრამდე და დებედას წყალთ-გამყოფელ მთებამდე ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი კუთხე, რომელიც ზაქათალის ოლქს ზედ ეკერის კამბეჩოანის ანუ ქიზიყის სახელით არის ცნობილი. ძველი ქიზიყის, რომელიც ეხლა სიღნაღის მაზრად იწოდება, სამზღვრად იყო "სამხრით უფადარი და წინამინდორ ხორანთამდე... (ვახუშტი. გეოგრაფია 310). წინამინდორად იწოდებოდა ის ველი, რომელიც სამხრეთით იორისა და ალაზნის შესართავთან თავდებოდა (იხ. ვახუშტის რუკა . - 4).
იგი დაახლოვებით ეხლანდელს ელდარის მინდორს უდრის, უფადარად-კი, დაახლოვებით ის სამხრეთით მდებარე ადგილი იყო, რომელსაც ეხლა ჯეირან-ჩელი ეწოდება. მაშასადამე სამზღვარი იწყობა ჯერ იქ, სადაც გიში ალაზანს ერთვის, შემდეგ სამხეთისაკენ მიდის ალაზნის გასწვრივ მისი და იორის შესართავამდე. აქეთგან დაწყობილი სამზღვარი პირდაპირ მტკვარზე გადადიოდა (ვახუშტი გეოგრ. 310-312 და ბურნაშევის 1784 წ. რუკა) და მერმე საქართველოს სამხრეთის სამზღვარი ამ მდინარის პირს დასავლეთ-ჩრდილოეთით მიმართულებით მისდევდა დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც მდ. აღსტაფურა მტკვარს ერთვის. ძველად საქართველოს ეს სამხრეთის კუთხე, როგორც აღნიშნული იყო, ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა.
საქართველოს სამხრეთის მოსამზღვრე ქვეყნის აღმოსავლეთს კიდეს იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც სამზხღვრის ხაზი იორ-ალაზნის შესართავითგან მტკვარზე გადმოდიოდა ყარაიამდე ჯეირან-უდურეთის ველის სახელი ერქვა. შედეგ-კი ყარაია იწყობოდა. ამ ყარაიას ველის მდებარეობის შესახებ ვახუშტს ნათქვამი აქვს, რომ მთა "იალღუჯის აღმოსავლით და მტკვრის გაღმართ არს ბოსტან-ქალაქი, რომელი არს რუსთავი, ხოლო აწ ნაგები"-ო. ამ ნაგებისა და მაშასადამე იალღუჯის "აღმოსავლით და სამხრით არის ველი დიდი ყარაიისა. (ვახუშტი. გეოგრ. 180). აი სწორედ ეს ველიც ძველად ჰერეთს ეკუთვნოდა, და შემდეგში-კი, და უკვე ვახუშტის დროს, მას თურმე "ყარაიას" უწოდებდენ (იქვე 182). ეს სახელი მას ეხლაც შერჩენილი აქვს.
ჰერეთის ამ ნაწილს სამზღვრად ჰქონდა ჩრდილო-დასავლეთით მთა გარეჯისა მწარე-წყლამდე, ხოლო სამხრეთით მწარე წყალი (იქვე 180), ე. ი. დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც აღსტაფურას წყლის შესართავია.
ეს კუთხე ოდესღაც ქართული კულტურის დიდებული კერა იყო (იქვე 182). საკმარისია ადამიანმა დაათვალიეროს ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი შესანიშნავი ძეგლი და ქართული მხატვრობის მრავალი განმაცვიფრებელი ნაწარმოები, რომელნიც დავით გარეჯის უდაბნოში შენახული არიან და რვა საუკუნის განმავლობაში ყოველგვარ მტრის გამანადგურებელ შემოსევას გადურჩენ. რომ ნათლად წარმოიდგინოს ადამიანმა რამდენად დაწინაურებული ქართული კულტურული ცხოვრების ასპარეზი იყო ეს კუთხე.
სამხედრო ბედის ულმობელმა ტრიალმა მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით ეს ქვეყანაც გააუკაცრიელა და უდაბნოდ აქცია. შემდეგში სპარსთა შაჰების გეგმისაებრ აქ უბინადრო ელი დემურჩიასანლუ შემოვიდა, რომელიც თარაქამათა ტომს ეკუთვნოდა და მესაქონლეობას მისდევდა (ვახუშტი. გეოგრ. 182).
ჰერეთის იმ ნაწილს, რომელი ბოლოს დროს ყარაიად იწოდა, დასავლეთ-სამხრეთით უკვე ქვემო-ქართლი ეკვროდა და ამ ადგილითგან მოყოლებული სწორედ ეს ქვეყანა იყო იმავე დროს საქართველოს აღმოსავლეთ-სამხრეთის სამზღვარი და მონაპირე კუთხე.
§ 6. საქართველოს სახელმწიფოებრივ სამზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთის ხაზი
ქვემო ქართლის აღმოსავლეთი ნაწილი და სამზღვარი იმავე დროს გარდაბანის საერისთავოს ნაწილი და სამზღვარი იყო და მას ჰსაზღვრავდა "აღმოსავლეთით მტკვარი და ხუნანის გამართებით ბერდუჯის აღმოსავლეთის მცირე მთა." (ვახუშტი. გეოგრ. 178). მაშასადამე ქვემო ქართლის ანუ ეხლანდელი ბორჩალოს მაზრის აღმოსავლეთის სამზღვრად ჯერ მდ. მტკვარია დაახლოვებით ყიზყალას ციხის ნანგრევების ცოტა აღმოსავლეთ-სამხრეთით, ხოლო შემდეგ ქურდ-ვაჭრის ხეობის ქედი, რომელიც დებედას აღმოსავლეთით მდებარეობს და დებედას შემდინარეების გამყოფელი მთა არის.
მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრივი სამზღვარი სამხრეთ-აღმოსავლეთით საქართველოს პოლიტიკურ სისუსტის დროსაც. თუნდა მე-XVIII-ეშიც. იქ-კი არ თავდებოდა, სადაც ქვემოქართლის სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვარი იყო, არამედ გაცილებით უფრო შორს მიდიოდა. თუნდაც, რომ განჯისა და ერევნის სახანოებს თავი დავანებოთ, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მეფე ერეკლეს ყმად ნაფიცნი იყვნენ და ყოველწლიურად ნებაყოფლობით ხარკს იხდიდნენ და რომელთა მმართველები ხანებად მეფის მიერ იყვნენ ხოლმე დამტკიცებულნი (Бурнашевъ, Картина е1с. 12, 13—14 და Инструкія изъ Госуд. Коллегіи, Коваленскому 1799 წ. А. К. А. Г. К- წ 1,94, § 7), ყაზახი, შამშადილი და შამქორი ხომ საქართველოსთან უმჭიდროესად იყვნენ დაკავშირებულნი და ქართველთა ერთგულობას იჩენდენ. ამ ორთავე ქვეყნითგან ომიანობის დროს საქართველოს საუკეთესო, 6000 კაცისაგან შემდგარი, ცხენოსანი ჯარი მოსდიოდა ხოლმე (იქვე, 6, 16). განსაკუთრებით საყურადდებოა ის დიდმნიშვნელოვანი გარემოება, რომ ეს მაჰმადიანი ხანები საქართველოსთან უფრო მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი და ქართველობის უფრო ერთგულნი ყოფილან, ვიდრე თვით ერთმორწმუნე და თანამონათესავე სპარსეთის შაჰებისა. ამ მხრივ მეტად საგულისხმიეროა, რომ ერევნისა და ყარაბაღის ხანები სპარსეთის შაჰს აღამამედხანს-კი არ მიემხრენ, არამედ ერეკლე მეფესთან შაჰის საწინაადმდეგოდ საგანგებოდ ხელშეკრულება დასდეს და ფულიც მიაშველეს ამ საქმის განსახორციელებლად (Записка Коваленскаго о Грузии А. К. А. Г. К. წ. 1. გვ. 118). ამიტომაც არის, რომ ბურნაშევის მიერ 1784 წ-ს შედგენილს საქართველოს რუკაზე ყაზახი, შამშადილი, შამქორი განჯითურთ ქართლის სამზღვრებივი წითელი ფერით არის შემოხაზული.
