პოეზია · ლირიკა
ევროპის პირმშო (თარგმანი ზვიად რატიანის)
1ჩვენ, ვისი ფილტვებიც ისრუტავენ დილის სინედლეს,ვისი თვალებიც მოხიბლულან გაფოთლილი ტოტით მაისში,ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც უკვე მოკლეს.
ჩვენ, ვინც პირველნი ვაგემოვნებთ აღმოსავლური სამზარეულოს ახალ მიღწევებს,ვინც ალერსის წვრილმანებში ზედმიწევნით კარგად ვერკვევით,ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც წევს მიწაში.
ხანძარში ხოხვისგან, მავთულხლართებისგან,რომელთა მიღმა ზუზუნებდნენ მარადიული შემოდგომის ცივი ტყვიები,ჩვენ გვიხსნა მოხერხებულობამ და ცხოვრების სწორად გაგებამ.
სხვებს წილად ერგო დაცხრილული სამალავებიდა ჩვენი მკაცრი მოწოდებები – არ დაეთმოთ არცერთი გოჯი,ჩვენ გვერგო ფიქრი, რომ არაფერს არა აქვს აზრი.
თუ არჩევანი მერყეობდა ორ სიკვდილს შორისდა მათგან ერთი – ჩვენი იყო, მეორე კი – ჩვენი მეგობრის,ჩვენ ვირჩევდით უკანასკნელს, და ვფიქრობდით: ოღონდაც სწრაფად.
ეს ჩვენ ვიყავით, ვინც ვრაზავდით გაზის კამერებს,პურს ვიპარავდით და ძალიან კარგად გვესმოდა,რომ ხვალ იქნება კიდევ უფრო საშინელი, ვიდრე დღეს არის.
და როგორც მუდამ უხდებოდათ ადამიანებს,ჩვენ შევიცანით სიკეთეც და ბოროტებაც; არაფერიაქვეყნად ბადალი ჩვენი ბილწი გამჭრიახობის.
და ვცნობთ დადასტურებულად, რომ მართლაც ვჯობდითაღტკინებულებს, უსუსურებს, გულუბრყვილოებს,რადგან, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს სიცოცხლის ფასი.
2ევროპის პირმშოვ, დააფასე ეს მწარე ცოდნა,მემკვიდრეობით მიღებული გოთიკური ნაგებობები,ეკლესიები ბაროკოს სტილში, ენისჩლექით მოლუღლუღე მწუხარებასინაგოგების, დეკარტის შრომები,სპინოზა და ხმამაღალი სიტყვა ღირსება.გამოცდილება დააფასე, შეძენილი შიშის ხანაში.სხარტად იჭერდეს პრაქტიკული გონება შენიწუნს და სარგებელს ყოველი საგნის.დახვეწილობა და სკეპსისი, აი, რაა გარანტია სიამოვნების,რაც პრიმიტიულ სულებს არ ესმით.
შენ, აღწერილი გონებრივი წყობის პატრონი,მთელი სიღრმით შეაფასებ ქვემოთქმული რჩევის სიზუსტეს:დილის სინედლით ამოივსე ორივე ფილტვი.
ზოგ მკაცრ, მაგრამ ბრძნულ პირობას აქვე დავურთავთ:
3არავითარი საუბრები ძალის ტრიუმფზე.დღეს ზეიმობს, ეს შეიგნე, სამართლიანობა.
ძალა საერთოდ არ ახსენო, რომ არ დაგბრალდესსაიდუმლო მომხრეობა მცდარი მოძღვრების.
ძალაუფლებას ვინც ფლობს ახლა, ფლობს მას მხოლოდ ისტორიულილოგიკის ძალით. სხვას არაფერს არ სცე პატივი.
ხელმა აყალბოს შედეგები, იქადაგოს მოძღვრება ბაგემ,მთავარია, ერთმანეთის არა ესმოდეთ.
ისწავლე ხანძრის წინათგრძნობა წამის სიზუსტით,მერე კი დაწვი შენი სახლი, რომ გამართლდეს, რასაც ამბობდი.
4გამოზარდე სიცრუის ხე, ოღონდ მხოლოდ სიმართლის თესლით.პატივი არ სცე მატყუარას, სინამდვილე თუ ეზიზღება.
სიცრუე უფრო ლოგიკური უნდა იყოს, ვიდრე არის სინამდვილე. გადაქანცულიმგზავრი ჩამოჯდეს, დაე, მის ჩრდილში.
დღე სიცრუეს მიუძღვენი, საღამოს კი ვიწრო წრეში იმხიარულე,გაიხსენე, როგორ იყო სინამდვილეში.
ჩვენ ვართ უკანასკნელები, ვის სიცრუესაც ჯერაც შერჩა ნიშანწყალისასოწარკვეთის, და ვისი ცინიზმიც სიცილის წყაროა.
არადა უკვე წამოზრდილა სხვა თაობა, გაცილებით სერიოზულიდა ჩვენი სიტყვების პირდაპირ გამგები.
5სიტყვა ნიშნავდეს არა იმას, რასაც ნიშნავს, არამედ საზომს –რამდენად არის შენი სისხლი გაფუჭებული.
ორაზროვნება იყოს შენი იარაღი. ყოველი სიტყვაენციკლოპედიის წიაღში ჩაუშვი.
არ ენდო სიტყვას, ვიდრე ცნობა არ მოგივა კართოტეკიდანმისი წარსულის დეტალური აღწერილობით.
მსხვერპლად გაიღე გონების ხმა ველური ჟინის სასარგებლოდ,რადგან პირველი ისტორიის მსვლელობაზე ვერ ზემოქმედებს.
6ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს.მითუფრო ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ.
ნუ დაიჭერ საქმეს ხალხთან: ადვილად კვდებიან.ან უარესი: განსაცდელში ჩავარდნილნი, შველას ითხოვენ.
არ შეინახო სუვენირები. შეიძლება შენი უჯრიდანისეთი კვამლი ამოიჭრას, კიდეც დაგახრჩოს.
არანაკლებ მავნებელია ბავშვობის ტბაში დიდხანს ყურება:ლემნების აპკი შენს ანარეკლს დაამახინჯებს.
7ვინც ისტორიულ მაგალითებს იშველიებს, იშვიათად აწყვეტინებენ.მკვდრენი აღარ აღსდგებიან, რათა უარყონ.
შეგიძლია ყველაფერი დააბრალო, რასაც ისურვებ.დუმილი – მხოლოდ ეს იქნება მათი პასუხი.
ღამის წყვდიადში მოცურავენ ცარიელი სახეები გარდაცვლილების.შეგიძლია შეურჩიო ის იერი, რომელიც გაწყობს.
გულმოცემულმა მკვდართა ზედა მოხვეჭილი ძალაუფლებითდახვეწე წარსული – სახედ და ხატად შენად.
8სიცილი, ერთდროს სიმართლის ექო,დღეს ხალხის მტრების იარაღია.
დასრულებულად გამოცხადდეს სატირის ერა.კმარა მოხუცებულ ტირანზე ქირქილი.
როგორც მართალი საქმისათვის მებრძოლები, ჩვენ ვართ პირქუშნი.დღეიდან მხოლოდ საქმიანი იუმორის ნება გვეძლევა.
მიზანსწრაფულნი, მოკუმული ბაგეებით, დიდი სიფრთხილითშევაბიჯებთ მოცეკვავე ცეცხლის ხანაში.