ოლეგ ბასილაშვილი: რუსეთის ქმედება საერთაშორისო ბანდიტიზმია
მეორე: როგორ რეაგირებას მოახდენდა რუსეთის ხელისუფლება, თუ ჩეჩნეთში და გროზნოში “კონსტიტუციური წესრიგის” დამყარების დროს ამერიკელები ან ქართველები ჩეჩნეთის მოქალაქეებს (ანუ, რუსეთის მოქალაქეებს) ამერიკულ ან ქართულ პასპორტებს დაურიგებდნენ და განაცხადებდნენ რომ აღნიშნული ადამიანები უკვე ამერიკის ან საქართველოს მოქალაქეები არიან, ხოლო ამის შემდეგ ამერიკის ან საქართველოს მოქალაქეების დაცვის საბაბით ჩეჩნეთში შეიჭრებოდნენ.
ჩვენ სწორედ ასე მოვიქეცით. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს პასპორტები დავურიგეთ და დე-იურე რუსეთის მოქალაქეებად ვაქციეთ. თანაც, ეს გავაკეთეთ კანონდარღვევით, რადგან საბჭოთ კავშირის დროს სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც აფხაზეთი, საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. და მიუხედავად იმისა, რომ მათ საქართველოდან გამოყოფა გადაწყვიტეს და თვითგამორკვევის შესახებ განაცხადეს, მსოფლიო თანამეგობრობას ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჯერ არ უცვნია.
შესაბამისად, ისინი ჯერ კიდევ საქართველოს შემადგენლობაში შედიან. რის საფუძველზე შეგვყავს იქ ჩვენი ჯარები? რის საფუძველზე ვბომბავთ გორს? ეს ხომ უკვე ოსეთი არ არის? რის საფუძველზე ვბომბავთ და ვაწიოკებთ ქართულ სოფლებს?
ახლახანს ვიმყოფებოდი სოფელ კარბში, რომელიც თითქმის სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მდებარეობს. აქ ქართველები ცხოვრობენ. აქ ცხოვრობდნენ ჩემი ნათესავები და აქ დაიბადა მამაჩემი. ჩემი ახლო ნათესავებიდან უკვე აღარავინ ცხოვრობს. როგორც მოვისმინე, იყო მცდელობა გაეუვნებელყოთ რომელიღაც საარტილერიო ბატარეა, რომელიც თითქოსდა, კარბიდან ისროდა და ეს მცდელობა რუსეთის არმიის მიერ იყო განხორციელებული. სოფელს ესროდნენ. უდანაშაულო ადამიანები, როგორც მინიმუმ, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. არ ვიცი, იყო თუ არა მსხვერპლი. ღმერთმა ქნას, რომ არა. არავის ვიცნობ, მაგრამ ყველა მეცოდება. თუნდაც იმიტომ, რომ ახლახანს ყველანი ვნახე.
როდესაც იქ ჩავედი, მკითხეს: “ვინ ხარ?” ვუთხარი: მე იმ ადამიანის შვილი ვარ, რომელიც ოდესღაც აქ ცხოვრობდა. დიდებული სუფრა გამიშალეს. რას ნიშნავს დიდებული: ვისაც რა ებადა. ვიღაცას – მჭადი, ვიღაცას – ღვინო, ვიღაცას – ატამი. ასეთი სტუმართმოყვარეობით გაოგნებულმა ვკითხე: ასეთი დახვედრა ალბათ იმიტომ მომიწყეთ, რომ ტელევიზორში მხედავთ. რაზეც მათ მიპასუხეს: “ძვირფასო, შეხედე ჩვენს ხელებს. რომელ ტელევიზორზე ლაპარაკობ? დილის ხუთ საათზე ვდგებით და დღის ოთხ საათზე ვიძინებთ. ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. ტელევიზორები კი გვაქვს, მაგრამ არ ვუყურებთ. ჩვენ ვშრომობთ”.
