მ. ტაბატაძე - "გვაპატიეთ, ბატონო ზვიად!"
დესპანის წევრის თხოვნით ვაქვეყნებთ სტატის გამოვეყნებულს გაზეთ “კვირის ქრონიკა”-ში
პროფესორი – მ. ტაბატაძე
გაზეთი “კვირის ქრონიკა”, 21-27 დეკემბერი
გვაპატიეთ, ბატონო ზვიად!
იქნებ, არ ღირდა სამსხვერპლოზე საკუთარი ოჯახის შეწირვა, მაინც ვერ დავინახეთ, მაინც ვერ დავაფასეთ. შემაძრწუნებლად უზნეოა ცოტნეს მიმართ ჩვენი დუმილი. სამშობლოს სიყვარულში გამორჩეულობას ვერ პატიობენ თქვენს ოჯახს, ბატონო ზვიად! საქართველომ პირველ რიგში, ქალბატონ მანანას უნდა სთხოვოს პატიება, - მეუღლე მოვუკალით, დევნილობაში ვაცხოვრეთ, სახლ-კარი გადავუწვით, შვილი დავუჭირეთ – ცოტნე, რომელმაც პრეზიდენტის გადმოსვენება მორიგ შოუდ არ აქცევინა ხელისუფლებას, მისი დაკრძალვა კი სრულიად საქართველოს ერთიანობის, ბატონ ზვიადისადმი ერის უსაზღვრო პატივისცემის და მადლიერების ზეობად აქცია, სწორედ ამის გამოა ცოტნე პატიმარი.
ბატონო ზვიად, ვერ დაგიფარეთ, ვერ გადაგარჩინეთ, ჩვენი წილი ტვირთი თქვენ გაზიდვინეთ, მძიმე ჯვარი გარგუნეთ! ახლა თქვენს შვილს მისწვდნენ, ხელმეორედ გკლავენ, ჩვენ ისევ ვდუმვართ. ცოტნეს სახელოვანი მამის კარგი შვილობისთვის სჯიან. ბატონმა ზვიადმა სამშობლო გვარგუნა, მისი სიყვარული გვასწავლა, რისთვისაც მთელი საქართველო მისი მოვალეა. საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს პრეზიდენტის ოჯახის დასაცავად, მან თავისი მოწამეობრივი ცხოვრებით დაიმსახურა ეს! ქართველობის დაცინვა იყო სულისშემძვრელი სურათი, - გადამწვარი “კოლხური კოშკის” ნანგრევებში დაბრძანებული ერის ღირსების და სიწმინდის – ბატონ ზვიადის ცხედარი. ესეც ენანებოდა ხელისუფლებას, ბატონ ზვიადისადმი ხალხის უზომო სიყვარულის დემონსტრირების ეშინოდა. პრეზიდენტის ნეშტთან მუხლმოყრის საშუალება ცოტნემ მოგვანიჭა, ამიტომაც ისჯება იგი დღეს. ხელისუფლებას ჰყოფნის თავხედობა, პატივმიუგებელი ჰყავდეს პრეზიდენტის ოჯახი და პირიქით, მიზანმიმართულად ავიწროებდეს მას. მოვუწოდებ სრულიად საქართველოს შეგნებულ ნაწილს – დავიცვათ ცოტნე და ამით დავიცვათ ბატონ ზვიადის ღირსება, ცა და დედამიწა შევძრათ ჩვენი პროტესტით, აღარ დავუშვათ ძალადობა პრეზიდენტის ოჯახზე, ჩვენ მისი მოვალენი ვართ!
ბატონი ზვიადი სამშობლოსადმი თავდადების, თავისი ერის უსაზღვრო სიყვარულის და მისთვის თავგანწირვის სიმბოლოა, ამიტომ აღესრულა იგი ასეთი ახალგაზრდა ძალადობრივი სიკვდილით, მას სიცოცხლეშივე ეკუთვნოდა ხელთუქმნელი ძეგლი ქართველებისგან, ძეგლი დიდების, ძეგლი საყოველთაო სიყვარულის. ხელისუფლების უზნეობაზე და ერის მონურ მორჩილებაზე მიუთითებს ის, რომ კვლავ ნანგრებებად აღმართულა მისი სახლ-კარი შუაგულ თბილისში – ბოროტების უძლეველობის სიმბოლოდ. ვთხოვ ოჯახს, გამოცხადდეს საბანკო ანგარიში, სადაც ჯერ კიდევ გადაუგვარებელი ქართველები შევაგროვებთ სახსრებს და დავუბრუნებთ “კოლხურ კოშკს” ძველებურ სიდიადეს. ეს იქნება მოკრძალებული პატივგება ყოველივე იმისა, რაც თავისი ცხოვრებით დაიმსახურა ბატონმა პრეზიდენტმა. ყველა ჩვენგანისთვის ეს იქნება დიდი კონსტანტინეს და მისი შთამომავლობის მიმართ მადლიერების და ერთგულების გამოხატვის საუკეთესო საშუალება.
ქალბატონო მანანა! დიდი მადლობა თქვენ ქვეყნისადმი თავდადებისთვის, მეუღლის საქმისადმი ერთგულებისთვის. თქვენ ძალიან მძიმე ცხოვრებით იცხოვრეთ, ვერავინ შეძლებდა ამ პირობებში სულის სიმტკიცის და გარეგნული მშვენიერების შენარჩუნებას, მაგრამ თქვენ ხომ ბატონ ზვიადის მეუღლე ბრძანდებით და ღირსეულად ატარებთ ამ სახელს. ძალიან რთულ გზაზე სიარული ყოფილა თქვენი ხვედრი, ბედნიერების ნაცვლად, მოუშუშებელი ტკივილი გარგუნათ განგებამ, ეს ტკივილი სრულიად საქართველოს ტკივილიცაა – პირველი პრეზიდენტის მკვლელობა. დღევანდელი “თვითხელისუფლება” ამ იარას მოშუშების ნაცვლად, კიდევ უფრო აღრმავებს და მამის შემდეგ ახლა მის სასახელო შვილს – ცოტნეს დევნის. მჯერა, რომ საქართველოს პირველი ქალბატონი გაუძლებს ამას. მხარი დავუჭიროთ ცოტნეს და ამით ბატონ ზვიადს, ღირსების გადასარჩენად ბრძოლაში.
მივმართავ საპატრიარქოს, მხარი დაუჭიროს სიმართლეს, დაიცვას ცოტნე, განგაშის ზარები დაარისხოს, მთელი მსოფლიოს სამოციქულო ეკლესიებს შეატყობინოს ერის ეს ტრაგედია! ნუ გაიმართლებს თავს იმით, რომ საპატრიარქო პოლიტიკაში არ ერევა, სწორედაც რომ უნდა ჩაერიოს, როცა ქვეყნის ბედი წყდება! როგორც ბატონი ზვიადი მიატოვა შევარდნაძის ხუნტასთან პირისპირ მარტო, ისე ნუ დატოვებს ქალბატონ მანანას ეულად სიმართლისათვის ბრძოლაში.
ცოტნე, გმადლობ მამის ერთგულებისთვის, მისი ცხოვრების გზის განგრძობისთვის, სულიერი სიმტკიცისა და სიძლიერისთვის. არ შედრკე! შენი დიდი მამის სული დაგიფარავს, ძლიერი დედის ბრძოლა გადაგარჩენს. მინდა გწამდეს, რომ საქართველო მარტოს არ დაგტოვებს ამ ბრძოლაში. ეს იქნება ერის ბრძოლა სამართლიანობისთვის, ბატონ ზვიადის ხსოვნისთვის, მისი ზეციური სიმშვიდისთვის. ამას ჩვენ ბატონი ზვიადის წმინდა სული მოგვიწოდებს.
სამარცხვინოა ქვეყნის ისეთი ხელისუფლება, სამშობლოსთვის სიცოცხლეშეწირული პრეზიდენტის ოჯახზე რომ ძალადობს. ხელისუფლების ამ უზნეობას და ბოროტებას საზოგადოებამ ქართული სულიერება და ამაღლებული მორალი უნდა დავუპირისპიროთ, გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენი პრეზიდენტის ოჯახი!
გვაპატიეთ, ბატონო ზვიად!
Pპროფესორი – მ. ტაბატაძე
გაზეთი “კვირის ქრონიკა”, 21-27 დეკემბერი
სტატიაში გამოქვეყნებული ყველა მოსაზრება, მის ავტორს ეკუთვნის.
