ირაკლი ოქრუაშვილს ფრანგული ოჯახი ”იშვილებს”
საფრანგეთის მოქალაქე მზადაა, თავდაცვის ექს-მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს თავშესაფარი მისცეს. ამის შესახებ ”პირველს” მოძრაობის ”ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა თეო ტლაშაძემ განუცხადა.
- ”აღნიშნული ოჯახის შესახებ სრული ინფორმაცია პარიზის სასამართლოში უკვე წარვადგინეთ. ფრანგული ოჯახი მზადაა, ირაკლი ოქრუაშვილს თავშესაფარი მისცეს,” - განაცხადა ტლაშაძემ, რომელმაც ამ ოჯახის წევრთა დასახელებისგან თავი შეიკავა.
- “ამ ოჯახს მხოლოდ იმ მიზეზით არ ვასახელებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მასზე შესაძლოა, ზეწოლა განახორციელოს. ოქრუაშვილის გერმანიიდან საფრანგეთში ექსტრადირების შემდეგ რამდენიმე ოჯახთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, რამდენიმე მათგანი თანახმაც იყო, თუმცა ქართულმა მხარემ მათზე ზეწოლა განახორციელა, რის შემდეგაც ექს-მინისტრისთვის თავშესაფრის მიცემაზე უარი განგვიცხადეს,” - განმარტა ტლაშაძემ და დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ოქრუაშვილის თანაგუნდლები სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ გაახმოვანებენ.
