კახა კალაძეს ახალი ბიზნეს ინიციატივა
ქართულ საბანკო სექტორს კიდევ ერთი ბანკი შეემატება. გაზაფხულზე ფეხბურთელი კახი კალაძე საკუთარი, “პროგრესბანკის” პრეზენტაციას გამართავს. ქართულ საბანკო სექტორს თუ ახალი მოთამაშე შეუერთდება, ამაში უცნაური არაფერია და პირიქით, ეს საქართველოს გაუმჯობესებულ იმიჯზე მეტყველებს, მაგრამ ამ ყველაფერში არის რაღაც არალოგიკური და პოლიტიკურად დაძაბულ სეზონზე საბანკო სექტორის გაფართოება გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
ახალი მთავრობის ახალმა მეთაურმა რამდენჯერმე გაგვიმხილა, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოში შემოსასვლელი ინვესტიციები შეაჩერა. მართალია, საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, მაგრამ პოლიტიკური ბატალიები ჯერაც არ ჩამცხრალა, ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტის ლეგიტიმურობის საკითხს კვლავ ეჭვქვეშ აყენებს და საკმაოდ მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს პერმანენტულად, საპარლამენტო არჩევნებამდე გეგმავს.
რა მოხდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძნელად პროგნოზირებადია. ყოველ შემთხვევაში, უცხოელი ინვესტორებისთვის, მით უმეტეს, საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის ასეთი პოლიტიკური ფონი მთელ მსოფლიოში სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად ითვლება. საქართველოში კი კახი კალაძის ბანკის გარდა კიდევ ორი ახალი ბანკის პრეზენტაციას უნდა ველოდეთ. ესაა ყაზახური სახელმწიფო ბანკი “ჰალიკ ბანკი” და არაბული ბანკი, რომელიც საქართველოში უკვე მოქმედი “დუბი ჯგუფის” მფლობელი “კორბანკის” მიერაა დაფუძნებული. შესაძლოა, ამ სექტორში ინვესტორების გააქტიურება რამდენიმე მიზეზს უკავშირდებოდეს.
ის, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური ყოფილი ბანკირია, ინვესტორებისთვის საქართველოში შემოსვლის გადამწყვეტი მიზეზი ნაკლებად უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ საბანკო სექტორის საჭადრაკო დაფაზე უკვე რამდენიმე საინტერესო გადაადგილება მოხდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი, რომლის სახელსაც “ბაზისბანკი” უკავშირდება, კალაძის “პროგრესბანკის” სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლებს და მთელი სამეთვალყურეო საბჭო მისი ნდობით აღჭურვილი ხალხით დაკომპლექტდება. რა ბედი ეწევა “ბაზისბანკს”, უცნობია, თუმცა ლოგიკურად, ნოღაიდელის მთავრობიდან წასვლის შემდეგ “ბაზისბანკი” უფუნქციოდ დარჩა, რადგან მთელმა სამთავრობო ანგარიშებმა უკვე “საქართველოს ბანკში” გადაინაცვლა.
- "საქართველოს ბანკში" კიდევ ერთი საინტერესო გადაადგილება მოხდა, სამეთვალყურეო საბჭოში გადაიყვანეს უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი, გრიგოლ ქათამაძე, რომლის სახელსაც, როგორც ოპოზიცია აცხადებს და თანასწორობის ინსტიტუტის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კაკაბაძე ამტკიცებს, იარაღის კონტრაბანდის სკანდალური გზები უკავშირდება. ქათამაძე უკრაინიდან ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში, გელა ბეჟუაშვილის მოადგილედ ჩამოიყვანეს, ბეჟუაშვილის მთავრობიდან წასვლის შემდეგ კი “საქართველოს ბანკში” ერთ-ერთ მმართველ თანამდებობაზე აღმოჩნდა.
კიდევ ერთი საინტერესო სვლა მზადდება “სტანდარტბანკთან” მიმართებაშიც, როგორც ამბობენ, იგი არაბულ ბანკს შეუერთდება. როგორც ჩანს, აღმოსავლური კაპიტალი ქართულ საბანკო სექტორში სერიოზული კაპიტალდაბანდებებისთვის ემზადება და ეს გადაჯგუფებები, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში აღმოჩნდეს იმ საპრეზიდენტო პროგრამასთან, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალი პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის დახმარებით წარმოადგინა. საუბარია იაფ კრედიტზე, რომლის დახმარებითაც მთავრობამ საქართველოში სიღარიბე უნდა დაამარცხოს.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, საქართველოში არ არსებობს ისეთი საინვესტიციო და საკანონმდებლო გარემო, რომელიც კრედიტის გაცემისას რისკებს შეამცირებდა. როდესაც ქვეყანაში ევროპის სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად ნულოვანი საბაჟო განაკვეთები მოქმედებს და იმპორტი მაქსიმალურად სტიმულირებულია, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის სასათბურე პირობები ნამდვილად არ არსებობს. მით უმეტეს, რომ ადგილობრივი მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათებზე ლაპარაკი ზედმეტია და წარმოების განვითარება (საუბარი არ არის წარმოების დაწყებაზე) საკმაოდ ძნელია.
ასეთ პირობებში დიდ რისკებთან არის დაკავშირებული კრედიტის გაცემაც. ბუნებრივია, სახელმწიფოს საიმისო რესურსები არ გააჩნია, რომ ამ კრედიტების დარიგება საკუთარ თავზე აიღოს. მეტიც - არც არის ვალდებული, სახელმწიფო სახსრები ამ მიმართულებით დახარჯოს. ბუნებრივია, ამ ვალდებულების შესრულება ბანკებს მოუწევთ. ბანკების ამ მდგომარეობაში ჩაყენება კი სერიოზული მიზეზია იმისათვის, რომ შეზღუდული თავისუფლების დაბრუნება მოითხოვონ. მართალია, საქართველო ფატფის (შავი ფულის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია) მოთხოვნებს უერთდება, მაგრამ, როგორც ცნობილია, ვარდების რევოლუციამდე ბანკებს სრული თავისუფლება ჰქონდათ და ზოგ შემთხვევაში შავი ფულის რეცხვით იყვნენ დაკავებული.
ახლა, როდესაც საუბარია თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზე, აღმოსავლეთიდან დიდი მოცულობის ნარკოტიკისა თუ იარაღის შემოდინებაა მოსალოდნელი, რაც თავისთავად მოითხოვს რამდენიმე სანდო ბანკის არსებობას. ძნელი სათქმელია, რას მიიღებენ ბანკები იაფი კრედიტების სანაცვლოდ, თუმცა არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ მთავრობასთან შეთანხმებით საკმაოდ სარფიან გარიგებას დადებენ.
თუ ეს ეჭვები გამართლდა, შესაძლოა, ქართულ საბანკო სექტორში სერიოზული მაფიოზური დაჯგუფება შეიქმნას, რომელიც კლანურ ინტერესებს მოემსახურება. არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოში უკვე მოქმედებს კლანი, რომელიც იარაღის კონტრაბანდის მსოფლიო მაფიოზურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობს. როგორც ამბობენ, ბადრი პატარკაციშვილის ჩაძირვაც სწორედ ამ დაჯგუფების ინტერესში შედიოდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სულაც არ არის და ერთიანი გარკვეული დაჯგუფების ერთიანი სამოქმედო გეგმის ნაწილია.
