თემურ იაკობაშვილი - რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს
სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა მხოლოდ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ.
როგორც თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის კვლავ გრძელდება და რუსეთის ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი საშუალებას აძლევს საქართველოს, მიიღოს ქმედითი გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებების თაობაზე თემურ იაკობაშვილმა არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მზადდება მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება საპასუხო ნაბიჯი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა.
იაკობაშვილის თქმით, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება და აუცილებლად გაიმართება კონსულტაციები საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებთან. მისივე განცხადებით, რეალურად, შექმნილი სიტუაცია არის ახალი ცივი ომის დასაწყისის პირველი ნიშნები. მან მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესები საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთმა ვერ გათვალა რასთან ან ვისთან ჰქონდა საქმე და ამიტომ დაუფიქრებელ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს.
გრიგოლ ვაშაძემ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტ მედვედევის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი სულელური და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და ამ ნაბიჯით რუსეთს რეალურად ახლა ეწყება პრობლემები.
