ირაკლი მენაღარიშვილი - რუსეთის დაპირისპირება ცივილიზებულ სამყაროსთან გაღრმავდება
რაც შეეხება საქართველოს, ეს მეტად უსიამოვნო ფაქტია საქართველოსათვის. ეს კიდევ უფრო გაართულებს და დამატებით ბარიერებს შეუქმნის კონფლიქტის მოწესრიგების პერსპექტივას, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მოვლენები ობიექტურად ვერ განვითარდება ისე, როგორც ზოგიერთს მოსკოვში ჰგონია.
- შექმნილ ვითარებაში ბრძოლის რა ტაქტიკა უნდა შეარჩიოს საქართველომ და გვაქვს თუ არა იმის შანსი, რომ პროცესი, რომელიც რუსეთმა დაიწყო, შევაჩეროთ და ჩვენთვის სასარგებლო რეალობად ვაქციოთ?
- ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს მომხდარის ჯერ კარგად გააზრება და შემდგომ ნაბიჯების გადადგმა და არა პირიქით, რაც, სამწუხაროდ, გვჩვევია. ამ შემთხვევაში, ჩვენი მოქმედების არეალი საერთაშორისო თანამეგობრობაა, სადაც კარგად ხედავენ ამგვარი ნაბიჯის პერსპექტივას და შედეგებს, რომელიც მას შეიძლება მოჰყვეს.
ახლა საჭიროა ძალიან გააზრებული მოქმედება სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მოქმედებას საფუძვლად უნდა დაედოს საერთაშორისო სამართლის ნორმები და არსებული პრაქტიკა, სწორედ მათზე აპელირებით უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის მობილიზება. ეს არის ის სფერო, სადაც საქართველომ უნდა იმოქმედოს და ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ აქ იქნება შესაძლებელი საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტისათვის საშუალების მოძებნა.
- რას შეიძლება ველოდოთ საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის მიერ 1 სექტემბერს მოწვეული ევროკავშირის საგანგებო სამიტისაგან, რომელზეც საქართველოში რუსეთის მოქმედებებზე იმსჯელებენ? თქვენი აზრით, გამოიყენებს თუ არა დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტებს?
- მეტად სამწუხაროა, რომ ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, მართლაც სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებას ემოციების დონეზე იღებს. სხვას ვერაფერს უწოდებ ამგვარ გაუაზრებელ მოქმედებას.
რაც შეეხება ევროკავშირს, მას არა მარტო ეკონომიკური ბერკეტების, არამედ ზეწოლის პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება შეუძლია და ახლა მან გაბედულად უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, რომ ამ სამიტის წინა დღეებში ამგვარი ნაბიჯის გადადგმა რუსეთის მხრიდან კეთილგონიერების გამოვლინებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
- რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ დასავლეთის პასუხი რუსეთისადმი იქნება მკაფიო და ეფექტური? ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპა რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესებისაგან თავს შეიკავებს.
- ექსპერტთა თანამეგობრობა, რა თქმა უნდა, ყველა ერთგვარად არ ფიქრობს. არიან ისეთები, რომლებიც ევროკავშირს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის მიმართ უფრო მკაფიო და ეფექტური ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებენ, არიან სკეპტიკოსებიც, რომლებსაც დასავლეთის ხელთ არსებული ინსტრუმენტები საკმარისად არ მიაჩნიათ.
ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი თავად დგამს ნაბიჯებს, რომლითაც დასავლეთის რეაქციას იწვევს. ნაბიჯი, რომელიც რუსეთმა გადადგა უბრალოდ შეუძლებელია დარჩეს რეაქციის გარეშე და ღრმადა ვარ დარწმუნებული ეს რეაქცია არ იქნება მხოლოდ რიტორიკა.
- ცნობილი ამერიკელი ექსპერტის ლეონ არონის აზრით, ახლა რუსეთის მიმართ დასავლეთის პასუხისგან ევროპული პროექტის მომავალია დამოკიდებული. იგი იქვე დასძენს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისათვის ღირსეული პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, მსოფლიო სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება; ბევრი ექსპერტი "ცივი ომის" დაწყებაზე" საუბრობს.
- აბსოლუტურად სწორი მოსაზრებაა, იმიტომ რომ უკანასკნელ დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები საქართველოს ფარგლებს სცილდება და მხოლოდ მისით არ შემოიფარგლება. ჩვენ ბევრად უფრო მასშტაბურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. თუ იმ პროცესების ის დინამიკა არ იქნა აღკვეთილი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება დაადგა, რა თქმა უნდა, საფრთხის ქვეშ დადგება მსოფლიოში სტაბილურობის პერსპექტივა.
არ უნა შეგვეშინდეს და მოვერიდოთ იმის თქმას, რომ მსოფლიო ასპარეზზე "ბოროტების იმპერია" კვლავ გამოვიდა. ყველა კეთილგონიერ პოლიტიკოსს ესმის, რომ რუსეთის თავგასულობის აღკვეთა აუცილებელია. რუსეთი "ცივი ომის" განახლებისაკენ ჯიქურ მიიწევს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ნათელია, რომ ეს თუ ვინმეს ინტერესებს დააზიანებს, პირველ რიგში თავად რუსეთი იქნება.
იმის გამო, რასაც რუსეთის ხელისუფლება სჩადის, ევროპა და მთელი მსოფლიო რუსეთისათვის ძალიან მალე ნაკლებად მშვიდი და კომფორტული იქნება.
"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი
