რუსეთის ქმედებების მიმართ მსოფლიომ ადეკვატური მექანიზმები უნდა აამოქმედოს
ბურჯანაძის თქმით, რუსეთის ქმედებები მსოფლიო მართლწესრიგის შეცვლის და სუვერენული სახელმწიფოს დაშლის მცდელობაა. ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ეს არავის არ უნდა ეპატიოს. მისივე განცხადებით, მსოფლიომ თუ ეს დაუშვა, ხვალ სხვა სახელმწიფოს დაუდგება იგივე საფრთხე.
"მარტო ნავთობის რესურსების ქონა არ არის საკმარისი. საინტერესოა, რუსეთი რამდენ ხანს შეძლებს იზოლაციაში ყოფნას თუ ეს მსოფლიომ აამოქმედა. არ მგონია, იზოლაციაში მოქცევა რუს ხალხს მოეწონოს",-აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და ყველას ვისაც ხელეწიფება საერთაშორისო საზოგადოებამდე საქართველოს პრობლემების მიტანა ეს უნდა გააკეთოს.
"ყველანი ფოკუსირებული უნდა ვიყოთ მაქსიმალური საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაზე, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. უნდა ვეცადოთ ჩვენი სიმართლე მივიტანოთ საერთაშორისო საზოგადოებამდე და მეტი მხარდაჭერა გავუჩინოთ საქართველოს",-განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ დენვერში მის პირველსავე შეხვედრებზე საერთაშორისო საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლებს სთხოვა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეაგირება ადეკვატური ყოფილიყო.
"გუშინ მთელი დღის განმავლობაში ყველანი ვმართავდით შეხვედრებს, რათა ადეკვატური რეაქცია იყოს უსწრაფესად იმ აგრესიის აღკვეთასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს",-აღნიშნა ბურჯანაძემ და აღმაშფოთებელი უწოდა გუშინ მიღებულ დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებას.
"აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ მედვედევმა ხელი მოაწერა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას. რუსეთმა ამით მასთა ურთიერთობის ყველანაირი გზა მოიჭრა. ის გადავიდა იმ წითელ ხაზს, რომელზე გადასვლაც წარმოუდგენელი იყო 21-ე საუკუნეში. ის რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოს მიმართ, აღარაფერს ვლაპარაკობ, რომ მედვედევის ხელმოწერით რუსეთმა გადახაზა მის მიერვე მიღებული ხელშეკრულებები, ამით მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ არაფრად არ უღირს მის მიერვე ხელმოწერილი დოკუმენტები, მათ შორის მედვედევის მიერ ერთი კვირის წინ ხელმოწერილი დოკუმენტი. ეუთო-ს სამიტის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული არაერთი დოკუმენტი, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა. ამ ნაბიჯის გადადგმით რუსული მხარე შეეცადა აფხაზეთში ეთნიკური წმენდის დაკანონებას. ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა მსოფლიო ცივილიზებული სამყაროს წინაშე საკუთარი თვი იზოლაციის საფრთხის წინაშე დააყენა",-განაცხადა ბურჯანაძემ.
http://interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=50200&info_id=237983
