რუსეთი მსოფლიო პოლიტიკის წინააღმდეგ
- “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქმედების ერთადერთი მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას... ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს უბედურებაში აღმოჩნდნენ. არანაირი სხვა მოტივი ჩვენს ქმედებებში არ არის”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული განცხადების გაკეთება პრეზიდენტ მედვედევს “ალ-ჯაზირასთვის” მიცემულ ინტერვიუში მოუწია... რუსეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მალე ალბათ, ამ ტელეკომპანიის გარდა, საეთერო დრო სხვაგან აღარც უნდა დაეთმოს...
- “რუსეთმა საკუთარი არჩევანი 8 აგვისტოს გააკეთა... სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებმა არაერთხელ დაუჭირეს მხარი საკუთარი რესპუბლიკების დამოუკიდებლობას რეფერენდუმების მეშვეობით. ჩვენ გვესმის, რომ იმის შემდეგ, რაც მოხდა ცხინვალში და იგეგმებოდა აფხაზეთში, მათ აქვთ უფლება გადაწყვიტონ საკუთარი ბედი”,- აღნიშნა მედვედევმა.
უფრო მეტიც, მედვედევმა სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდა რუსეთის მსგავსად იმოქმედონ, რადგან “ეს არის ერთადერთი საშუალება მოქალაქეების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის”.
რაც შეეხება დასავლეთს, რუსეთის პრეზიდენტმა ამ ქვეყნებს ურჩია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო რუსეთთან ახალი კონფლიქტი არ გააჩაღოს.
მედვედევმა აქვე რაკეტსაწინააღმდგო პრობლემებთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის მზადყოფნა დააფიქსირა.
“რაც შეეხება იმას, თუ რა დამოკიდებულება ექნება დასავლეთს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე საქართველოს თავდასხმასთან დაკავშირებით, თუ დასავლეთი ახალ კონფლიქტს არ გააჩაღებს, ყველაფერი მის ხელშია. თუ პრაგმატული პოზიციიდან გამოვალთ, ყველაფერი ნორმალურად იქნება”, - განაცხადა მედვედევმა.
- “ჩვენ არაფერი გვაშინებს, მათ შორის არც ახალი ცივი ომის პერსპექტივა. თუმცა, ჩვენ ეს არ გვსურს და ყველაფერი ჩვენს პარტნიორებზეა დამოკიდებული... თუ დასავლეთში სურთ რუსეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ, ისინი ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზებს გაიგებენ”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
დასავლეთი კი არც ისე ლმობიერია, როგორც რუსეთს წარმოუდგენია. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის ლიდერთა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციათა რეაქცია გუშინ ცალსახა იყო - რუსეთმა თვითიზოლაციის პროცესი დაიწყო და ეს მას ძვირად დაუჯდება...
რა იქნება მსოფლიოს მხრიდან ის კონკრეტული ნაბიჯები, რითაც რუსეთი “დაისჯება”, ჯერ უცნობია, თუმცა თითქმის ყველა ქვეყნის მეთაური აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა გადაიხედება და რომ მისი ცალმხრივი გადაწყვეტილებები სულაც არ ცვლის მსოფლიო პოლიტიკას.
დიმიტრი მედვედევი კი ამასობაში ახალ განკარგულებებს გასცემს. მან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა. რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების მომზადებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ რუსული არმიის ნაწილები კვლავ რუსეთის მიერ აღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე რჩება, იქ “მშვიდობის შესანარჩუნებლად” და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის თხოვნით. თუ რამდენ ხანს დარჩებიან რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთსა და ოსეთში უცნობია.
რუსეთის მიერ აღიარებულმა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა რუსეთს სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზის განთავსებაც კი შესთავაზა. მან მზადყოფნა გამოთქვა ასევე რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
ბაზის განთავსების თხოვნით კოკოითს რუსეთისთვის ჯერ ოფიციალურად არ მიუმართავს. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვა რუსეთზეა დამოკიდებული.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები კი დამოუკიდებლობის აღიარებისთვის რუსეთისადმი მადლიერებას გამოხატავენ.
- “ეს ჩვენი ხალხისთვის ისტორიული დღეა. მადლობელი ვარ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის და რუსი ხალხის ამ ნაბიჯისთვის, რომელიც დღეს იქნა გადადგმული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე”, - განაცხადა “ინტერფაქსთან” სატელეფონი საუბარში სერგეი ბაღაფშმა.
- “დიდი ხანია ჩვენი გზა ავირჩიეთ, გზა დამოუკიდებლობის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით რუსეთთან ერთად”, - განაცხადა მან.
როგორც ედუარდ კოკოითმა აღნიშნა, ეს შესანიშნავია დღეა. “რუსეთმა გადაგვარჩინა გენოციდისგან და მოგვცა შესაძლებლობა, განვვითარდეთ და ვიცხოვროთ ჩვენს მიწაზე. ჩვენ საუკუნოდ რუსეთთან ერთად ვართ”, - ხაზგასმით აღნიშნა კოკოითმა.
მომდევნო სამი დღე აფხაზეთში ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა.
სოჭში გამოსვლისას, მედვედევმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებითაც. “რაც შეეხება სააკაშვილს და მის რეჟიმს, ის ჩვენ ნამდვილად არ მოგვწონს”, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
- “რუსეთს აღარ ექნება არავითარი საქმე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მისი ბედი”, - აღნიშნა მან. მედვედევი ასევე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება “მედვედევი-სარკოზის შეთანხმებიდან” გამომდინარეობს.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთი არ იტყვის უარს ამ შეთანხმების შესრულებაზე.
- “სააკაშვილმა დაუშვა არა მარტო შეცდომა, არამედ დანაშაული ჩაიდინა. ამ დანაშაულზე მან პასუხი უნდა აგოს ქართველი ერისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე”, - აცხადებს დიმიტრი მედვედევი.
თავის მხრივ, რუსეთის მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა გუშინდელ სატელევიზიო მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. მან ქართულ მოსახლეობას სიმშვიდისა და კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა 21-ე საუკუნეში იმპერიული ძალების გამარჯვებას აღარ დაუშვებს...
