რუსეთი ამერიკული ქათმის ხორცის წინააღმდეგ
რუსეთი ამერიკული ქათმის ხორცის წინააღმდეგ
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ CNN -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით, პუტინი ვარაუდობს, რომ თეთრ სახლში ეს ომი აწყობდათ, რათა აემაღლებინათ საპრეზიდენტო კანდიდატის, ”რესპუბლიკელი” ჯონ მაკკეინის რეიტინგი, რომელიც სოციოლოგიური გამოკითხვებით რამდენიმე თვის განმავლობაში ჩამორჩებოდა ”დემოკრატ” ბარაკ ობამას.
პუტინმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში ომის დაწყების შემდეგ მართლაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მაკკეინის რეიტინგი და ახლა მნიშვნელოვნად უსწრებს გამოკითხვებით ობამას.
რუსეთის პრემიერმა იმედგაცრუება გამოხატა ვაშინგტონის პასიურობის გამო და აღნიშნა, რომ აშშ-ს ზეწოლა უნდა განეხორციელებინა საქართველოზე, რათა შეეწყვიტა აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გააკეთა კომენტარი პუტინის განცხადებაზე, რომ ”საქართველოს თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა”.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ბრალდებას სასაცილო უწოდა. ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მთლიანი პასუხისმგებლობა კავკასიაში შექმნილ კრიზისზე სწორედ რუსეთს ეკისრება.
”აშშ-ში და უმეტეს ევროპულ ქვეყნებში კავკასიაში არსებულ ვითარებას, მოსკოვისგან განსხვავებით, სულ სხავაგვარად აღიქვამენ – რუსეთი აგრესორად მიაჩნიათ, ხოლო საქართველო დაზარალებულ მხარედ”, -აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, რუსეთმა ამერიკასთან დაკავშირებით გარკვეული ეკონომიკური ზომები გაატაროს. კერძოდ, მისი თქმით, ამერიკულმა ქათმის ხორცმა ვერ ჩააბარა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. უსაფრთხოების ტესტი.
თეთრი სახლის წარმომადგენელი ვლადიმერ პუტინის ამ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. ზემოაღნიშნული განცხადებები პუტინმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3726
