ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება ამჯობინა
ევროკავშირმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ გადაწყვეტილებები მიიღო. როგორ შეაფასებდით ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებებს და, თქვენი აზრით, აღმოჩნდება კი ეს საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს საქართველოს საკითხში ანგარიში გაუწიოს ცივილიზებულ სამყაროს?
- ის, რომ საქართველოს საკითხზე ევროკავშირის სპეციალური სამიტი გაიმართა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცოდით იმის თაობაზე, რომ ევროკავშირში იყო აზრთა სხვადასხვაობა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მხარს უჭერდნენ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმას, დასავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო თავშეკავებული იყვნენ.
საბოლოო ჯამში რუსეთის მიმართ მიღებული დოკუმენტი ძალიან პრინციპული და მკაცრია. ჩვენთვის რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია არის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, დახმარების თემა, მაგრამ გამოთქმულია იმედი იმისა, რომ რუსეთი შეასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, თუ არა და ევროკავშირი შეწყვეტს დიალოგს რუსეთთან და გადაიდება რუსეთ-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე მუშაობა.
ჩვენ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ევროკავშირის გადაწყვეტილებით გამოწვეული კმაყოფილების შეგრძნებაზე საუბარი ცოტა რთული წარმოსადგენია, იმიტომ რომ ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ჩვენ საკითხი ასე უნდა დავაყენოთ, რამდენად მეტი შეიძლება მომხდარიყო ან ნაკლები ამ სამიტზე. ევროკავშირის მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია.
ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება ამჯობინა. საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა, ახალი ”ცივი ომის” დაწყება არავის ინტერესებში არ შედის, ამიტომ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთს პოლიტიკურ დიალოგში ჩაიყოლიებენ და ასე აიძულებენ პოლიტიკური ზეწოლით გადადგას საჭირო ნაბიჯები.
საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი სოლანა, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროზო და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი ვიზიტით მოსკოვში ჩადიან და მედვედევთან ექნებათ შეხვედრა. სარკოზიმ თქვა, რომ მას მუდმივი კავშირი აქვს პრეზიდენტ მედვედევთან. საქართველოს საკითხების განსახილველად რუსეთისთვის ევროკავშირი უფრო კარგი და მისაღები პარტნიორია, ვიდრე აშშ, რომელთანაც მოსკოვს დაეძაბა ურთიერთობა და რომლის ასეთი ძლიერი ალერგია აქვს მედვედევს და პუტინს განსაკუთრებით.
დამკვირებლების გამოგზავნა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საქართველოში 100-ზე მეტი დამკვირვებელი ჩამოვა. როგორც მათ აქვთ ჩაფიქრებული ე.წ. ბუფერულ ზონებში უნდა შეცვალონ იქ მყოფი რუსი სამხედროები. რა ვადა დასჭირდება ამ მიზნის მიღწევას ძნელი სათქმელია. საუბარია ოპერატიულად ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებაზე. მილიარდებზე არ არის საუბარი, მაგრამ ასევე ითქვა, რომ გაიმართება დონორთა კონფერენცია, რომელზეც მოწვეული იქნებიან საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, აქ შეიძლება იყვნენ წარმომადგენლები იაპონიიდანაც.
აღმოჩნდება კი ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს საქართველოს საკითხში ანგარიში გაუწიოს ცივილიზებულ სამყაროს და როგორც მინიმუმ შეასრულოს ის 6 პუნქტიანი შეთანხმება, რომელზეც ხელი სარკოზიმ და მედვედევმა მოაწერეს?
- ძნელი სათქმელია. მე ახლახან გავეცანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს. მოსკოვმა დასავლეთს ახალი საბაბი, შეიძლება პირობაც მოთხოვოს ჯარების გაყვანის პროცესის გასაჭიანურებლად. რუსეთი დასავლეთისაგან, უფრო აშშ-ს გულისხმობენ, საქართველოსათვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს.
ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ საქართველოსათვის დახმარების აღმოჩენის ფარგლებში თბილისს იარაღს აწვდის. მოსკოვი საკითხს ასე აყენებს, დაწესდეს ემბარგო, ვიდრე საქართველოში პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება არ მოვა. ეტყობა ეს ის თემაა, რომლის მუსირებასაც ისინი გააგრძელებენ. როგორც ხედავთ, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გაკეთების შემდეგ, რუსეთი ცდილობს ამ საკითხის ბოლომდე მიყვანას.
რა პერსპექტივები შეიძლება გვქონდეს ე.წ. ბუფერულ ზონებთან და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით?
- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხზე ევროკავშირმა ცალსახად დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება. ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას არავის აპირებს. შეიძლება მსოფლიოში აღმოჩნდეს ვიღაც ამის გამკეთებელი, მაგრამ ეს პრინციპული არ არის, რადგანაც ისეთ წარმონაქმნებს როგორ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია, აინტერესებთ მათი დამოუკიდებლობის აღიარება მდიდარი ევროპისაგან და აშშ-დან, ვენესუელაში და კუბაში ისინი ყოველდღე ვერ ივლიან.
რაც შეეხება ე.წ. ბუფერულ ზონებს და რუსების მიერ გახსნილი საგუშაგოების გაყვანას, მიჭირს იმის თქმა, როდის მოხება ეს. ეს იქნება პროცესი, ვაჭრობა. რუსეთი ახლა ივაჭრებს იმაზე, რომ რაღაცა ფორმით მიაღწიოს საქართველოსათვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას და ინსპექტირების მექანიზმების შემუშავებას, ამის შემდეგ შეიძლება რაღაცას ველოდოთ.
რამდენად რეალურად გეჩვენებათ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ფინანსების ჩადების მსურველებს ევროპაში საქმიანობაზე შეზღუდვები დაუწესდებათ და მათ ვისაც ამგვარი სურვილი ექნება, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით უნდა იმოქმედოს.
- საკითხის ამგვარად დაყენება სწორია, მაგრამ მისი განხორციელება არარეალურია. რუსული კომპანიები, რომლებიც იქ ფულს ჩადებენ არავის არაფერს არ შეუთანხმებენ. როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობდა, ეს რუსეთს მაშინ არ გაუკეთებია და ახლა როგორ გააკეთებენ. რუსეთის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენებამ მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე, თორემ რუსეთს მასზე დაკისრებული ვალდებულება და ჩვენი კანონიერი მოთხოვნები რომ შეესრულებინა, მოვლენები ასე არ განვითარდებოდა.
ფაქტობრივად, ვიდრე რუსები ე.წ. ბუფერული ზონებიდან არ გავლენ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა აღმოჩნდება და რუსეთს ექნება საშუალება ბოლომდე მიიყვანოს მის მიერ დაწყებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი.
- აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საუბარი საუკეთესო შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე, ე.წ. ბუფერული ზონებიდან რუსი ჯარისკაცების შემდეგ დაიწყება. ეს ძალიან მძიმე თემაა. რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ასე იოლად არ დათმობს. ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება. ახლა დღის წესრიგში დგას დამკვირვებლების შემოსვლისა და ე.წ. ბუფერული ზონებიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხი. მთავარია ახლა ქვეყანაში სტაბილიზაციის დაწყების მიღწევა, შემდეგი ეტაპია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რუსეთის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ”დაკარგულობის” ხარისხმა სერიოზულად იმატა. როგორც ჩვენ ახლა ვნახეთ, რუსეთი არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა. ბევრმა ეს არანაირად არ დაიჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ხელისუფლებას ბევრი უჩიჩინებდა. ორი-სამი წელია იმაზე ვლაპარაკობ, რომ რუსეთთან სიფრთხილეა საჭირო, არ შეიძლება რუსეთთან აგდებული და უგუნური პოლიტიკის გატარება.
ახლა ამბობენ, რომ რას წარმოვიდგენდით, თუ რუსეთი ასეთ რაღაცას გააკეთებდა, ახლა ხომ 21-ე საუკუნეაო. იყო ხალხი ვინც ამას წარმოიდგენდა, მაგრამ ახალგაზრდებს ჩვევიათ რუსეთისადმი ირონიული დამოკიდებულების გამოხატვა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის ჩვენი ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა. გარდა იმისა, რომ რუსეთს ბევრი ნავთობი და გაზი აქვს, რუსეთი ბირთვული ქვეყანაა და უშიშროების საბჭოს წევრია.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3792