ბრიუსელს მოსკოვის ცრემლების სჯერა
მოსკოვს მხოლოდ ყვითელი ბარათი აუწიეს
იმედი, რომ ევროპა რუსეთს შერისხავდა, არ გამართლდა. მოსკოვი გაკიცხეს, თუმცა არ დასაჯეს. ძველი და ახალი ევროპა კომპრომისულ ვარიანტზე შეჩერდა. იტალიის თამადობით, ქვეყნების ერთი ნაწილი რუსეთის სიტყვიერი გაფრთხილების მომხრე იყო, ხოლო ახალი ევროპა წითელი ბარათის ჩვენებას ითხოვდა. დიდი თათბირი და გამორჩევა ჩაატარეს და ამ ეტაპზე ყვითელ ბარათს დასჯერდნენ. ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის ლიდერები ირწმუნებიან, რომ სადამსჯელო მანქანა 15 ნოემბრის შემდეგ ამოქმედდება, თუკი რუსეთი ნიკოლა სარკოზის მიერ შემუშავებული გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
EU-მ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება ამ ეტაპზე გამართლებულად არ ჩათვალა. მხოლოდ რუსეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გადადო. რამაც ცხადია, მოსკოვში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. ევროგაერთიანებამ კიდევ ერთხელ გაახმაურა, რომ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება სურს და ამაში ხელი მოსკოვმა უნდა შეუწყოს. ევროპამ რუსეთთან დიალოგისთვის რესურსი დაიტოვა.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირმა რუსეთთან ყველა კარტი არ გახსნა. 1 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით მოსკოვთან გრძელვადიანი მოლაპარაკებებისათვის დრო და ვაჭრობის საშუალება დაიტოვა.
ირაკლი მენაღარიშვილი, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში: “ევროკავშირის გადაწყვეტილებას ვერ დავარქმევდი შიშით გამოწვეულს, უბრალოდ, შეთანხმდნენ, თუ როგორ ჯობს იმუშავო რუსეთთან - სანქციები დაუწესო და დასაჯო ცუდი საქციელისათვის, თუ გააგრძელო მასთან დიალოგი იმისათვის, რომ ამ გზით აიძულო, უფრო ცივილიზებულ თამაშის წესებს დაემორჩილოს. ევროკავშირმა მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმამდე საჭიროა მოლაპარაკება, თანაც ფიქრობს, რომ რუსეთთან დიალოგის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს”.
დღეს ყველა თანხმდება, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებითა და მისი იზოლაციით, მოსკოვი კიდევ უფრო უმართავი გახდებოდა და საქართველოდან მისი გაყვანის შანსები დაიკარგებოდა.
თორნიკე შარაშენიძე, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი: “ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ საჯაროდ მკაცრი განცხადებები იქნებოდა კონტრპროდუქტიული, მით უმეტეს ისეთ სიტუაციაში, როცა ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე კიდევ ჰყავთ და რამე რომ იყოს, ისევ ჩვენ გავიჭყლიტებოდით. ამიტომაც საჭირო იყო შედარებით ზომიერი განცხადების გაკეთება.
რაციონალურ ფარგლებშია იმის თქმა, სანამ 6 პუნქტიანი გეგმის ვალდებულებებს არ შეასრულებ, რაღაც დონეზე შენთან ურთიერთობისგან თავს ვიკავებთ. ევროკავშირ-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულებას ვადა შარშან გაუვიდა და წელს უნდა განახლებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს კიდევ არ განახლდება. ეს კი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია”.
EU-მ მოსკოვს შანსი მისცა
ბოლო დღეების განმავლობაში დასავლური მედია აქტიურად განიხილავდა ყველა იმ სანქციას, რომელიც შეიძლება EU-ს რუსეთისთვის დაეწესებინა. ცხადია, ეს ვარაუდები ევროპული სახელმწიფოების ხელისუფალთა კომენტარებზე დაყრდნობით კეთდებოდა, ბოლო მომენტში კი ყველაფერი შეიცვალა. რატომ? არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირმა მოსალოდნელი სანქციები მიზანმიმართულად გაახმაურა, ამით რუსეთს ღიად უთხრა, ურჩობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ რა ბერკეტების გამოიყენება შეეძლო. ექსპერტები თანხმდებიან, რომ EU-მ სანქციების არდაწესებით, რუსეთს უკან დასახევად გზა დაუტოვა.
ირაკლი მენაღარიშვილი: “მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ კომპრომისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორ დაჯგუფებას შორის, რომელთაც განსხვავებული ხედვა ჰქონდათ იმისა, რუსეთის საქციელზე ევროკავშირის მხრიდან რა რეაქცია იქნებოდა მართებული. ეს კომპრომისული ვერსია გარკვეულად იძლეოდა საშუალებას კონსენსუსის მიღწევისა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს დოკუმენტი შუალედურია, აქ არ არის საბოლოო პოზიცია”.
ამ დოკუმენტში არაერთი მოთხოვნა დროში არის გაწერილი და რუსეთის მიერ მისი შესრულება არის ევროკავშირ-რუსეთის თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისა პირობად დაყენებული. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს რამდენიმე სახის მონიტორინგის მექანიზმს რუსეთის შემდგომ ნაბიჯებზე. ერთ-ერთია ამ კრიზისთან დაკავშირებით სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, რომელმაც ასევე თვალყური უნდა ადევნოს მოვლენების განვითარებას”.
- “ახლა რუსეთთან მუშაობა კულუარებში წავა. ევროკავშირი შეეცდება, მოსკოვი დაარწმუნოს, რომ მისთვისვე უმჯობესია, კარგად მოიქცეს, რადგან საქართველოში პრობლემების გამო შეიძლება სერიოზული გარიგებები ჩაიშალოს ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის. ეს კი რუსეთს არ უნდა აწყობდეს”, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.
რას იზამს არაპროგნოზირებადი რუსეთი
ერთი სიტყვით, ბრიუსელში 27 ქვეყნის ლიდერმა რუსეთის საკითხზე ბევრი იმსჯელა, იკამათა, ბოლოს შეთანხმდა, რომ უმჯობესია, მოსკოვს მონანიების უფლება არ წაართვას და გამოსასწორებლად დრო მისცეს. რუსეთი რომ აგრესორი და ოკუპანტია, ამაზე ყველა ერთსულოვანია. ასევე მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდეს, რომ არ აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
- “საქმისათვის სიმკაცრე კი არ არის მთავარი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ეფექტია. ახლა მთავარია, რუსეთი აიძულონ პატივი სცეს თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებულ თამაშის წესებს. ჩვენთვის პრინციპული განსხვავება არ აქვს, ევროპა ამას როგორ მიაღწევს, სანქციებით, თუ მოსკოვში ევროკავშირის ხელმძღვანელობის დამატებითი ვიზიტებით. უმთავრესია, რუსეთმა გაიგოს, ევროკავშირთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა უფრო არის მის ინტერესებში, ვიდრე დაპირისპირება და ჯიბრი, რომელიც მკვეთრად ჩანდა ბოლო დროს რუსეთის ორი წამყვანი ხელმძღვანელის ინტერვიუებში”, - აღნიშნავს ირაკლი მენაღარიშვილი.
თუმცა, დასავლეთმა ისიც იცის, რომ რუსეთის სახით არასტაბილურ და არაპროგნოზირებად პარტნიორთან აქვს საქმე და რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯი, ძნელად წარმოსადგენია.
- “რუსეთის მოქმედების წინასწარმეტყველება ცოტა ცუდი და რთული რამ გახლავთ. ოფიციალური მოსკოვი შეეცდება, ყველანაირად აარიდოს თავი ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას. თუმცა, ეს მთლად მარტივი საქმე არ იქნება. ასე რომ, რუსეთი ყველა ვარიანტში შეეცდება ევროპასთან ურთიერთობა დაარეგულიროს. ევროპასთან დაპირისპირება არ აწყობს. თუ 15 ნოემბრამდე არ შესრულდება 6-პუნქტიანი შეთანხმების ყველა მოთხოვნა, ევროკავშირს ხელახლა მოუხდება დაუბრუნდეს მისი და რუსეთის ურთიერთობის საკითხებს და ამ შემთხვევაში ევროკავშირი ბევრად უფრო მკაცრი იქნება”, - მიაჩნია ირაკლი მენაღარიშვილს.
- “დღეს ევროპა რუსეთს იმის გამო ეჩხუბება, რომ ის არღვევს საერთაშორისო პრინციპებს, ამან კი შეიძლება თავად ევროპა დაღუპვამდე მიიყვანოს. ამას კი ევროპა არ დაუშვებს”, - ამბობს თორინიკე შარაშენიძე.
15 ნოემბერს ევროპა რუსეთს საშინაო დავალებას შეუმოწმებს. EU-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ირწმუნებიან, რომ მოსკოვი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარს იტყვის, მაშინ მას ყურს აუწევენ, კუთხეში დააყენებენ და სამარცხვიო დაფაზე გამოაკრავენ.
მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მოთხოვნებს მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულებს. ეს ჯერ არავინ იცის. ან არის კი რუსეთი ის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ჟესტს დააფასებს და მიცემულ დროს “კეთილი საქმეების” კეთებას მოახმარს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3804