არჩილ გეგეშიძე - ამერიკელი ხალხი და აშშ-ს მთავრობა მთლიანად იზიარებს საქართველოს პოზიციას
ჩეინის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი დაიწყო ბაქოში, გაგრძელდა თბილისში და მთავრდება კიევში, რითაც აშშ ხაზს უსვამს ამერიკის გამოკვეთილ ინტერესს აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინის ღერძის მიმართ როგორც პოლიტიკური, ასევე, რუსეთის გვერდის ავლით, ენერგოდერეფნის ალტერნატიულ მიმართულებას. აშშ-ში სერიოზულად განიხილავენ ამ მიმართულებაზე კიდევ სხვა პროექტების განხორციელებას. სხვათა შორის, ცნობილია, რომ აშშ საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად აშშ-ს კომპანიებს წაახალისებს. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ საქართველოში ინვესტიციების დამბანდებელ კომპანიებს სახელმწიფო დონეზე დააზღვევს.
აშშ-ს ლომის წილი მიუძღვის იმაში, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაშვებული კვოტის ზევით საქართველოსათვის 750 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფინანსულ სტაბილიზაციას და საუბარია, საქართველოში საფინანსო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფაზე, საინვისტიციო ნდობის აღდგენაზე და წინა წლებში არსებული ეკონომიკური ზრდის მიღწევის უზრუნველყოფაზე. მხარდაჭერა მარტო ფინანსური დახმარებით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მორალურ-პოლიტიკური მხარდაჭერა, რომლის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა თბილისში ყოფნის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
_ დიკ ჩეინიმ საკმაოდ ზოგადი განცხადებები გააკეთა, საუბარი არ იყო სამხედრო სფეროში საქართველოსთვის დახმარებაზე, მაგრამ, ამ თემაზე როცა საჯაროდ არ საუბრობენ, იქნებ უკეთესიც იყოს. . .
_ ასეთი დონის ვიზიტი არ ხორციელდება მხოლოდ წინასწარ ცნობილი გადაწყვეტილებების გასაჟღერებლად. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩეინი-სააკაშვილის შეხვედრაზე აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივა და გარკვეული ასპექტების მიმართულებები განიხილეს.
რუსულ საიტებს თუ დავუჯერებთ, რუსები ძალიან ყურადღებით და შეშფოთებით ადევნებენ თვალს ჩეინის ვიზიტს საქართველოში. რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ საქართველოს სამხედრო მშენებლობის სფეროში დაეხმარება. ვფიქრობ, რომ ჩეინი-სააკაშვილის შეხვედრაზე ამ თემებზე მართლაც იქნებოდა საუბარი.
_ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ აშშ მიესალმება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების სასარგებლო რეზოლუციების მიღებას. რამდენად რეალურია ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა?
_ პრეზიდენტ სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმების მე-6 პუნქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამ პუნქტის ფარგლებში საუბარია მოლაპარაკებებზე, რომელზეც უნდა გაიმართოს მსჯელობა ამ რეგიონებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის მისაღწევად, რომ სამშვიდობო ოპერაციისა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და სპეციალური სამშვიდობო პროგრამებია საჭირო, ყველასათვის ნათელია.
როგორც სამშვიდობო ოპერაციაზე, ასევე მხარეებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბარია საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშიც. ამ ყველაფერს სჭირდება გაერო-ს უშიშროების რეზოლუციით გამაგრება. ჩეინის განცხადებაც იმას ნიშნავს, რომ ამ თემებზე მსჯელობა და შესაბამისი რეზოლუციების მიღება გაერო-ს უშიშროების საბჭოს დონეზეა გასაკეთებელი.
მოგეხსენებათ, ამ საკითხზე და კერძოდ იმაზე, უნდა ჩაიდოს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, გაერო-ს უშიშროების საბჭოში დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. როგორც იცით, ამ ჩანაწერის გაკეთებას რუსეთი გააფთრებულად ეწინააღმდეგება, არა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით მიღებულ ყველა წინა რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მკაფიოდ არის დაფიქსირებული.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები და აშშ მხარს უჭერენ გაერო-ს რეზოლუციაში კვლავაც იქნას დაფიქსირებული საქართველოს მთლიანობა და თვლიან, რომ გაერო-მ აფხაზეთის საკითხზე კვლავაც უნდა გააგრძელოს მუშაობა.
_ პრეზიდენტ მედვედევის ოფიციალური საიტი ირწმუნება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრეზიდენტ მედვედევის მიერ 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებები აუტენტური არ არის. თქვენი აზრით, მოსკოვის ამგვარი მტკიცება შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მის მიერვე აღებული ვალდებულებები არ შეასრულოს?
_ პრაქტიკულად ერთ სიტყვაზეა საუბარი. როგორც ლავროვი ამბობს, პირვანდელი დოკუმენტის მე-6 მუხლში საუბარი იყო "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე", ლავროვისვე მტკიცებით, თბილისში ამ პუნქტმა ცვლილება განიცადა და საუბარია "აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე", ანუ რუსული მხარის განმარტებით, აქ საუბარია ამ რეგიონების სტატუსზე და არა ამავე რეგიონებში სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებაზე. რუსული მხარე ახლა ამ ერთ სიტყვაზე და ამ სიტყვასთან დაკავშირებულ თავისივე ინტერპრეტაციისათვის ჭიდაობს.
"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი
