Washington Post: ვინ არის დამნაშავე?
თუმცა, დასავლეთისა და საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დამარცხების მთავარი მიზეზი სააკაშვილის სამხედრო რიტორიკა და მილიტარისტული პოლიტიკა გახდა. ახლა, როდესაც რუსეთი ასე დაჟინებით მოითხოვს სააკაშვილის გადადგომას, ძნელია რომ ამას ხელი დასავლეთმაც შეუწყოს.
Washington Post-ის თანახმად, უკვე ამერიკულ და ევროპულ პოლიტიკურ კორიდორებშიც კი ვერ მალავენ სააკაშვილით უკმაყოფილებას. პირველ რიგში მას ბრალად უყენებენ 7 აგვისტოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის იმპერიას საშუალება მისცა საკუთარი აგრესია განეხორციელებინა.
სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე ახლო მეგობარი, მეთიუ ბრაიზაც კი აღიარებს “შეცდომას”, რომელიც სააკაშვილმა 7 აგვისტოს დაუშვა. აქვე, დილი აღნიშნავს, რომ როგორც კი რუსები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას (საუბედუროდ, იგულისხმება მხოლოდ ქართლის, სამეგრელოს და იმერეთის ნაწილები და არა აფხაზეთი და სამაჩაბლო), საქართველოში უნდა დაიწყოს ლაპარაკი იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ საშინელ კატასტროფაზე.
ბევრი ქართველი პოლიტიკოსი რუსების ჯარის თანდასწრებით თავს იკავებს სააკაშვილის სახელის ხსნებაზე. ირონიულია, რომ დღეს სწორედ რუსის ჯარი იცავს სააკაშვილის რეჟიმს მეტად სამართლიანი კრიტიკისაგან.
უფრო მეტიც, სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ რუსეთს ეს აგრესია განეხორციელებინა. მისი მილიტარისტული, აგრესიული რიტორიკა მიმართული იყო კონფლიქტების გამწვავებისაკენ, მაშინ, როდესაც მშვიდობიანი გადაწყვეტის ბევრი გზა არსებობდა, მითუმეტეს ბაღაფშის მთავრობასთან, რომელიც ყოველთვის არასაომარი გზების მომხრე იყო.
მაგრამ, რაც მეტად საეჭვოა, სააკაშვილმა პროვოკაციული კონფრონტაციის გზა ამჯობინა და ბოლო 5 წლის განმავლობაში მთლიანად გააფუჭა პირდაპირი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები – ეს, რაღა თქმა უნდა, რუსეთისათვის მეტად ხელსაყრელი იყო.
სააკაშვილი რუსებსაც ლანძღავდა საჯაროდ და ამცირებდა მათ ლიდერებს მიტინგებზე – ამის შემდეგ კი უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ობიექტებს მაინც მათ აძლევდა. მეტად უცნაური და პარადოქსული სურათია.
ძალიან საეჭვოა, როგორ შეიძლება უწოდო ლილიპუტინი იმ სახელმწიფოს ლიდერს, რომელიც შუქს გაძლევს და იმ ლიდერმაც, რომელიც საკუთარი გულღვარძლიანობით არის ცნობილი, შუქი არ გამორთოს, არა მხოლოდ ლანძღვის, არამედ თვით ომის დროსაც კი. თითქოს, “რაო-ეესი” ქართული ან სულაც ამერიკული კომპანია ყოფილიყოს. მეტად საეჭვო გარემოებაა.
ჯექსონ დილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის პოლიტიკამ შედეგად მოიტანა მეტად დამამცირებელი, წამგებიანი შედეგი დასავლეთისათვისაც, როდესაც მთელი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობა იძულებულია უსმინოს რუსეთის პრეზიდენტის ნეოიმპერიალისტურ განცხადებებს და საპასუხოდ ბევრს ვერაფერს აკეთებს.
სამშვიდობო პოლიტიკის წარმართვის შემთხვევაში ასეთი რამ არ მოხდებოდა. ახლა კი, სააკაშვილის პოლიტიკის წყალობით მედვედევმა სარკოზისაც ათქმევინა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხებს ჟენევაში განვიხილავთო.
სტატიაში “სააკაშვილის უბედურება” ხაზგასმულია, რომ დასავლეთს არც ადრე არ უნდა დაეხუჭა თვალი სააკაშვილის მიერ ძალის გამოყენებაზე, როდესაც მან გასული წლის ნოემბერში დაარბია დამოუკიდებელი ტელეკომპანია “იმედის” ოფისი. ახლა, სააკაშვილი მინიმუმ 2013 წლამდეა არჩეული, რაც კიდევ უფრო დიდ უბედურებას მოუტანს საქართველოს და, საერთოდ, დემოკრატიის იდეას პოსტ-საბჭოთა სივრცეში.
ამ შემთხვევაში პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. 2005 წლიდან, მან საკუთარი აგრესიული და მილიტარისტული რიტორიკით გაიუცხოვა ისედაც შეშინებული აფხაზები და ოსები, სამხედრო პარადებისა და წვრთნების ტელევიზიაში გაუთავებელი ჩვენებით მშვენიერი მიზეზი მისცა რუსეთის იმპერიას რომ საკუთარი აგრესია პროპაგანდისტულად გაემართლებინა და ბოლოს, 2008 წლის 7 აგვისტოს აქტი რომელიც მან საკუთარ საგარეო საქმეთა მინისტრ, ეკა ტყეშელაშვილთან ერთად “სამშობლოს დაცვად” გააფორმა, ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს მოღალატურ ნაბიჯად. ეს იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის შედეგების გამოსწორებასაც დიდი ხანი დასჭირდება.
ყველაფრიდან ჩანს, რომ სააკაშვილს პირდაპირი ინტერესი აქვს მილიტარისტულ რიტორიკაში და იარაღის ყიდვა-გაყიდვაში. ცხადია, რომ ამ ოპერაციებიდან ფული მხოლოდ კეზერაშვილი ჯიბეში არ მიდის. სააკაშვილის ოჯახის წევრებიც არ არიან შორს იარაღის ვაჭრობისგან. ამაში ის ახლო მეგობარმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ამხილა.
სანამ საქართველოში სააკაშვილია, რუსებს ეძლევათ საშუალება რომ ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი დაიპყრონ, ეკონომიკა კი უკვე მთლიანად მათ ხელშია.
სააკაშვილის ნაცვლად ჟვანია, ან რომელიმე სხვა გაწონასწორებული პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, რუსები ამდენს ვერ შეძლებდნენ. რუსები ახლა შეგნებულად უწყობენ ხელს სააკაშვილს რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია ჩამოაჭრან საქართველოს და რაც შეიძლება მეტ ევროპელ და ბოლოს - ამერიკელ ლიდერსაც ათქმევინონ, რომ ამ “გიჟის” ხელში ცხოვრება არავის უნდა. ხოლო, იგორ გიორგაძე და მისდაგვარი პირდაპირი კაგებეს გენერლები საფრთხობელებად ჰყავთ – აი, ნახეთ, სააკაშვილი თუ წავიდა, ესენი მოვლენო.
რატომღაც მათ ავიწყდებათ რომ საქართველოში მხოლოდ სააკაშვილი და გიორგაძე არ არიან. არსებობს, ბევრი პროგრესული პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის იმპერიას ყველაზე ეფექტური იარაღით – მშვიდობიანი დიპლომატიით დაუპირისპირდება.
ჯექსონ დილი და სხვა ჟურნალისტები ახსნებენ ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ალასანიას, და ბევრ სხვა პოლიტიკოსს, რომელთაც უფრო მშვიდობიანი მიდგომა აქვთ. სხვათა შორის, ლევან ბერძენიშვილის ანალიზი, საქართველოში მომხდარი მოვლენებისა აბსოლუტურად ადექვატურია. ასევე ადექვატურია გამყრელიძის, უსუფაშვილის, იგივე - გია მაისაშვილის პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით.
ახლა, ვინც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოზიციებზე არ დგას, არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების მოღალატე. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი პირველია მათს შორის. სწორედ მან მისცა საშუალება რუსეთის იმპერიას, რომ 1921 წელი გაემეორებინა. ახლა, სხვებმა უნდა იზრუნონ იმაზე რომ საქართველო ხელახლა გავანთავისუფლოთ.
”პრესა.გე” პასუხს არ აგებს Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიებზე http://presa.ge/index.php?text=news&i=3876
