ანდრო ბარნოვი: "მსოფლიოს მიზანი შეშინებული რუსეთის ცივილიზებულ ქვეყნად ქცევა უნდა გახდეს"
- ბატონო ანდრო, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში ჯერჯერობით ვერც ერთი ქვეყნის მხარდაჭერას ვერ მიაღწია, მათ შორის – დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მხრიდანაც კი. ამავდროულად მთელი რიგი ევროპული ქვეყნების ლიდერებს, პოლიტიკოსებსა და წამყვან მედიასაშუალებებს ევროკავშირის გუშინდელი სამიტის გადაწყვეტილებები რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ ლოიალურად ეჩვენათ. თქვენი აზრით, რამდენად ქმედითია საქართველოსადმი მსოფლიო საზოგადოების გვერდში დგომა და რამდენად შედეგიანი იქნება იგი?
- ეხლა ისეთი მდგომარეობაა, რომ რეალური შედეგი სჭირდება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, ჩვენ რას ვუწოდებთ რეალურ შედეგს და როგორ წარმოგვიდგენია მოვლენების განვითარება მომავალში. თუ ვგულისხმებთ რუსეთის შეშინებას და მის იძულებას, საქართველოდან ჯარი გაიყვანოს, პირადად მე მოვლენათა ამ სცენარით განვითარებას არ ველი. არა მგონია, დღეს ამის შესაძლებლობა რეალურად არსებობდეს. შესაძლოა, კრემლი ჯარის ე.წ "ბუფერული ზონებიდან" გაყვანას დასთანხმდეს, თუმცა მთლიანად საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა ამ ეტაპზე ვფიქრობ, შეუძლებელია.
ზოგადად მინდა, ვთქვა, რომ არა მგონია, იმ ტიპის ზეწოლამ, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მოითხოვს და ქართული საზოგადოება მოელის, საერთოდ ვინმეს რაიმე სახის სარგებელი მოუტანოს - თუნდაც ამერიკას, რუსეთს და მითუმეტეს ჩვენ.
- მაშ რა სახის მხარდაჭერას უნდა ველოდოთ მსოფლიოსგან?
- როდესაც ვსაუბრობთ მხარდაჭერაზე, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ უნდა გავიაზროთ, რა სახის მხარდაჭერა გვჭირდება და არის თუ არა ეს მხარდაჭერა რეალური. რეალურია ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს პრობლემის მოგვარებას და დაბალანსებას შედარებით რბილი პოლიტიკით, რასაც საკმაოდ საფუძვლიანი არგუმენტები აქვს: მთელი მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა ამ მოვლენებს, უკვე დღეს კი როგორც ევროპამ, ისე ამერიკამ დაიწყეს შეფასება იმ რესურსებისა, რომელიც თავად გააჩნიათ რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს საპასუხოდ.
- ამის გათვალისწინებით, კონკრეტულად რაზე შეიძლება, ივაჭრონ ზესახელმწიფოებმა?
- უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაშვებულია სერიოზული შეცდომები: პირველ რიგში, დასავლეთის მხრიდან კოსოვოს აღიარება და შემდგომ ის, რაც ჩვენ ვიწვნიეთ საკუთარ თავზე. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ესკალაცია მართვადი გახდეს და არ გადაიზარდოს მსოფლიო ომში, რომელიც ფაქტობრივად მთელს ცივილიზებულ მსოფლიოს ჩაითრევს.
- თვლით, რომ მესამე მსოფლიო ომის საფრთხე მართლაც რეალურია?
- მე არ ვამბობ, რომ ეს შეიძლება, მოხდეს დღეს, მაგრამ ესკალაციის სწორედ ამ ტიპმა, რომელსაც ვხედავთ, შეიძლება, მიგვიყვანოს მსოფლიო ომამდე. ამიტომ ევროპა ეცდება, ეს საფრთხე თავიდან მშვიდობიანი და დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით აიცილოს. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, - ვგულისხმობ ყველა მხარეს, რათა გადაწყვეტილების მიმღებთ მშვიდად ეძინოთ.
- რაც შეეხება რუსეთს, რა გზით შეიძლება მისი შეჩერება?
- დღეს მსოფლიოს პრობლემა არა გაძლიერებული რუსეთია, არამედ შეშინებული რუსეთი, რომელმაც თავზე აიღო ხელი. კრემლს ფიზიკური განადგურების ეშინია. ეს არის რეალობა და არა შეურაცხმყოფელი განცხადება და სხვათა შორის, პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონიც, რომელსაც უსაფრთხოების დილემა ეწოდება. სწორედ ფიზიკური განადგურების შიში აიძულებს რუსეთს, საჭიროების შემთხვევაში თავზეხელაღებული გადაწყვეტილება მიიღოს.
ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, მათ, ვინც დიდ მოთამაშეებად ითვლებიან მსოფლიოში, გაითავისონ, რომ მიზანი ამ შიშისგან გათავისუფლება უნდა გახდეს.
-თქვენი აზრით, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები მომავალში?
- მოვლენები შეიძლება, რამდენიმე შესაძლო სცენარით განვითარდეს. მათ შორის ყველაზე უარესი ის იქნება, თუ მოლაპარაკებების ფორმატი ვერ იქნება მიღწეული და ესკალაცია უსასრულობამდე წავა, რაც ნამდვილად გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს. შედარებით მსუბუქი ვარიანტია, თუ ძალის დაბალანსების შედეგად მოხდება ურთიერთშეკავება და მდგომარეობა გაიყინება იმ ვითარებაზე, რომელიც დღეს გვაქვს, შემდეგ კი დაიწყება გრძელვადიანი პროცესი იმ პერსპექტივით, რომ ოდესმე მოლაპარაკებებიც გახდეს შესაძლებელი. ყველაზე საუკეთესო სცენარი კი იქნება ის, რომ დღესვე დაიწეროს, ასე ვთქვათ, "ახალი მსოფლიო წესრიგი", რომელსაც ძირითადი მოთამაშეები დაეთანხმებიან და ეს იქნება მშვიდობის მომტანი ყველასათვის.
ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ევროპა სწორი მიმართულებით მიდის, როცა ცდილობს რუსეთის ჩათრევას ცივილიზებულ დიალოგში, მაგრამ აუცილებელია ახალი ფორმატების შექმნაც, რათა რუსეთს მოეხსნას შიში და ის მოტივაციები, რაც წარმოშობს მის აგრესიას, რათა რუსეთი იქცეს ცივილიზებულ მოთამაშედ მსოფლიოში. სანამ რუსეთი არ გახდება ცივილიზებული სახელმწიფო, პრობლემები ჩვენთვის, ქართველებისთვის იარსებებს მუდამ.
პრობლემის მოგვარების რეალური გზა ამ ეტაპზე არის რუსეთის დაშლა იქნებოდა, თუმცა რუსეთი ამას არ დაუშვებს. რუსეთის ტერიტორიაზე ასიათასობით მშვიდობიანი მოქალაქეც რომ შეეწიროს ამას, ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის დანაწევრებას მაინც არ დაუშვებს, ამიტომ ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი და ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი ფიქრი და გააზრებული მოქმედებაა საჭირო ყველას, განსაკუთრებით - დასავლეთის ლიდერების მხრიდან, ვიდრე ჩვენ ამას ვაკეთებთ. აი, ეს არის რეალობა.
საინფორმაციო სააგენტო "პირველი"
ლევან სულაშვილი
