ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას სამი პირობის შესრულებას სთხოვს
ცნობილია, ისიც, რომ კომისიის დანიშნულება იყო, გამოერკვია, რამდენად შეეძლო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროკავშირს დასკვნა წლის ბოლომდე უნდა გაეკეთებინა, რასაც სავარაუდოდ, 2008 წლის პირველი ნახევრიდან ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე ინტენსიური მოლაპარაკებების დაიწყება უნდა მოჰყოლოდა.
2007 წლის შემოდგომიდან საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ თავისუფალ ვაჭრობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ევროინტეგრაცია უკვე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე გახდა დამოკიდებული.
ამის მიუხედავად, ქართული მხარე ევროპას მჭიდრო თანამშრომლობას რამდენიმე სფეროში სთავაზობდა, მათ შორის, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შექმნასა და არასატარიფო სავაჭრო ბარიერების შემცირებას სთხოვდა. თუმცა ქართული მხარე არც მალავდა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი მოთხოვნის შესრულებას არც აპირებდა. საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი იმასაც ამბობდა, რომ გავიზიარებდით მხოლოდ იმას, რაც მისაღები იყო, რაც არა - არ დავეთანხმებოდით.
ამის მაგალითად ქართული მხარე, შრომის კანონმდებლობის თაობაზე ევროკომისიასთან სერიოზული დებატებს ასახელებდა და აცხადებდა, რომ დღეს ჩვენ გაცილებით ლიბერალური კანონმდებლობა გვაქვს, ვიდრე ევროპის ქვეყნებს. ევროკომისია კი გვეუბნებოდა, რომ საქართველოში შრომის კანონმდებლობა უნდა გაგვემკაცრებინა, მაშინ, როცა თავად ევროპაში შრომის კანონმდებლობის გაიოლებას ცდილობენ.
დღეს, როდესაც საქართველომ კონკრეტული წინადადებები თავად ევროკავშირისგან მიიღო, ერთი შეხედვით, ყველა პრობლემა უსწრაფესად უნდა მოგვარდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპის ყველა მოთხოვნის შესახებ დიდი ხანია იცოდა და ყველაფერს უკუღმა აკეთებდა, რთულია ვიფიქროთ, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიმავალ გზას უმოკლეს დროში დაადგება.
შოთა მაქაცარია, საქართველოს სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტი:
- რაც მთავარია, ეს წინადადება ევროკავშირისგან წამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ მას თავად აინტერესებს საქართველოს ინტეგრაცია საკუთარ სტრუქტურებში, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროკავშირში მიღებას ან მის ასოცირებულ წევრობას. ევროკავშირში მიღებას წლობით დაახლოება სჭირდება, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გამოცხადება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ქვეყანა, რომელიც ევროპისაკენ ისწრაფის, ამ გზას აუცილებლად გადის. იგივე ხდება დღეს უკრაინასთანაც. იმ პირობებიდან რის შესრულებასაც ევროკავშირი ითხოვს, ჩვენგან ყველაზე ადვილი შესასრულებელი შრომის კოდექსის შეცვლაა.
ვიცით, რომ შრომის კოდექსი ნაჩქარევად გვაქვს მიღებული, სამოქალაქო საზოგადოებაში სერიოზული განხილვის გარეშე და არ ყოფილა გათვალისწინებული ყველა მხარის ინტერესები. არ გაუთვალისწინებიათ პროფკავშირის ინტერესები და მისი ფუნაქციები, დაქირავებული მუშაკის, ზოგ შემთხვევაში ფირმის ინტერესი და ა.შ. ამიტომ მისი შეცვლა ყველაზე ადვილია, ვფიქრობ, კოდექსის დაბალანსება პრობლემა არ უნდა იყოს.
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ჩვენთან მოქმედებდა და ანტიმონოპოლიური უწყებაც არსებობდა. ასეთი კანონმდებლობა და შესაბამისი უწყება აქვს ყველა ქვეყანას და იგი მოქმედებს როგორც აშშ-ში ასევე რუსეთში. ჩვენთან რატომ გააუქმეს გაუგებარია. ვისი კაპრიზიც იყო, ვიცით - ბენდუქიძის. ახლა გამოდის რომ ისევ უნდა აღვადგინოთ. სშირად გვემართება ასე, რაღაცას ვაუქმებთ, მერე საიდანღაც ვიღაც გვეტყვის საჭიროაო და მერე ისევ აღვადგენთ, სხვათა შორის ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ტვითონაც ვგრძნობთ, რომ ასეთი სტრუქტურის არსებობა საჭიროა.
რაც შეეხება სერტიფიცირებას, ეს მოთხოვნა საქართველოსთვის ყველაზე რთული შესასრულებელი იქნება. სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებული იყო, მაგრამ რატომღაც შეჩერდა. არ ვიცი, უცხოურ ორგანიზაციებს გრანტები გაუთავდათ თუ რა, მაგრამ, ეს ყველაზე რთული პირობაა, რადგან დროს მოითხოვს. ამის გარდა მოითხოვს სერიოზულ ცვლილებებსაც. გარდაქმნებია საჭირო სახელმწიფო სტრუქტურებში, ამის გაკეთება შედარებით ადვილია, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ თვით ფირმები უნდა გარდაიქმნან და ევროპულ სტანდარტებზე გადაეწყონ. დღეს ხომ ფაქტობრივად, ყოფილი საბჭოთა სტანდარტებით ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. თუ რეალურად მოვინდომეთ და ხელი მოვკიდეთ, ამასაც დავძლევთ.
ვფიქრობ, კანონმდებლობასა და ინსტიტუციონალურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება სულ რამდენიმე თვეშია შესაძლებელი. თუმცა თუ რეალურად მოვინდომებთ, რომ ევროსტანდარტებს მოვერგოთ, მთლიანი პროცესი უსაშველოდ ხანგრძლივი ნამდვილად არ იქნება.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის ქვეყნების წილის ზრდა, ძირითადად, ევროკავშირთან მჭიდროდ დაკავშირებული თურქეთის ხარჯზე ხდება. გაერთიანებულ ევროპაზე 2006-07 წლებში მთლიანი ექსპორტის 19-20 პროცენტი მოდიოდა, მაშინ, როდესაც 1996 წელს მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენდა.
ევროკავშირში ქართული ექსპორტი დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და სულ რამდენიმე სასაქონლო კატეგორია დომინირებს. მათ შორის, ყველაზე პოპულარულია კაკალი, მინერალური და შაქრის დანამატის შემცველი წყლები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მინერალური და აზოტოვანი სასუქები. განსაკუთრებული მოთხოვნა მაინც ქართულ კაკალზეა და მისი ექსპორტი ევროპის 15-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.
არსებობს მოთხოვნა ქართულ მინერალურ ან აზოტოვან სასუქებზეც, რომელიც ძირითადად, საფრანგეთში გადის, თუმცა პერიოდულად არსებობს მოთხოვნა ესპანეთსა და იტალიაშიც. აღსანიშნავია ფეროშენადნობები, ძვირფასი ლითონებისაგან ნაკეთობანი, დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო, იზოტოპები რაზეც, წლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შედარებით სტაბილური მოთხოვნა არსებობს. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ამ პროდუქციაზე ექსპორტის გაზრდის რეალური შანსი აქვს.
საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს შეხვედრები, სემინარები თუ სამიტები ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ქართული ღვინის გატანა ევროპაში. ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობაში საკმაოდ რთული არასატარიფო ბარიერებია, რომლის გამარტივებასაც დღეს ევროპა გვპირდება.
საქართველოში სერტიფიცირებული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ქართულ სასერტიფიკაციო ლაბორატორიებს საერთაშორისო აღიარება ექნებათ. საქართველოში მხოლოდ ერთი, ევროპული აკრედიტაციიის მქონე ღვინის ტესტირების ლაბორატორია არსებობს. თუმცა შესაბამისი საერთაშორისო სასერტიფიკაციო ეროვნული ორგანო ჯერ არ გვაქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ქართული საექსპორტო საქონლის სერტიფიცირება მთლიანად ევროპულმა ან მესამე ქვეყნების სასერტიფიკაციო უწყებებმა უნდა განახორციელონ.
ყველას გვახსოვს, რომ თავის დროზე ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, ხარისხის კონტროლი მიზანშეუწონლად ჩათვალა და საერთოდ გააუქმა. დღეს რამდენად მოინდომებს ევროპის ხათრით საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხარისხის მაკონტროლებელი სამსახურების შექმნას, ძნელი სათქმელია.
მოკლედ, ევროკავშირი საქართველოსგან ევროპული ცხოვრების წესს მოითხოვს, რაც როგორც ჩანს, საკმაოდ გაგვიჭირდება, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დასავლეთი ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგვეხმარება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3963