მსოფლიოს ფინანსური კრიზისი და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი
ფინანსურ კრიზისს ებრძვის შეერთებული შტატები და მსოფლიოს წამყვანი ბანკები. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ამერიკის ფედრეალურმა სარეზერვო სისტემამ, ბრიტანეთის, კანადის, იაპონიის და შვეიცარიის ბანკებმა განაცხადეს, რომ ერთობლივად გადაწყვეტენ ფინანსურ პრობლემებს. პარასკევს წამყვანმა ინდუსტრიულმა ინდექსმა - დოი ჯონსმა 3,9%-ით მოიმატა. მატება დაეტყო აზიისა და ევროპის ბაზრებსაც. ამდენად, მსოფლიო კრიზისის დაძლევის მხრივ, სასიკეთო შემობრუნება დაიწყო. ამ თემას ეძღვნება მსოფლიოს და რუსეთის წამყვანი გაზეთების პირველი გვერდები.
რუსული ”ვრემია ნოვოსტეის” ფურცლებზე ეკონომიკის ექსპერტი სერგეი ალექსაშენკო წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება გარკვეულწილად თვითონაა დამნაშავე დღევანდელ კრიზისში, რადგან ”საქართველოს კამპანიის” დროს საინფორმაციო ომი წააგო. ამან გამოიწვია დასავლური კაპიტალის რუსეთიდან გაქცევა და შესაბამისად, - კრიზისი. გაზეთი, ასევე, აღნიშნავს, რომ მრავალი წლის შემდეგ, რუსეთის კრიზისი მსოფლიო გლობალურ ფინანსურ კრიზისთან პარალელურად წარმოიშვა.
რაც შეეხება პოლიტიკას, საინფორმაციო საშუალებებისთვის საქართველოს თემა, პირდაპირ თუ ირიბად, ამ კვირაში კვლავ აქტუალური დარჩა.
”ნეზავისიმაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი კონსტანტინე რემუჩკოვი წერს, რომ - ”კრემლი არ აპირებს კონფრონტაციის გაღრმავებას დასავლეთთან. ძალიან მალე მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებების მთელი პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს დასავლეთის წამყვან ქვეყნებთან ურთიერთობის დათბობას და კონფრონტაციის შესუსტებას.” ამის საფუძველს ”ნეზავისიმაიას” რედაქტორს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაცია აძლევს. ავტორი თვლის, რომ მედვედევს ეს ნაბიჯი გადააწყვეტინა დასავლეთის თავშეკავებულმა რეაქციამ აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარების გამო.
- ”რუსეთის მიმართ რეალურ სანქციებზე უარის თქმამ, მიუხედავად აგრესიული რიტორიკისა, აშკარა გახადა, რომ დასავლეთი საქართველოს გამო ჩხუბს არ აპირებს. ასევე, ფინანსურმა კრიზისმა გამოაჩინა, რომ ჩვენი ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი გახდა და მსოფლიო კრიზისის დაძლევა, რუსეთის იზოლაციის პირობებში, შეუძლებელია”.
რუსეთის პრეზიდენტის მომავალ ნაბიჯებზე რედაქტორი წერს, რომ რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ დათმობს კავკასიის ორ რესპუბლიკას და, ასევე, არ აპირებს რადიკალურ დათმობებს ეკონომიკაში (იგულისხმება ენერგორესურესები). მეორეს მხრივ, შეამსუბუქებს იმ ადამიანთა მდგომარეობას, რომლებსაც დასავლეთი პოლიტპატიმრებად თვლის (ხოდორკოვსკი და სხვები); დასავლეთის კომპანიებს უფრო ადვილ რეჟიმში მისცემს უფლებას, რუსეთის ბუნებრივი სიმდიდრეები აითვისონ და გაატარებს საკადრო ცვლილებებს მთავრობაში. ამ მხრივ, მოიშორებს იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც ვაშინგტონს აღიზიანებს, ესე იგი, სერგეი ლავროვს, რომელიც ”თითქმის რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაციის სიმბოლოდ გადაიქცა. ლავროვი შეიძლება ვიცე-პრემიერამდე აამაღლონ, მაგრამ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხმად და სახედ აღარ დარჩება,” – წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა”.
ამ მოსაზრებებისაგან განსხვავებით, მსოფლიო პრესის ყურადღება მიიქცია კონდოლიზა რაისის გამოსვლამ ვაშინგტონში. მარშალის ფონდში რაისმა დაგმო რუსეთის პოლიტიკური ნაბიჯები, დასავლეთ ევროპას მოუწოდა, არ აყოლოდა რუსეთის დაპირებებს და კვლავ ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, რომელიც რაიმე კორექციას არ ექვემდებარება. თუმცა, სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ილაპარაკა, რუსეთის მსოფლიო სისტემებში ინტეგრაციასა და შეერთებული შტატებისაგან რუსეთის დემოკრატიული ძალების მხარდაჭერაზე.
გაზეთი ”ინდეფენდენთი” თვლის, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი კარგა ხნით გადაიდო და საქართველოს კრიზისმა, ამ მხრივ, უკრაინაც დააზარალა.
”თაიმსი” კი აფრთხილებს საზოგადოებას, რომ რუსეთმა გაზარდა იარაღის გაყიდვა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან ვაშინგტონის პოლიტიკას. ლაპარაკია ირანზე, რომლისთვისაც რუსეთი 700 მილიონის 20 სარაკეტო სისტემის მიყიდვას აპირებს და ვენესუელაზე, სადაც წინასწარი მოლაპარაკებისათვის ვლადიმერ პუტინის მეგობარი, რუსეთის ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი გეგმავს ვიზიტს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4041