ევროკავშირი მზადაა, საქართველოში 300-ზე მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნოს
ევროკავშირი მზადაა, საქართველოში 300-ზე მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნოს
ევროკავშირი მზადაა, საქართველოში არა 200, არამედ 300-ზე მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნოს, – იტყობინება ფრანგული საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესი". როგორც ევროკავშირის მისიასთან დაახლოებულმა ევროპელმა ჩინოვნიკმა სააგენტოს აცნობა, მისია დაახლოებით 340 ადამიანს შეადგენს. "ამასთან, 1 ოქტომბერს რუსეთთან მოლაპარაკებების შესაბამისად, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიებზე მისია 200 ადამიანის შემადგენლობით განლაგდება. ისინი თბილისში 26 სექტემბრამდე ჩამოვლენ", - აღნიშნავს ჩინოვნიკი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში სადამკვირვებლო მისია 1 ოქტომბრამდე ჩამოვა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონებში განლაგდება. სადამკვირვებლო მისიის მანდატი 12 თვეს მოიცავს, მისი ამოცანა ე.წ. მედვედევ-სარკოზის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაზე კონტროლი, ასევე ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და დევნილების დაბრუნებასა და აღდგენით სამუშაოებში თანამშრომლობაა.www.pirveli.com.ge
