პავლე პალაჟჩენკო - ხანდახან დიპლომატებს ჰგონიათ, რომ ლინგვისტური ეშმაკობებით მიზნის მიღწევა შეუძლიათ
ითვალისწინებდა, რუსული მხარის მტკიცებით, იმავე 12 აგვისტოს შეთანხმებით თბილისმა იურიდიულად დაკარგა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე სუვერენიტეტის უფლება, ამ და სხვა მიზეზთა გამო მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 26 აგვისტოს ოფიციალურად აღიარა.
შეთანხმების მე-6 პუნქტზე აზრთა სხვადასხვაობასა და რუსული პოზიციის "შეუვალობაზე" უკანასკნელი სამი კვირაა ხაზგასმით მიუთითებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი. საპირისპიროს ამტკიცებს მოლაპარაკებათა პროცესის აქტიური მონაწილე და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი ხავიერ სოლანა. მთელი ეს პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეთანხმების მე-6 პუნქტზე აზრთა სხვადასხვაობა თარგმანისა და თარჯიმანთა შეცდომებს უკავშირდებოდა.
ვენაში გამართულმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომამ, რომელზეც უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება საქართველოში ეუთოს დამკვირებელთა 80-კაციანი ჯგუფის გაგზავნის შესახებ, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ შეთანხმების მე-6 პუნქტზე ბრიუსელის, მოსკოვისა და თბილისის განსხვავებული დამოკიდებულება 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების გადაულახავ პრობლემად იქცა.
12 აგვისტოს შეთანხმების საკამათო საკითხებზე სასაუბროდ რუსული "ნოვაია გაზეტა" თარჯიმანთა წრეებში ავტორიტეტულ პიროვნებას, საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის პირად თარჯიმანს, ამჟამად გორბაჩოვის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს პავლე პალაჟჩენკოს ესაუბრა.
გაზეთი გამოცდილ თარჯიმანს პოლიტიკოსებთან მუშაობისას თარგმნის სირთულეების დეტალებზე ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო 12 აგვისტოს შეთანხმების საკამათო მე-6 პუნქტის მიღების სავარაუდო დეტალებს. გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც ნათლად ჩანს საკამათო პუნქტზე რუსეთში ერთ-ერთი გამოცდილი თარჯიმნის პოზიცია.
- "თარგმანის სიძნელეებზე" კამათმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, თქვენი აზრით, რატომ?
- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა მაშინ, როცა მას შეეკითხნენ თუ რაში მდგომარეობს ცნობილ შეთანხმებაში მე-6 პუნქტთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის მიზეზი, მან უპასუხა, რომ მიზეზი, "როგორც ყოველთვის, თარგმანშია". თარჯიმნების თანამეგობრობაში ამ თემაზე საუბარი დაიწყო. სხვადასხვა საიტებზე დისკუსიებიც კი იყო, ვიღაც ხარობდა კიდეც.
პირველ ყოვლისა უნდა ითქვას, რომ კუშნერის ნათქვამი იყო ირონია, რომელიც ყველამ როდი აღიქვა ირონიად. მეორეც, მას ხომ არ უთქვამს, რომ მომხდარში თარჯიმნები იყვნენ დამნაშავე.
რა თქმა უნდა, ფორმულირებებში - "სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოება" და "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის უსაფრთხოება" არის განსხვავება, მაგრამ თარჯიმანს უბრალოდ არ შეეძლო ასეთი შეცდომის დაშვება. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ეს იყო დიპლომატების მცდელობა მიესადაგებინათ ფორმულირება თავისი პირვანდელი პოზიციისთვის. დიმიტრი მედვედევის პირვანდელი ფორმულირება, რომელიც ნიკოლა სარკოზიმ გაიმეორა იყო: "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის უსაფრთხოება", (რუსულ ვარიანტში - ყოველგვარი წინდებულის გარეშე, ქართულ ვარიანტში - ყოველგვარი უკანასართის, გარეშე )
ჩემი აზრით, რუსეთიც და ევროკავშირიც უნდა მიჰყოლოდა და გაეზიარებინა 12 აგვისტოს პოზიცია, მაგრამ ვიღაცამ ბაგირის გადაწევა დაიწყო. მოკლედ, მე ვიცავ თარჯიმნებს და ამას ვაკეთებ არა მარტო პროფესიული სოლიდარობის გამო.
ყველაფერი პოლიტიკას და არა ლინგვისტიკას უკავშირდება. თუ არის მოლაპარაკებებისა და კომპრომისებზე წასვლის სურვილი, ამგვარი რაღაცები პრობლემა არ არის. თუ ასეთი სურვილი არ არის, შეიძლება წინსართების ამოღება. ისე, უმჯობესია არ ითამაშო სიტყვებით.
ყველა მოლაპარაკებებზე კონკურენციას უწევს ორი ტენდენცია - მოლაპარაკებებზე თავისი პოზიციისათვის რაც შეიძლება მეტი გამოადნო. ხანდახან დიპლომატებს ჰგონიათ, რომ ლინგვისტური ეშმაკობებით შეუძლიათ მიზნის მიღწევა. ჩემი გამოცდილებით ვამბობ, რომ ეს ასე არ არის.
ამის კიდევ ერთი მაგალითია შემთხვევა სიტყვებთან, ჯარების "უკანდახევა"-სა (отвод) და "გაყვანა"-სთან (вывод) დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი მხრიდან იყო ამ სიტყვების განსხვავებაზე თამაშის მცდელობა. სიტყვა "უკანდახევით" (отвод) ჩვენები შეეცადნენ დაესაბუთებინად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეყვანილი რუსეთის ჯარის გაუყვანლობა.
ეს კი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის მიერ 12 აგვისტოს ხელმოწერილ შეთანხმებას. რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა 12 აგვისტოს მოლაპარაკებების შედეგების შეჯამებისას წაიკითხა ტექსტი და ჯარებთან დაკავშირებით ახსენა სწორედ სიტყვა "გაყვანა" (вывод), თანაც იმ პოზიციებზე, რომელიც მათ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეკავათ.
ჯარების "უკანდახევაზე" (отвод) დაჟინებული მოთხოვნა არასწორია. ვინაიდან, "უკანდახევა" (отвод) - ეს არის, როცა რაღაც მოქმედება ხორციელდება ერთი ქვეყნის ფარგლებში.
- შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ საკუთრივ ქართული ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში "უკანდახევა" (отвод), რუსეთის მხრიდან იმის ირიბი აღიარებაა, რომ ორივე რესპუბლიკა რჩება სუვერენული საქართველოს ნაწილად?
- ასე გამოდის. სწორედ ამიტომაა, რომ სიტყვა "უკანდახევა" (отвод) ჩვენს ოფიციალურ პოზიციას არ ემთხვევა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ასე რომ უკეთესი იქნებოდა, გენერლები ლინგვისტიკაში არ ერეოდნენ.
