650 ლარის უქონლობის გამო სახელმწიფომ 6 ბავშვი უსწავლელობისთვის გაწირა
650 ლარის უქონლობის გამო სახელმწიფომ 6 ბავშვი უსწავლელობისთვის გაწირა
[ნიკა ასლანიძე]ტელეკომპანია ”იმედით” უკმაყოფილო მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. ”პრესა.გე”-ს ქარელის რაიონის სოფელ ლეთეთის სკოლის პედაგოგები მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც მათი გასაჭირის ამსახველი სიუჟეტი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ დაბლოკა. ლეთეთის დაწყებითი სკოლის მასწავლებლები პრეზიდენტისგან დანაპირების შესრულებას მოითხოვენ. სოფლის ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება - ლეთეთის სკოლა დაიხურა.
ქარელის რაიონის სოფელი ლეთეთი ცეტრიდან დაახლოებით სამი კილომეტრითაა დაშორებული. კონფლიქტის ზონასთან ახლოს ეს ერთ-ერთი ქართულ-ოსური სოფელია, სადაც მოსახლეობის უმეტესობას ეროვნებით ოსები შეადგენენ. ბოლო პერიოდის დაძაბულობას აქ ადგილობრივებში დაძაბულობა არ მოჰყოლია. ახლა მათი საზრუნავი ლეთეთის დაწყებითი სკოლისთვის ფუნქციის დაბრუნებაა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ”ვერგამონახვის” გამო დაიხურა.
სოფელში არ არსებობს არც გასართობი ცენტრი, არც სპორტული მოედნები და თქვენ წარმოიდგინეთ, არც სკვერები და შადრევნები. სოფლის მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ამ სოფლის არსებობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ეს სკოლა და სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები იყო, რომელსაც პედაგოგები აქტიურად ახმოვანებდნენ.
2005 წელს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლა ფინანსურად ქარელის ნომერ მე-2 საჯარაო სკოლაზე გახდა დამოკიდებული. თანხების ნაწილს მუნიციპალიტეტიც იხდიდა. თითო მოსწავლეზე სახელმწიფო 300 ლარს გამოყოფდა. ლეთეთის სკოლის წლიური ბიუჯეტი საშუალოდ 4’500 ლარს არ აღემატებოდა, პედაგოგთა ხელფასები კი - 100 ლარს.
თამაზ ვალიშვილი: ”იმისთვის, რომ სკოლამ ფუნქციონირება გააგრძელოს, მასწავლებელთა ხელფასები რომ გავისტუმროთ 650 ლარია საჭირო. ჩემი ხელფასი 45 ლარია და თანახმა ვარ, რომ ამ ხელფასზე ვიმუშაო, თუნდაც ექვსი მოსწავლე იყოს. ექვსი გაუნათლებელი და წერა-კითხვის უცოდინარი საქართველოს მოქალაქე ხელისუფლებსთვის არაფერს ნიშნავს?! გამგებლის ხელფასი 1’000 ლარზე გაცილებით მეტია... მე სულ რაღაც 650 ლარს ვითხოვ რომ ექვსი მასწავლებელი შევინახო, ზოგიერთი მათგანი სკოლაში მოსასვლელად ფეხით 10 კილომეტრს გადის. თვის ბოლოს კი სულ რაღაც 77 ლარი მიაქვს სახლში. მაშინ როცა სოფელში არაფერი არ არსებობს, არ შეიძლება რომ ერთი საგანმანათლებლო ცენტრი შევინარჩუნოთ?! პრეზიდენტმა თქვა, სკოლა ყველა სოფელსო და ჩვენი სოფელი სოფელი არ არის?”
ქარელის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში ამბობენ, რომ ექვსკაციანი სკოლის დაფინანსება პრობლემებთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, ეს ბიუროკრატიული ბარიერებია. სკოლის დახურვის კიდევ ერთ მიზეზად სკოლის მოსწავლეთა სიმცირე სახელდება. როგორც ”პრესა.გე”-სთვის გახდა ცნობილი, სოფელში ბევრია სწავლის მსურველი, მაგრამ ამისთვის ფინანსები არ ყოფნით. სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურესად გაჭირვებულია
ლეთეთის სკოლის თითო მოსწავლე ვაუჩერის სახით 300 ლარს იღებს. წელს სკოლისთვის ბიუჯეტი 1800 ლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფომ პრობლემის მოგვარების სხვა გზა მოძებნა - ლეთეთის სკოლის მოსწავლეებს ქარელის ¹2 საჯარო სკოლაში გადასვლას სთავაზობენ. ანუ, მოსწავლეებმა სკოლამდე და უკან ფეხით 6 კილომეტრი უნდა გაიარონ.
მოდით ახლა ისიც ვნახოთ, შეძლებენ თუ არა მოსწავლეები ქალაქში ფეხით სიარულს. ოღონდ, არ დაგვავიწყდეს, რომ უსახსრობის გამო ძალიან ბევრი ბავშვი სოფლის სკოლაშიც ვერ დადის.
ქეთევან ბერუაშვილი ოთხი ობოლი შვილის დედაა. უფროსი ქალიშვილი სწავლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. თუმცა, სანამ მის ნიჭიერებას შეამჩნევთ, თვალში მაშინვე მოგხვდებათ, რომ პატარა თინათინი ფეხშიშველი დადის. ქეთევან ბერუაშვილი ამბობს, ბავშვებს მხოლოდ ”კალოშები” აქვთ, რომლითაც ეზოში გადიანო. ამ ოჯახიდან წელს სკოლაში ვერცერთი ბავშვი ვერ წავიდა.
თინათინ ბერუაშვილი: ”ქარელის სკოლაში რომ გადავიდეს ელემენტარული ტანსაცმელი ხომ უნდა გქონდეს? აქ თუ მომინდებოდა, სულ ”კალოშებით” (სატუცაო) გადავიდოდი სკოლაში და არ შემრცხვებოდა... არც ტრანსპორტია, არც არაფერი...”
როგორც გავარკვიეთ ბერუაშვილების ოჯახი ერთადერთი არაა, ვისი შვილებიც ლეთეთის სკოლის დახურვის შემდეგ ქარელის სკოლაში ვერ გადავიდნენ. მიზეზი ყველასთვის ერთია: ტრანსპორტის არარსებობა, უსახსრობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება და სკოლის სიშორე.
მანანა გ: ”ამბობენ, რომ ბაშვების სიმცირეა და არავინ არ დადისო, ცოტა ხელი შეავლონ ამ სკოლას და უფრო მეტი ბავშვი ივლის. ამ პირობებშიც კი დადიოდნენ ჩვენი შვილები და ახლაც ივლიან... ზამთარში წინ და უკან ექვსი კილომეტრი როგორ ვატაროთ შვილები ქარელში? თან, ასეთ დაძაბულ სიტუაციაში! რა ვიცი მე, რა ხდება... განა რა თანხებზეა ლაპარაკი, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი ამ სოფლის არ დაიხუროს...?”
როგორც ”პრესა.გე”-სთვის გახდა ცნობილი, საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ლეთეთის დაწყებითი სკოლა არ გახსნება. სწავლა კი, ვისაც როგორ გინდათ ისე მოახერხეთო. ალბათ, ციფრი ექვსი ყურში მაინც არასერიოზულად ჟღერს. აი, პრეზიდენტს რომ უყვარს, ისე რომ ჟღერდეს... მაგალითად, 100 მოსწავლე, 100 ტრაქტორი... - მაშინ ფინანსები აუცილებლად გამოჩნდებოდა.
ეს იყო ის სიუჟეტი, რომელიც, თამაზ ვალიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია ”იმედმა” ეთერში გაუგებარი მიზეზის გამო არ გაუშვა. ქართულ-ოსურ სოფელ ლეთეთში კი ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევაზე კონფლიქტის ზონასთან ახლოს კიდევ უფრო აქტიურად საუბრობენ.
P.S. როგორც ზემოთ ვახსენეთ სკოლისთვის ფუნქციის დაბრუნებას უხეში გათვლებით სულ რაღაც 2’500 ლარი დასჭირდება. ბიუჯეტში ამ რაოდენობის თანხა ვერ მოიძებნა. შედარებისთვის გეტყვით, რომ საქართველოს თავდაცვის მისნიტრის, 2008 წლის 26 აგვისტოს №480 ბრძანების თანახმად თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურეობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე მიეცათ დანამატი თვეში: დეპარტამენტის უფროსი - 1’300 ლარი, მოადგილე - 1’100 ლარი, სამმართველოს უფროსი - 1’100, მოადგილე - 650 ლარი, განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცერი - 550 ლარი. მთავარი სპეციალისტი-ანალიტიკოსი - 450 ლარი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4058