რუსეთუმეობა – სენი, რომელიც არ იკურნება
რუსეთუმეობის სათავეებთან
ერეკლე მეფის მიერ დადებული “გეორგიევსკის ტრაქტატი” მაშინდელმა საქართველომ მეფის დიდ დიპლომატიურ წარმატებად შერაცხა და ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ერეკლემ დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით საქართველო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა და უფრო მეტიც - ძალიან რეალური ხდებოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება.
გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: “იმის მიუხედავად, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი არანაირად არ ითვალისწინებდა საქართველოს რუსეთთან მიერთებას, საქართველოში მაინც გამოიძებნა ხალხი, რომლებიც ერეკლეს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მან საქართველოს რუსეთთან მიერთებაზე უარი განაცხადა და ამბობდნენ, რომ ამით ბაგრატიონები “სამეფო ტახტს ებღაუჭებიანო”. რუსეთთან მიერთების მოძრაობის მომხრენი ძირითადად მხოლოდ თავად-აზნაურობ\ის ნაწილი იყო, გლეხობა კი “ურუსთა შემოსვლას” თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა, რაც ერთობ ბუნებრივია. თავადები რუსეთის იმპერიაში შესვლის შემთხვევაში საკუთარი გავლენების გაზრდაზე ოცნებობდნენ, გლეხებს კი ერჩივნათ ისევ ქართველი თავადებისათვი ემუშავათ, ვიდრე გადამთიელი “კნიაზებისათვის”.
მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა, პავლე პირველმა საქართველოს დამოუკიდებლობა სრულიად მოღალატურად და ნაძირლურად გააუქმა და ჩვენი ქვეყანა რუსეთის ერთ-ერთ რიგით გუბერნიად აქცია, ამან ბევრი მაშინდელი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი აღაშფოთა, თუმცა ყველა როდი მიიჩნევდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხუხულასავით დაგვემხო... ძალიან ბევრმა მოღალატე ქართველმა რუსეთის ეს ნაბიჯი იმპერატორ პავლეს ბრძნულ გადაწყვეტილებად შეაფასა და არსებული სიტუაციით ფრიად კმაყოფილი დარჩა.
დიდი მადლობა იმპერატორს
1809 წლის თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ “კავკაზში” ვინმე მ. ლაფეროვის (ლაფერაშვილის) წერილში ვკითხულობთ: “განა სასაცილო არ იყო საქართველოს დამოუკიდებლობა? დამოუკიდებლობა იმ ქვეყნისა, სადაც 10 ათასი მოლაშქრის გამოყვანაც კი არ შეიძლებოდა. არადა, ზოგიერთსა ჰგონია, რომ ძველ დროს ხალხი უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე ახლა. საქართველოში იყო შიმშილი, ჭირი, გაჭირვება... რუსეთის იმპერატორის გონიერებას უნდა ვუმადლოდეთ, ახლა ხალხს რომ დავემგვანეთ...” საინტერესოა, რომ სწორედ ამ წლებში რუსეთში დიდი შიმშილობა იყო და იმპერატორის მიერ საქართველოში წარმოგზავნილმა ჟანდარმებმა რუსეთში გასაგზავნი ხორბალი შიდა ქართლისა და კახეთის სოფლებში ხალხს სულ ძალით წაართვეს, აქაოდა გადასახადები გაიზარდაო.
მე-19-ე საუკუნის შუახანებიდან, ანუ მას მერე, რაც მრავალი აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ, რუსეთმა ჩვენს ქვეყანაში ფეხი მყარად მოიკიდა, რუსეთუმეობა უკვე ჩამოყალიბებულ და სტრუქტურირებულ იდეოლოგიად იქცა. ამ პერიოდში საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბარი ბევრ ქართველ მოღვაწეს სიცილადაც კი არ ყოფნიდა რადგან, გრიგოლ ორბელიანის მიერ ნათქვამ ფრაზას თუ გავიხსენებთ, თურმე: “დამოუკიდებლობაზე ფიქრი ქართველი ხალხის მხრიდან რუსეთისადმი გამოჩენილი დიდი უმადურობა იქნებოდა”.
ასეთი განწყობები მაშინდელ გარკვეულ წრეებში სამწუხაროდ ერთგვარად მოდურიც კი იყო და ის ყველა შეხედულება, რომელიც საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან გასვლას აღიარებდა, შეიძლება ითქვას, რომ ძველმოდურად განიხილებოდა. ამის მიუხედავად, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის ნამდვილ სახესა და მიზნებს კარგად ხვდებოდა.
კობა ქანთარია, ისტორიკოსი: “ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ ყველაზე დიდი დარტყმა უბრალო ხალხს მიაყენა, რადგან ეკლესია იყო ის ადგილი, სადაც ქართველები არა მხოლოდ წირვებს ესწრებოდნენ და საეკლესიო საიდუმლოებებს ეზიარებოდნენ, არამედ ეკლესიას ჰქონდა ერთგვარი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქცია, სადაც ბავშვები ელემენტარულად ქართულად წერა-კითხვას სწავლობდნენ.
როდესაც ქართული განათლების ეს კერა მოიშალა და ქართველი პატრიარქის ადგილი რუსმა ეგზარხოსმა დაიკავა, ქართველ ხალხში ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ქართულ ტაძრებშიც რუსულ ენაზე მიმდინარე წირვა-ლოცვებს ფაქტობრივად აღარავინ ესწრებოდა. ეს იყო ღია პროტესტი რუსეთის იმპერიის მიმართ, რასაც იმპერია ფაქტიურად ვერაფერს უპირისპირებდა. რუსი მღვდლების წირვებს ძირითადად მხოლოდ ის ქართველები ესწრებოდნენ, რომლებმაც კარიერული წინსვლის მიზნით რუსული იცოდნენ და ყოველნაირად ცდილობდნენ, იმპერიისადმი ერთგულება დაედასტურებინათ”.
ისინი ყოველთვის იყვნენ...
დღეს ბევრს საუბრობენ ილია ჭავჭავეძეზე, როგორც ერის მამაზე, ქართველ განმანათლებელზე და სხვა... მათ შორის, ის ადამიანებიც საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ “მასონურ ამერიკას ჩვენი ისტორიული მეგობარი, რუსეთი სჯობს”, მაშინ, როდესაც სწორედ ილია იყო ის ადამიანი, რომელმაც რუსეთის იმპერიის თანამდებობებზე და ჩინ-მედლებზე მეოცნებე მაშინდელი ქართული თავად-აზნაურობა მიახვედრა იმას, რომ სწორედ რუსეთი იყო ყველა ქართული უბედურების სათავე.
ალბათ, ზედმეტია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მდგომარეობა იყო კომუნისტურ ეპოქაში. ამ დროს რუსიფიკაციის უზარმაზარ მანქანას თავისი საქმე დიდწილად უკვე გაკეთებული ჰქონდა და რუსეთუმეობა არა მხოლოდ იდეოლოდგია, არამედ ბევრი ქართველის ცხოვრების წესი იყო.
1921 წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან და აფხაზეთიდან შემოჭრილი რუსულ არმიებში საკმაოდ ბევრი ეროვნებით ქართველი იყო, აზერბაიჯანისათვის საინგილოს ჩუქება ყველსათვის კარგად ცნობილი ვაიქართველის დამსახურებაა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების ჩახშობაში რუსებზე მეტად თავი ქართველმა ოფიცრებმა გამოიჩინეს, 1937 წლის მასობრივი რეპრესიების დროს თბილისში მეზობლების დასმენა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და კიდევ უამრავი რამის გახსენება შეიძლება. ეს ყველაფერი კი რუსეთუმეებმა, ანუ იმ ქართველებმა გააკეთეს, რომლებიც საკუთარ სამშობლოდ რუსეთს მიიჩნევდნენ და მათთვის საქართველო მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი იყო.
რუსეთუმეები საქართველოში ახლაც ძალიან ბევრია და ახლაც ოცნებობენ იმ დროზე, როდესაც “ერთმორწმუნე ძმები ხელჩაკიდებულნი ვივლით”, ამასობაში კი ქართულ სოფლებს თავზე “ერთმორწმუნე ძმების” ჭურვები აცვივა...
http://presa.ge/index.php?text=news&i=4074