სიტყვის თავისუფლება კვლავ სასამართლოს წნეხის ქვეშაა
სიტყვის თავისუფლება კვლავ სასამართლოს წნეხის ქვეშაა
[თემურ დოლიძე]“სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს” მიზანმიმართულად ებრძვიან. ჯერ იყო და კომპანია კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ 500 ლარით დააჯარიმა, რომელიც “ჰერეთმა” სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, ყვეაფერი ამაოდ, გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 11 დეკემბრის N757 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც საზოგადოებას ულიცენზიოთ ნუმერაციის რესურსით სარგებლობისათვის დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები: სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა მოსარჩელის შუამდგომლობით და საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, რითაც ვერ დადასტურდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები, რომ თითქოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის საზოგადოების ულიცენზიოდ საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო გადაწყვეტილების მიღებამდე ორი თვით ადრე და შესაბამისად გასული იყო კანონით განსაზღვრული სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადა.
მითითებული გარემოების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გარდა მოსარჩელე მხარის მოწმეთა ჩვენებებისა, მოპოვებული იქნა 2006-2007 წლებში კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თანამშრომელთა არა მარტო ლაგოდეხის რაიონში, არამედ მთლიანად კახეთის რეგიონში მივლინების დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლითაც, ისევე როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ვერ დადასტურდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სახდელის დადებისას კანონისმიერი ვადების დარღვევა.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოტივად მიუთითა ის გარემოებაც, რომ მას არ ჩაბარებია მარეგულირებელი კომისიის მოწვევა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მისაღებად, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დადასტურებულია და მოსარჩელეც არ უარყოფს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა, ესწრებოდა სხდომას და ჰქონდა საშუალება მოეხდინა მისი უფლებების რეალიზაცია.
მედიაექსპერტ ია ანთაძის განცხადებით, “ჰერეთის” სარჩელზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ხელისუფლების მხრიდან მომდინარეობს”. “ჰერეთი” ის მედიასაშუალებაა, რომელსაც ენდობიან მსმენელები, ნდობის მოპოვება კი შესაძლებელია სტანდარტის დაცვით, რაც თავისთავად სიმართლის თქმას გულისხმობს. თუ ამ ჯაჭვს გავყვებით, ლოგიკურად მივალთ იქამდე, რომ ეს ხელისუფლებას არ სიამოვნებს. რადიოს მიმართ გამოტანილ განაჩენს ვუკავშირებ მის საქმიანობას, სტილს, შინაარსს და დაუმორჩილებლობას სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ”, - აცხადებს ია ანთაძე და საზოგადოებას “ჰერეთის” თანადგომისკენ მოუწოდებს, რათა “კომპანიას არაკანონიერი ჯარიმის გადახდა არ მოუხდეს”.
საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ რადიო “ჰერეთის” დღევანდელი სასამართლო პროცესი ”სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლის დასტურია”.
- “თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის არაკანონიერი აქტი დააკანონა. მე მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური შეკვეთა იყო, რადგან ხელისუფლება “ჰერეთის” საქმიანობით უკმაყოფილოა და ამით დასაჯა მედიაკომპანია მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე ალაპარაკდა. დღევანდელი სასამართლო დასტურია იმისა, რომ საქართველოში ებრძვიან სიტყვის თავისუფლებას”, - განაცხადა სოზარ სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ზოგადად ქვეყანაში ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაზეც ამახვილებს ყურადღებას.
- “ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებები მიზანმიმართულად ირღვევა, - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, - ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ხდება განსხვავებული აზრის მქონე პირთა დევნა, არ ტარდება სამართლიანი არჩევნები, რადგან მას სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი წარმართავს.
ხშირია შემთხვევები ადამიანის საკუთრების ხელყოფის და კორუფციის, ხოლო კანონით დაშვებულ შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. ამასთან, იდევნება თავისუფალი სიტყვა, მედია კი მთლიანად სახელმწიფოს მიერაა კონტროლილებადი”.
სახალხო დამცველის შეფასებით, “ყოველივე ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის კანონებს და არ არის თავისუფლება და ევროპისკენ მიმართული გზა”.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღა გამოაცხადა. აგერ ტალღა და აგერ ხვალეო.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4131