ლეხ კაჩინსკი: დასავლეთმა არასწორი დასკვნები გამოიტანა
თქვენ ამბობთ, რომ რუსეთს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა სურდა?
- დიახ. ჩემი და, ასევე, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტების ჩარევა, აშშ-ს, ნატოს და ევროკავშირის მცირეოდენი მცდელობა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთი შორს ვეღარ წავიდა. მაგრამ ვერ დავუტოვეთ აფხაზეთის და ოსეთის ტერიტორიები, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა. რუსებმა აჩვენეს დასავლეთის უდავო უუნარობა. ეს ძალიან ცუდია, რადგან დასავლეთი სინამდვილეში გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუსეთი.
დაუშვეს თუ არა ქართველებმა შეცდომა, როცა აგვისტოში სამხრეთ ოსეთზე მიიტანეს იერიში?
- ეს შეცდომა პროვოცირებული იყო. ეს იყო გამოცდა გამძლეობაზე და რუსეთმა აჩვენა ის სახე, რაც უნდოდა, რომ ეჩვენებინა - იმპერიული სახე. ახლა უკრაინას ემუქრება საფრთხე. ჩვენ არ გვინდა ახალი ვარშავის პაქტის და საბჭოთა კავშირის დაბადება ვიხილოთ.
ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომ ყველაზე ანტირუსულად განწყობილი ევროპელი ლიდერი ხართ. ასეა?
- მე რაციონალური ვარ და არა ანტირუსული. მე კარგად ვიცნობ რუსეთის მხრიდან წამოსულ სახიფათო ტენდენციებს, ჯერ კიდევ ელცინის ეპოქიდან მოყოლებული. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ იმპერიული ერა დასრულდა.
ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ თქვენ ძალიან შორს წახვედით რუსეთის კრიტიკაში.
- ასე არ არის. ეს სიტუაცია რაღაცით მიუნხენის სიტუაციას ჰგავს. მაშინაც ჰიტლერს ბევრი ეპირფერებოდა და მათ მტკიცედ სჯეროდათ, რომ მართლები იყვნენ. დრომ სულ სხვა აჩვენა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ისეთივე ენთუზიაზმით არ შეხვედრია აშშ-ს თავდაცვითი სარაკეტო სისტემების განთავსებას პოლონეთის ტერიტორიაზე, როგორც თქვენ.
- მე ვაჯობე (იღიმება)
საქართველოს კონფლიქტის გამო ხომ არა?
- დიახ, ასეა. მე მხარი დავუჭერე ამ სისტემებს არა იმიტომ, რომ ირანი ბირთვულ შეტევას დაიწყებს ან იმიტომ, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველ იარაღად მიმაჩნია, არამედ იმიტომ, რომ ეს გააღრმავებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ამ არეალზე. ჩემი ქვეყნის ინტერესებში შედის მჭიდრო კავშირები ჰქონდეს შეერთებულ შტატებთან.
თუ თქვენ არ ფიქრობთ, რომ თავდასხმა ირანიდან და რუსეთიდანა მოსალოდნელი, მაშინ ვის წინააღმდეგ არის მიმართული სისტემა?
- თეორიულად, მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ. მაგრამ მე ვიცი, როგორ დაიცავს ის პოლონეთს: ეს განამტკიცებს იმ აზრს, რომ აშშ არასდროს გახდება ინდეფერენტული რუსეთის მცდელობის მიმართ - მოაქაციოს პოლონეთი თავისი გავლენის სფეროში.
გამოდის, რუსეთი მართალი ყოფილა, ე.ი. სისტემა მიმართულია მის წინააღმდეგ?
- თუ თქვენ თვლით, რომ ჩემი ქვეყანა რუსეთის იმპერიის შორეული ნაწილი უნდა გახდეს, ჩემი ფუნდამენტური მოვალეობა იქნება, ამის პრევენცია. მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ გულისხმობს არანაირ სამხედრო მოქმდებებს.
შესაძლოა ნატოს და რუსეთის დამეგობრება?
- ჩვენს გეგმებში არ შედის ცივი ომის პერიოდში დაბრუნება, და ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, დავუბრუნდებით თუ არა. საქართველოს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპამ ამ გაკვეთილიდან სწორი დასკვნა ვერ გამოიტანა. ნატოს საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ი რომ მიეცა, დიდად ვეჭვობ, რომ ეს კრიზისი დაწყებულიყო. ნატოს თავისი ხარვეზები აქვს, მაგრამ ის სტაბილიზაციის გარანტია.
