“სამართლიანობის გარეშე საქართველოში მშვიდობა ვერ დამყარდება”
რაც შეეხება წერილს, იგი გავუგზავნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
რა თქმა უნდა, მეტად სამწუხაროა, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მართლმადიდებელი ქვეყნები, მაგრამ ეს კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე საერთოდ არ წარმოშობილა. მას გლობალური გეოპოლიტიკური მიზეზები აქვს. ამიტომაც იქცა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკურ ძალთა შეჯახების ადგილად.
ვფიქრობ, თუ ყველაფერი სამართლებრივად წარიმართა, რელიგიამ (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობამ) რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირების განმუხტვასა და ურთიერთობის დარეგულირებაში შეიძლება ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულოს.
სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. ვრცელდება აზრი, თითქოს ქართველები თავს დაესხნენ ოს მცირე ერსდა ეთნოწმენდა მოაწყვეს.
ეს რომ რეალობას არ შეესაბამება, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ საომარი მოქმედებების პერიოდში და დღესაც, საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებსა და სოფლებში მრავლად მცხოვრებ ოსებს არ დაუტოვებიათ თავისი კარ-მიდამო და არც პრობლემები შექმნიათ ქართველებთან და სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან.
დიახ, არსებული დაპირისპირება არ არის ქართულ-ოსური, ანთუნდაც ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი. ხოლო, ის, რაც მოხდა,განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილით. ამის უფლება კი საერთაშორისო ნორმებით ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს.
ბუნებრივია, საქართველო, ვერასდროს შეეგუება თავისი ძირძველი მხარეების დაკარგვას. ჩვენთვის ეს ისეთივე მნიშვნელობის ტერიტორიებია, როგორიც მაგალითად, ფრანგებისთვის ორლეანი, ან რუსებისთვის სმოლენსკი, სუზდალი, ნოვგოროდი...(როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისათვის გაგზავნილ წერილშიც ვწერდით).
ასე რომ, რეალურად ომის მიზეზი არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური დაკვეთით გამოგონილი ისტორია და მისი უარგუმენტო იურიდიული სტატუსი. სამართლიანობა მშვიდობის გარანტიაა და ვიდრე საქართველოშიც არ აღდგება სამართლიანობა, აქ მშვიდობა ვერ დაისადგურებს.
რუსეთის მთავრობამ სცნო აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. როგორია თქვენი რეაქცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი? როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს - დიპლომატიური და ეკონომიკური საშუალებებით, თუ ძალით?
- 25 აგვისტოს, რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის დღესვე, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, სადაც ასევე ვთხოვდით რუსეთის პრეზიდენტს, არ დაედასტურებინა ეს გადაწყვეტილება.
ვწერდით, რომ მცირე ერები ცხოვრობენ ყველა ქვეყნებში და თუ ისინი მოითხოვენ დამოუკიდებლობას და მათი აღიარება სხვათაგან მოხდება, მსოფლიოში დაიწყება გაუთავებელი ომები და დაპირისპირებები. მივუთითებდით იმასაც, რომ აღნიშნული რეგიონებისთვის სუვერენიტეტის მინიჭება მომავალში უფრო მეტ ზიანს რუსეთს მოუტანს, ვიდრე მან დღეს საქართველოს მიაყენა. იგივეს ვფიქრობ დღესაც.
მე არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ ეს რომ უნდა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, თუ სურს მსოფლიოს, და არა მარტო რუსეთს, თავისი სახელმწიფოების შიგნით შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიმედოვნებ, ის საერთაშორისო თანადგომა, რაც საქართველოს მიმართ იქნა გამოცხადებული, ამ მიზეზითაც არის განპირობებული.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად მე ძალადობის მეთოდს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ჩვენი ეკლესია ახლაც და კონფლიქტამდეც ყოველთვის წინააღმდეგი იყო სისხლისღვრისა და ეს არაერთხელ დავაფიქსირეთ. დიპლომატიური (განსაკუთრებით სახალხოდიპლომატია), ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და სხვაბერკეტები ჩატეხილი ხიდის აღდგენას შესაძლებელს გახდის.
ასევე მიმაჩნია, რომ ყოვლად აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ და უპირველესად ოსებმა და აფხაზებმა, ასევე ქართველებმაც იცოდნენ თავიანთი რეალური ისტორია და არა ის, რასაც კომუნისტური რეჟიმი 70 წლის მანძილზე და მანამდე რუსეთისიმპერია ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავზე გვახვევდა.ამაში ჩვენ დასავლეთის საინფორმაციო მხარდაჭერა გვჭირდება.
თუ ეს განხორციელდა და იდეოლოგიური წნეხი გავარღვიეთ,საქართველოს მიმართ ამ ეროვნული უმცირესობების დამოკიდებულებაც,დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება, რადგან ჩვენსქვეყანაში მათ, ისევე როგორც აქ მცხოვრებ სხვა ხალხებს ჰქონდათგანვითარების შესანიშნავი პირობები (ამას იმიტომ არ ვამბობ, რომმე ქართულ მხარეს წარმოვადგენ).
აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც მათ ენებზე ფუნქციონირებდა უნივერსიტეტები და სხვა უმაღლესი სასწავლებლები, თეატრები და სკოლები, გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები... ანუ ისინი სარგებლობდნენ ავტონომიის სრული უფლებით და მრავალ წარმატებასაც მიაღწიეს (შედარებისთვის, რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთში ოსებს იგივე პირობები არ ჰქონდათ; ასეთივე მდგომარეობა იყო სხვა ავტონომიებშიც).
პრობლემები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, რადგან საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მოინდომა დამოუკიდებლობის გამოცხადება და 1992-1993 წლებში დავისაჯეთ კიდეც, რის შედეგადაც მაშინ კონტროლი ნაწილობრივ დავკარგეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე; ახლა კი მთელს ამ მხარეებზე.
ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭრა არამარტო პოლიტიკურ, არამედ ინფორმაციულ ომშიც, რომელიც სამეცნიერო წრეებში - განსაკუთრებით საისტორიო და საენათმეცნიერო კუთხით მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ანტიქართულ თეზისებს იზიარებენ და ახმოვანებენ ზოგიერთი ევროპელი მეცნიერებიც. არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი ამას პოლიტიკური შეკვეთის გამო აკეთებდეს.
მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მე მაინც იმედი მაქვს რომ, რუსეთსა და საქართველოს შორის კრიზისი დასრულდება და სამართლიანობაზე დაფუძნებული ძმური ურთიერთობა აღდგება.
როგორი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების,განსაკუთრებით, ევროკავშირის როლი კრიზისის მოგვარებასთანდაკავშირებით?
- როგორც აღვნიშნეთ, უპირველესად თქვენი დახმარება გვჭირდება დევნილთა დასაბრუნებლად და მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად. ასევე, თანადგომა აუცილებელია საინფორმაციო და პოლიტიკური ომის წარმოებაში.
დახმარება გვჭირდება ჩვენც - საქართველოს საპატრიარქოს, რადგან, მართალია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია ახლახანს კიდევ ერთხელ აღიარა მოსკოვის საპატრიარქომ, მაგრამ რეალურად ამ რეგიონებში შესვლის საშუალება ჯერ-ჯერობით არა გვაქვს და არც ის ვიცით, რა მდგომარეობაშია აქ არსებული V-XIX საუკუნეების მრავალრიცხოვანი ქართული ტაძრები და მონასტრები - ქართული ფრესკებითა და წარწერებით, იქ დაცული სიწმინდეებით.
საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაშესაყართან მდებარეობს და ქრისტიანული კულტურის უძველესი კერაა, რაც მას ევროპასთან აკავშირებს. ეთნოკულტურულად იგი აზიის ნაწილიცაა.
ჩვენი ხალხის საყოველთაოდ აღიარებული შემწყნარებლობა ამ დიდი ცივილიზაციების გადაკვეთაზე ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს წარმატებული, სტაბილური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, რისი მიღწევაც გარე ძალების ურთიერთშეთანხმების გარეშე ძალიან ძნელი იქნება. ევროკავშირს შეუძლია და ახორციელებს კიდეც შუამავლის როლს. რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა, მომავალი გვიჩვენებს. სხვა და სხვა მცირე ერებს და სახელმწიფოებს ჰყავთ ძლიერი მონათესავე ხალხები და სახელმწიფოები, ან ჰყავთ მრავალრიცხოვანი და მდიდარი დიასპორა, საიდანაც ისინი სერიოზულ დახმარებას იღებენ, როგორც პოლიტიკურს, ისე მატერიალურს. ჩვენ კი ამქვეყნად ასეთი ახლობლები არ გაგვაჩნია.
მიუხედავად ამისა, ღვთის წყალობით და მისი საიდუმლო განგებულებით, დღემდე მოვაღწიეთ. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მეტად მძიმე პერიოდი, მაგრამ დროის გამოცდას გავუძელით. არაქრისტიანული ქვეყნების გარემოცვაში მოქცეულებმა შევძელით მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და უნიკალური თვითმყოფადი კულტურის შექმნა. ვიმედოვნებ, ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომლის წილხვედრიც არის ჩემი ქვეყანა, არც ახლა დაუშვებს, რომ საქართველო დაიყოს და დანაწილდეს.
უფალი დახმარებას ადამიანების ხელით ახორციელებს. საქართველოს არასდროს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის დახმარება გვჭირდება, რომ დავიბრუნოთ აღნიშნული რეგიონები და აღვიდგინოთ ჩვენი ისტორიული საზღვრები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4215