ტერი დევისი: რუსები ავადმყოფურად რეაგირებენ კრიტიკაზე
თვითონ ევროპის საბჭოში რა მოსაზებები ტრიალებს?
- ევროპის საბჭოში, მის სამდივნოში, დაახლოებით, 2 300 ადამიანი მუშაობს. აგვისტოში, ვინც შვებულებაში არ იმყოფებოდა, რუსეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება უმრავლესობას ჰქონდა. მაშინ აქ უამრავ ადამიანს შევხვდი, როდესაც საქართველოდან დავბრუნდი. საქართველოში მაშინ გავემგზავრე, როდესაც იქ ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და იქ ერთ-ერთი პირველი ჩავედი.
ახლა რა დამოკიდებულებაა ამ კონფლიქტზე ევროსაბჭოში?
- დიახ, ამის შესახებ მსურს, აქცენტირება გავაკეთო; ვფიქრობ, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ხალხი მიხვდა, რომ ეს არაა შავ-თეთრი სიტუაცია, ეს უფრო ნაცრისფერის სხვადასხვა გრადაციის მომცველი სიტუაციაა და საქართველომაც გადადგა არასწორი ნაბიჯები. საქართველომ ისევე დაარღვია თავისი ვალდებულებები ევროსაბჭოს წინაშე, როგორც - რუსეთმა. ეს არაა რაღაც ხელოვნური ბალანსი და ეს ჩემი აზრია. ამ სიტუაციაში წმინდანი არავინ არაა, ცოდვილი კი ბევრია.
რუსი პარლამენტარები ამ საკითხში აზრთა სხვადასხვაობას ყოფენ ძველ ევროპასა და ”ახალ” ევროპას – ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს შორის; ასეთი გაყოფა მართლა არსებობს?
- ამ შემთხვევაში რუსეთის დუმის წევრები, რომლებმაც ეს გითხრეს, სიტუაციის აუბრალოებენ. ჩვენთან, თვითონ ქვეყნების დელეგაციებს შიგნით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, რომელიც მცირე დოზით პარლამენტის წევრის პარტიულ კუთვნილებაზეცაა დამოკიდებული. მაგრამ, ეს არ გააზვიადოთ; ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთი პოლიტიკური ძალა სიმპათიითა განწყობილი რუსეთის მიმართ და მეორე - საქართველოს მიმართ. შეიძლება, ზოგიერთს რუსეთის პოზიციის უფრო ესმის, მაგრამ არავინ მინახავს ისეთი, რომელიც თვლის, რომ რუსეთი არაა დამნაშავე, რომ მან არ დაარღვია თავისი ვალდებულებები ევროპის საბჭოს წინაშე. იგივე ეხება საქართველოსაც და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ორივე მხარემ დაარღვია საბჭოს წინაშე დაპირება და ამისათვის ორივე მხარემ დაიმსახურა გაკიცხვა.
რუსეთი შეასრულებს იმ დაპირებებს, რაც ხუთშაბათის რეზოლუციაშია შესული?
- ყოველთვის მაქვს იმედი, რომ რუსეთი დანაპირებს შეასრულებს. ჩემი გამოცდილებით, საერთოდ, რუსები სიტყვას ასრულებენ და ახლაც საფუძველი არ მაქვს, ვთქვა, რომ ისინი ამას არ გააკეთებენ. აგვისტომდე რუსებს ვერ შეედავებოდი თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მაგრამ, აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგჯერ რუსებს დიდი დრო მისდით თავისი დაპირებების შესრულებისათვის. რაც აგვისტოში მოხდა, იმის მოწმობაა, რომ რუსეთმა დაარღვია რამდენიმე დაპირება და აღებული ვალდებულება.
რუსეთთან ძნელი გახდა მუშაობა?
- გულწრფელად გეტყვით, გარკვეული ცივი ურთიერთობის გამო, ბევრად რთული გახდა. რუსები კრიტიკის მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. პარლამენტის ასამბლეაზე ჩამოსული რუსეთის დელეგაცია ამ მხრივ უფრო ღიაა, ვიდრე - დუმის დეპუტატები და, საერთოდ, რუსები. აქ ჩამოსულებს ესმით, რომ ასამბლეის ფორმატში მათი კოლეგებისაგან მოუწევთ კრიტიკის მოსმენა, რასაც ჩვენ კონსტრუქციულ კრიტიკად მივიჩნევთ. იმედი მაქვს, რომ ისინი ამისათვის საკმარისად მომწიფებულები აღმოჩნდებიან. პრობლემა თვითონ რუსეთში მცხოვრებ უამრავ ადამიანს ეხება, რომლებიც ავადმყოფურად რეაგირებენ კრიტიკაზე. სხვათა შორის, ეს ჩემს კოლეგებზე უკეთ მესმის, რადგან ბრიტანეთში დავიბადე და მახსოვს, ჩემი მშობლების თაობისთვის რა ძნელი გასაგები იყო, რომ ბრიტანეთის იმპერია წარსულში დარჩა, რომ მათი ქვეყანა აღარაა იმპერია. ვფიქრობ, რუსების ახალ თაობას დრო დასჭირდება იმის მისახვედრად, რომ რუსეთის იმპერია უკვე აღარ არსებობს.
