ქართულ საფინანსო სფეროში ვითარება უფრო გართულდება
ქართულ საფინანსო სფეროში ვითარება უფრო გართულდება
[ეკა ბაქრაძე]რა ეშველება საქართველოს ბიზნესგარემოს და ნულამდე დასულ სანვესტიციო აქტივობას. ეს კითხვა დღესდღეობით ერთნაირად აწუხებთ ეკონომისტებს, ექსპერტებს და უბრალო მოქალაქეებსაც. ქვეყნის წინსვლა, განვითარება, შემოსავლები, ხელფასები, სოციალური სტაბილურობა, მშენებლობა, ტურიზმი და ათასი სხვა რამ, ამ ორ მიმართულებაზეა აგებული.
რუსული აგრესიის შედეგად ბიზნესგარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა და საინვესტიციო მიმზიდველობა დაეცა. ინვესტორების მხრიდან ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებისას მიმზიდველობის უმნიშვნელოვანეს გარანტად სწორედ პოლიტიკური სტაბილურობა მიიჩნევა.
მაშინ, როდესაც ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა უნდა მოწყობილიყო და იქ საკმაოდ სოლიდური ინვესტიციების დაბანდება იყო მოსალოდნელი, საქართველო პოლიტიკურად ყველაზე არასტაბილური ქვეყანა აღმოჩნდა რეგიონში.
ეკონომიკის ექსპერტის დავთი ნარმანიას აზრით, ამ ეტაპზე საინვესტიციო საკითხები ორი მიმართულებით უნდა განვიხილოთ: პირველი - უკვე განხორციელებული ინვესტიციები; მეორე - განსახორციელებელი (დაგეგმილი) ინვესტიციები.
- ”საქართველოში აქამდე განხორციელებული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი უძრავ ქონებაშია დაბანდებული და ძირითადად ოფშორული ზონებიდან, ასევე აზიური ქვეყნებიდანაა განხორციელებული. მათგან საკმაოდ მოცულობითი ნაწილი რუსული და ყაზახური ინვესტიციებია, ამ უკანასკნელის უკან კი კვლავაც რუსეთი მოაიზრება.
შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა 19 აგვისტოს გამოსცა ბრძანება (N1-1 - 1720), რომლის მიხედვითაც საომარი მოქმედების დასრულებამდე ინვესტორებს ვალდებულებების შეუსრულებლობა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში მოქმედებების განუხორციელებლობა ჩაეთვალათ საპატიოდ (გადასახდელი თანხები და სხვა)”.
- ”აქედან გამომდინარეც, ფინანსური რესურსების შეზღუდულობის პირობებში ინვესტორებიდან მისაღები რესურსები მნიშვნელოვნად დაიგვიანებს ან აღნიშნული ორაზროვანი ჩანაწერიდან გამომდინარე საერთოდ ვერ იქნება მიღებული. დაგეგმილი ინვესტიციებიდან კი ყველაზე დიდი ნაწილი ფოთის ინდუსტრიულ ზონაში უნდა დაბანდებულიყო, რომელიც მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე რუსული აგრესიის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა და რუსული საოკუპაციო ჯარები სწორედ ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდნენ. ასეთ შემთხვევაში, უახლოეს წლებში ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი და რეალური ინვესტიციების განხორციელება გაჭირდება”, - თვლის დავით ნარმანია.
ასეთი პრეცედენტების თავდიან ასაცილებლად შეიქმნა ანტიკრიზისიული ჯგუფი, რომელიც ეკონომიკის რებილიტაციის საკითხებით დაკავდება და უპირველესად საქართველოში დახმარების სახით შემოსული თანხების ხარჯვას გააკონტროლებს.
- ”ანტიკრიზისულ ჯგუფში უფრო მეტი დამოუკიდებელი ექსპერტი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია უნდა იყოს. ამასთან, მასმედიის წარმომადგენლებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ დახმარებების განაწილების და სხვა მიმდინარე პროცესებს, ვინაიდან საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვები ისმის და პასუხები ჯერჯერობით მკაფიო არაა. ანტიკრიზისულ ჯგუფში ფინანსისტების მონაწილეობაც აუცილებელია, რათა მათ ფინანსური კუთხით შეხედონ თანხების ეფექტიანად ხარჯვის პროცესს”, - თვლის ნარმანია.
რუსეთის აგრესიამ საქართველოს ეკონომიკას ეკონომიკური ზიანი მიაყენა, რომელის რეაბილიტაცია პოლიტიკური რისკის შემცირებაზეა დამოკიდებული. ექსპერტის გია ხუხაშვილის აზრით, საქართველოში ჩავარდა ბიზნესაქტივობა და ინვესტიციების შემოდინების პროცესი, რომელიც უმუშევრობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
- ”ომმა მატერიალური თვალსაზრისით არც თუ დიდი ზიანი მოგვაყენა, თუმცა სავალალოა მდგომარეობა გრძელვადიანი ეკონომიკის თვალსაზრისით. საქართველოში საფინანსო სფეროში ისედაც ქაოსი იყო, ახლა კი ვითარება უფრო გართულდება. ქვეყანაში დაეცა საინვესტიციო რეიტინგი. არცერთი ინვესტორი, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი არ ექნება, ინვესტიციას არ განახორციელებს. ჩვენმა ხელისუფლებამ უპირველესად უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უნდა იზრუნოს”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4260