ევროკავშირი რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე ორჭოფობს
მოსკოვმა ე.წ. ”ბუფერული ზონებიდან” 10 ოქტომბრამდე თავისი ჯარები გაიყვანა. ევროკავშირის ლიდერები კი გასულ თვეს აცხადებდნენ, რომ სწორედ ჯარების გაყვანა იქნებოდა მოლაპარაკებების დაწყების საწინდარი.
- ”ორი დღის წინ ვიყავი საქართველოში და რუსული ჯარი გასულია. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის გარდა, ერთი რუსი ჯარისკაციც აღარ დარჩა,” - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა ლუქსემბურგში კოლეგებთან შეხვედრის წინ, სადაც ევროკავშირის დამკვირვებელთა მოხსენებები უნდა მოისმინონ საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
მაგრამ მან ასევე განაცხადა, რომ ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმიდან მხოლოდ ორი თუ სამი პუნქტია შესრულებული. კუშნერმა უარი თქვა, დაეკონკრეტებინა, საკმარისია თუ არა ეს რუსეთთან შეწყვეტილი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ განაცხადა, რომ რუსეთს კონსტრუქციული მიდგომა აქვს და მისი ღრმა რწმენით, მოლაპარაკებების განახლების შესახებ განაცხადება 14 ნოემბერს, ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე უნდა გაკეთდეს.
- ”ჩვენ უნდა გავიაზროთ, სასარგებლო იქნება თუ არა რეალურად მოლაპარაკებების გაყინვა,” - ამბობს გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, გიუნტერ გლოსერი.
27 წევრ ქვეყანასა და მის ყველაზე დიდი ენერგომიმწოდებელს შორის თანამშრომლობის პაქტი ყველაფერს მოიცავს - დაწყებული ვაჭრობიდან ადამიანის უფლებებით დამთავრებული.
ლუქსემბურგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთს ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმების შესრულება მართლაც სურს და ყველას მოუწოდა სასწრაფოდ განაახლონ მოლაპარაკებები. მაშინ, როცა სხვები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ასე მარტივად არ უნდა გადაწყდეს.
შვედი საგარეო საქმეთ მინისტრი კითხვაზე, რამდენად შეასრულეს რუსებმა პირობა საქართველოში, კარლ ბილდტი პასუხობს: ”მე არ ვფიქრობ, რომ მათ შეასრულეს პირობა. მათ გაიყვანეს ჯარები ბუფერული ზონებიდან, მაგარმ რჩება ადგილები, რომელიც კვლავ ოკუპირებულია.”
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი აცხადებს, რომ პარტნიორულ ურთიერთობებზე საუბარი შესაბამის დროს უნდა დაიწყოს. ”მაგრამ ახლა ჩვენ იმაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ სექტემბრის შეთანხმებაში ასახული ყველა ელემენტი, მათ შორის, ჟენევის დასკვნები შესაბამისი სისწრაფით სრულდება,”- დასძინა მან.
- ”მხედველობაში უნდა მივიღოთ საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი,” - აცხადებს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ურსულა პლასნიკი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი ბენიტა ფერერო-ვალდერი ამბობს, რომ ბლოკმა პირველ რიგში სრულად უნდა გააანალიზოს რუსეთთან მისი ურთიერთობები.
- ”ჩვენ ჯერ მზად არ ვართ”, - განაცხადა მან.
