ჟენევაში ამჯერად სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ
შედეგად, მოლაპარაკებები ე.წ. ”დისკუსიის” ფორმატში გაიმართება, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებს და არაოფიციალურ სესიებს მოიცავს. მათში მონაწილეობას აფხაზეთის და ოსეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ.
დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით მონაწილეები სიტუაციის სტაბილიზაციასა და ათობით ათასი დევნილის დაბრუნებაზე იქნებიან ორიენტირებულნი. ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ მხარეები ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეხვდებიან. შედეგი დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებისთვის უნდა იყოს. ამ დროს გაეროს მონიტორინგის მისიის მანდატი იწურება და მისი განახლება უნდა მოხდეს.
გაეროს უშიშროების საბჭომ დამკვირვებლებს მანდატი გასულ კვირას ნაცვლად 12 თვისა, მხოლოდ 4 თვით გაუგრძელა.
ნიუ-იორკში დიპლომატები ამბობენ, რომ ამით დამატებითი დრო მიეცათ რუსეთს, გაეროსა და ევროკავშირს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის გაგრძელებაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წარმოიქმნა.
სამივე შუამავალი ორგანიზაცია, რომელთაც რეგიონში დამკვირვებელთა მისიები ჰყავთ, მოლაპარაკებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორედ ამის გამო გუშინ საღამოს გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ევროკავშირისა და ეუთოს უმაღლეს ოფიციალურ პირებს შეხვდა ჟენევაში სამუშაო სადილზე. სადილის მასპინძელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი იყო.
შეხვედრა ევროკავშირის შუამავლობით წარმოებული ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმების ნაწილია.
მოლაპარაკებებზე უფრო მეტი ყურადღება სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე დევნილების პრობლემებს დაეთმობა. სადავო ტერიტორიების საკითხი უფრო მოგვიანებით განიხილება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4367