სოსო ცინცაძე - რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებათა ფორმატი - გაერო, ევროკავშირი,
მთავარი მაინც ის არის, რომ ევროკავშირის დონეზე რუსულ-ქართული მოლაპარაკებებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის განხილვას უკვე ქრონიკული ხასიათი მიეცემა. 18 ნოემბრისათვის დაგეგმილ შეხვედრაზე გადაწყვეტილებას ან მიიღებენ ან არა, შემდეგ კიდევ გადაიდება მოლაპარაკებები დეკემბრისათვის, მერე მინისტერიალის დროც მოვა, ასე რომ ეს მოლაპარაკებები მექსიკური სერიალის ჟანრში გადავა.
ეს პრობლემა მუდმივად იქნება, ვინაიდან საქართველო არასოდეს არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, არ შეეგუება ამ რეგიონების დაკარგვას, თავის მხრივ რუსეთი არასოდეს უკან არ წაიღებს ამ ცნობას და იქნება გაუთავებელი მოლაპარაკებები, პრინციპით - დიალოგი სჯობია კონფრონტაციას და ომს. ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლით, გაუთავებელი მოლაპარაკებების ახალი პერიოდი დაიწყო. იყო დრო, როცა ცხონებული ჯაბა იოსელიანი და ირაკლი მაჭავარიანი კვირაში ერთხელ ჟენევაში დადიოდნენ.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებათა ფორმატი _ ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ, საქართველო, რუსეთი დაფიქსირდა. საერთაშორისო სააგენტოების ცნობით, მოლაპარაკებები პრაქტიკულად ჩაიშალა.
_ სამწუხაროდ, ეს ფორმატი არ დაფიქსირდა. ამის მტკიცებას აზრი არა აქვს, ვინაიდან ამ ფორმატს რუსეთი არ შეეგუა. ეს რომ დაფიქსირებულიყო, შეხვედრა არ ჩაიშლებოდა. პრობლემაც იმაშია, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოლაპარაკებათა ფორმატი _ გაერო, ევროკავშირი, ეუთო, აშშ, საქართველო და რუსეთი არ დაფიქსირებულიყო და არც დაფიქსირებულა, ამ საკითხზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
რუსეთის პოზიცია არის და იყო ასეთი _ მოლაპარაკებების პლენარულ სხდომას უნდა დასწრებოდნენ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები. ქართულმა მხარემ უკან დაიხია, როცა თანხმობა განაცხადა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების ჟენევის მოლაპარაკებების სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე. თავიდან ჩვენი პოზიცია ასეთი იყო, მათ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიეღოთ. შემდეგ ჩვენებმა Mმათი ჟენევაში ჩასვლაზე თანხმობა მისცეს, მაგრამ მათ მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე მონაწილეობის მთელი ეშხიც იმაშია, რომ პლენარულ სხდომაზე ყველა თანასწორია. სამუშაო ჯგუფებში კი შეიძლება ექსპერტებიც იყვნენ და სხვა ბევრი მოწვეულებიც.
_ შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხში ქართულმა მხარემ პრინციპულობა გამოიჩინა?
_ ძნელი სათქმელია ჩვენებმა პრინციპულობა გამოიჩინეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, საქართველოს წარმომადგენლებს სხვა გზა არ ჰქონდათ. ალტერნატივა ასეთი იყო, ან უარი უნდა ეთქვათ სხდომაზე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლების დასწრებაზე, ან პრაქტიკულად ირიბად ეღიარებინათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ვინაიდან ახლა ყველა კარტი რუსეთის ხელშია, რუსეთმა მოინდომა სამხედრო გამარჯვების ყველა დივიდენდის ჟენევაში ერთბაშად მიღება.
სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების პლენარულ სხდომაზე მონაწილეობა არაპირდაპირი, ირიბი აღიარება იქნებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის. ეს რუსეთმაც მშვენივრად იცის და ქართულმა მხარემაც მშვენივრად იცის, ევროპამაც და ამერიკამაც. ვიმეორებ, ცუდია, რომ მოლაპარაკებებმა შეიძლება ქრონიკული ხასიათი მიიღოს.
ჩვენ თუ გვაწყობს, რომ მოლაპარაკებები მექსიკური სერიალებივით ქრონიკულში გადავიდეს, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. მაგრამ, თუ ჩვენ მიზნად გვქონდა, რომ ამ სხდომაზე გადაჭრილიყო კონკრეტული საკითხები _ დევნილთა დაბრუნება, 6 აგვისტომდე მდგომარეობის აღდგენა, ახალგორიდან და კოდორის ხეობიდან რუსული ჯარის გაყვანა, მაშინ გამოდის, რომ რუსეთმა მიაღწია სტატუს-კვოს შენარჩუნებას, რაც ჩვენს ინტერესში არ იყო. საერთოდ, ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე.
_ უცნაურად ხომ არ გაიჟღერა ჩაშლილი მოლაპარაკებების კომენტირებისას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის დანიელ ფრიდის კომენტარმა _ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისათვის სხდომაში მონაწილის სტატუტის მინიჭებისათვის მოლაპარაკებაში მონაწილეები მზად არ აღმოჩდნენ". ხომ არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გაერო, ევროკავშირო ეუთო ამისათავის მომავალში მზად აღმოჩნდებიან. . .
_ დანიელ ფრიდი დიპლომატია და მან კარგად იცის, რომ არასოდეს არ უნდა თქვას სიტყვას "არასოდეს". საერთოდ, დიპლომატიაში ტერმინი "არასოდეს" მიუღებელია. ჭკვიანი დიპლომატი ყოველთვის იტოვებს უკანდასახევ გზას.
მეორეცაა, აშშ-ში 4 ნოემბრისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო დასაჯერებელია, რომ 18 ნოემბერს ფრიდი მოლაპარაკებებზე აღარ იქნება. დღეს კოკოითის განცხადებას შეიძლება უფრო დიდი ფასი ჰქონდეს, ვინაიდან 18 ნოემბერს ფრიდი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აღარ იქნება და კოკოითი კი ნოემბერშიც და დეკემბერშიც თვითმარქვია პრეზიდენტი იქნება.
მას შემდეგ, რაც ობამამ მაკკეინთან ბოლო ტელედებატები მოიგო, ცხადია, რომ ნოემბერში აღარც ბუში იქნება, აღარც კონდოლიზა რაისი, აღარც ფრიდი და აღარც ჩვენი მეგობარი ბრაიზა. ეტყობა მაკკეინს, როგორც სერიოზულ პოლიტიკურ მოღვაწეს უნდა დავემშვიდობოთ.
_ როგორი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ჩვენ მოლაპარაკებებისათვის ქრონიკული ხასიათის მიცემის შემთხვევაში?
_ ეს იქნება მართვადი არასტაბილურობის სიტუაცია. დესტაბილიზაცია სავარაუდოა, მაგრამ იგი მართვადი იქნება. ფორმალურად მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა. ყველა შეთანხმდა იმაში, რომ 18 ნოემბერს მოლაპარაკებები ნიცაში განახლდება, მაგრამ რა იქნება 18-ში არავინ იცის. თუ 18-შიც ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ, მერე დეკემბერში ან იანვარში შეხვდებიან ერთმანეთს და ასე გაგრძელდება გაუთავებლად.
_ რუსეთი ცდილობს საქართველოში შექმნილი ვითარება სერბეთში განვითარებულ პროცესებს მიამსგავსოს და ევროკავშირის ეგიდით სერბეთ-კოსოვოს მოლაპარაკების მსგავსად, მიაღწიოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მოლაპარკების ევროკავშირის ეგიდით დაწყებას. რამდენად სავარაუდოა მოვლენათა ამ სცენარით განვითარება?
_ კოსოვოს პრეცედენტი რუსეთის ხელში გაუჭრელი კოზირია. ერთხელ საქართველოს პრეზიდენტი იძულებული იყო ეთქვა, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ამერიკელებს, რომ კოსოვოს აღიარება საქართველოს შემოუბრუნდებოდაო. პრეზიდენტი უკვე მაშინ ხვდებოდა თუ საით მიდიოდა საქმე. არ ვიცი მას წამოცდა თუ სპეციალურად თქვა.
რასაკვირველია, კოსოვოს პრეცედენტი დამოკლეს მახვილია, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ყველა ქვეყნის თავზე ჰკიდია. რაც არ უნდა იძახოს დასავლეთმა, რომ კოსოვო უნიკალური შემთხვევა იყოო, პრეცედენტი შედგა, რუსეთი ყოველნაირად შეეცდება ამის გამოყენებას. ამაში უცნაური არაფერი არ არის, რუსეთის ადგილას ასე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო მოიქცეოდა.
_ გაზეთ "გარდიანში" რუსი ავტორი გამოთქვამდა აზრს, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა თუ დასავლეთი რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ კოსოვოს აღიარებას მოთხოვდა და მხარეები შეთანხმდებოდნენო. თქვენ რამდენად რეალურად გეჩვენებათ პროცესის ამ მიმართულებით განვითარება.
_ ეგ გამორიცხულია. რაზეც ჩვენ შეიძლება 100% ვთქვათ, რომ ეს უახლოს მომავალში არასოდეს არ მოხდება, დასავლეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არ მოხდება.
დასავლეთს ჯერ კოსოვოც ვერ მოუნელებია. ხომ ხედავთ ბელგიაში ვალონები და ფლამანდიელები რა დღეში არიან. კორსიკამ რა დააშავა? კორსიკაში დღესაც ომია და სეპარატისტები იარაღით ხელში იბრძვიან. დღეს მსოფლიო ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს, არც ჟურნალისტები არ ჩადიან იქ და ათასში ერთხელ თუ გამოჩნდება ხოლმე იქ არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია. სილეზიაში პოლონეთს გაუჩნდა პრობლემა. ყოფილი გერმანელები, რომლებიც დღეს არც არიან გერმანელები და არც პოლონელები, თავიანთთვის რაღაც სახელიც კი მოიგონეს, ისინიც ხმამაღლა ლაპარაკობენ ჯერ ავტონომიაზე, მერე დამოუკიდებლობაზე.
უნდა ვილოცოთ, რომ ევროპამ მოინელოს კოსოვო და დასავლეთი მეტ გარიგებებზე აწი ვეღარ წავა არა ჩვენი ხათრით, არამედ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. გულითაც რომ უნდოდეს ევროპა რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარიგებაზე არ წავა.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
