რუსებისგან მოპარული ამერიკული ”ჰამერების” თავგადასავალი
პასუხად, რუსეთში კვლავ აგორდა ანტიამერიკულ-ანტიქართული პიარ-ისტერია. რუსეთში ერთხანს მინელებულ მედია-პროპაგანდის გააქტიურებას, ჟენევის შეხვედრამ, შემდეგ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ და ბრიუსელის სამიტმა, გარკვეული ბიძგი მისცა.
16 ოქტომბერს ”იზვესტიამ” კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა: ”ვის სჭირდება ნაალაფარი ამერიკული ”ჰამერები”. სტატიაში ისეთი არაფერი წერია, რაზეც თავის დროზე საინფორმაციო საშუალებები არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ შიგადაშიგ აშკარა ტყუილი ეჭვქვეშ აყენებს ავტორის სურვილს, დაფარული ინფორმაციის ექსპერტად გაასაღოს თავი.
”იზვესტია” წერს: ”ახლა საქართველოში პენტაგონის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც ეძებს პასუხს რთულ კითხვებზე. ვთქვათ, ასეთ მცირე დროში რატომ წააგო აშშ-გან ნასწავლმა და აღჭურვილმა საქართველოს არმიამ გამანადგურებლად ომი? რა ვითარებაში მოხვდა ”რუსეთის სამხედრო ალაფში” ხუთი ყველგანმავალი, რომელიც ამერიკელ საზღვაო ფეხოსნებს ეკუთვნოდათ? რატომ გლოვობენ რამდენიმე მანქანის დაკარგვას, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ავანტურას ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ას მილიონამდე დოლარი შეეწირა?” - ასეთ კითხვებს სვამს გაზეთი, მაგრამ აქცენტს მაინც ”ჰამერებზე” აკეთებს:
- ”აშშ-ს სამხედრო საზღვაო ქვეითი ჯარების მეთაურმა გენერალმა ჯეიმს კონვეიმ საქართველოში ხუთდღიანი ომის დამთავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ განაცხადა: ”ჩვენ გავუგზავნით რუსებს ანგარიშს ამ ტიპის მინაწერით: ან გადაიხადეთ, ან დაგვიბრუნეთ ჩვენი მანქანები.” ლაპარაკია ხუთ ყველგანმავალზე, რომელიც რუსეთის არმიის ნაალაფარში მოხვდა.” - ამ ”ნაალაფარს” ავტორი არაერთხელ იმეორებს, ალბათ, იმის დასამტკიცებლად, რომ ”ჰამერები” ფოთის საზღვაო პორტიდან კი არ მოიპარეს რუსებმა, არამედ ბრძოლის დროს წაიღეს. გენერლის გამოსვლა და ”ჰამერების” მოპარვის ამბავი საქართველოში ყველამ იცის და ეს სიუჟეტი ჩვენი ტელევიზიების არქივებშიც ინახება.
”იზვესტია” კი ეჭვქვეშ აყენებს ამ ფაქტს: ”Congressional Quarterly Weekly” იუწყება, რომ ხუთი ”ხამვი” ვითომ ფოთის პორტში მშვიდად ელოდა გემზე ჩატვირთვას ორ კონტეინერთან ერთად, რომელშიც ამერიკული შტაბის ქონება ეწყო, როდესაც რუსული დესანტი გადმოვიდა. ჩვენ მხარეს სხვა ვერსია აქვს: ”ჰამერები”, რომლითაც ქართველ დივერსანტებს იარაღი გადაჰქონდათ, 18 აგვისტოს იქნა ჩამორთმეული”.
გაზეთი შეგნებულად არ წერს, სად იქნა ”ჩამორთმეული ჰამერები”, მაგრამ ფაქტს გვერდს ვერ უვლის და დროს, 18 აგვისტოს ასახელებს. ამ დროს კი, ესეც ყველას მოეხსენება, ცხინვალის ომი დამთავრებული იყო, ხოლო საქართველოს მეორე კუთხეში, ფოთში, ცხინვალიდან დაახლოებით 300 კმ-ში, სადაც არავითარი სამხედრო მოქმედება არ მიმდინარეობდა, დივერსანტებად რუსები შეიჭრნენ, ქალაქის და პორტის ოკუპაცია მოახდინეს, პორტიც გაძარცვეს და ”ჰამერებიც” ზედ მიაყოლეს.
”იზვესტიას”, ასევე, საიდუმლო სამხედრო ინფორმაცია ჰქონია და ახალ ამბად ასაღებს ივლისში ვაზიანის ბაზაზე გამართულ საშტაბო სწავლებებს, რომელშიც თურმე ”ქართული არმია მარშ-გადასროლას აპირებდა უკრაინაში იაფად ნაყიდი ტანკებით, ხოლო ამერიკელები კი, - უფრო კომფორტული ”ჰამერებით”. ”იზვესტია” წერს, რომ სამხედრო წვრთნები 70 დღე უნდა გაგრძელებულიყო და ამერიკელებს პირადი საჭიროებისთვის ჩამოტანილ პროდუქტს და წყალს უთვლის, რომელიც ალბათ, იგივე ამერიკული კონგრესის გაზეთიდან ამოიკითხა, სადაც ღიად და დაწვრილებითაა გაწერილი პროექტის ყველა მუხლი, განსხვავებით რუსული სამხედრო პროექტების დანახარჯებისაგან, რომელიც მოსახლეობისაგან საგულდაგულოდ იმალება.
აბა, რუსეთის რომელმა მოქალაქემ იცის, რამდენი დაიხარჯა ჩრდილო კავკასიაში, როკის გვირაბის სიახლოვეს, ივლისში ჩატარებულ სამხედრო წვრთნების დროს, სადაც სავარაუდო მოწინააღმდეგედ საქართველო სახელდებოდა? მაგრამ, ეს წვრილმანებია -ინფორმაციის ასეთ დამალვას რუსეთში ჩვეულნი არიან.
რაც შეეხება ვაზიანის სამხედრო წვრთნებს. ”იზვესტიას” ან არ აქვს სწორი ინფორმაცია, ან სპეციალურად ამახინჯებს, რადგან სურს, დაამტკიცოს, რომ ”ზუსტად საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის აგრესიის წინ (ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აშშ პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა ზუსტად იყო ოპერაციის შესახებ ინფორმირებული - ”იზვესტია”), საზღვაო ფეხოსნებმა სასწრაფოდ დატოვეს საქართველოს ტერიტორია, გარდა 130 სამხედრო მოსამსახურისა, რომლებიც წყნარად გადაიყვანეს ვაზიანის ბაზიდან სასტუმრო ”თბილისში”, სადაც ისინი ორი კვირა იმყოფებოდნენ. ზუსტად იმდენ ხანს, სანამ, საქართველოს შეჭრის საპასუხოდ, რუსეთმა არ დაიწყო შეტევა. ამის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი დატოვეს დარჩენილმა საზღვაო ფეხოსნებმა და მიატოვეს ან ქართველებს გადააბარეს ტექნიკა და ქონება”.
ამ ერთ აბზაცში უამრავი ფაქტობრივი შეცდომაა, რომელიც მეც კი, სამხედრო სფეროდან შორს მდგომმა, ჩვეულებრივმა ე.წ. სამოქალაქო ჟურნალისტმა (ამას იმიტომ ავღნიშნავ, რომ პროფესიის გამო ინფორმაციას ვიმახსოვრებ), შემიძლია ”იზვესტიის” სააგიტაციო ტყუილი სააშკარაოზე გამოვიტანო. სამხედრო საშტაბო წვრთნებში ვაზიანის ბაზაზე მხოლოდ ქართველები და ამერიკელები არ მონაწილეობდნენ.
არამედ მასში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინელები, სომხები და აზერბაიჯანელები. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში და ამ წვრთნების მიზანი იყო პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედება. წვრთნებში არავითარი ტანკებს მონაწილეობა არ მიუღიათ, იყო მხოლოდ ქვეითი ფეხოსანი ჯარისკაცების ფიზიკური წვრთნა ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ.
ოთხი ქვეყნის უკვე მომზადებული ჯარისკაცები ნოემბერში ერაყში უნდა წასულიყვნენ სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. სწავლებები სამი კვირა მიმდინარეობდა და დასრულდა, თუ არ ვცდები, 24 ივლისს. ამერიკელი რეზერვისტები და არა - საზღვაო ფეხოსნები, სამშობლოში გაფრინდნენ. მათი ქონება და ტექნიკა კი ფოთში ჩაიტანეს, საიდანაც ევროპაში, ბულგარეთში უნდა გაემგზავრებინათ.
რაც შეეხება სასტუმრო ”თბილისში” ჩასახლებულ ამერიკელებს, საქართველოში იმდენი ამერიკელი მიდი-მოდის და იმდენი ცხოვრობს სხვადასხვა სასტუმროში, რომ ეს რუსმა რეზიდენტურამ ითვალოს - საქმეში ჩაეთვლებათ.
იქვე ”იზვესტიაში” კიდევ ერთი პატარა შენიშვნაა, რომელსაც დმიტრო ლიტოვკინი აწერს ხელს. ”ხავრი” ბოლო ვინტამდე დაიშლება” - რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილის ანატოლი ნოგოვიცინის ნათქვამი სათაურშია გამოტანილი. გენერალი კი აცხადებს, რომ ”ყველა სამხედრო ტექნიკა და იარაღი, რომელიც საქართველოში რუსეთის არმიამ დაიპყრო, სამხედრო ალაფს წარმოადგენს და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ჩვენი სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ ექვსი ჯიპი (ხუთი ”ჰამერი” და ერთი ”ლენდროვერი”) ეს მთლიანი სადაზვერვო-საინფორმაციო ცენტრია თავისი სამეთაურო-საშტაბო მანქანით და ის უზრუნველყოფს ბრძოლის დროს ჯარების მართვას.
მანქანებში აღმოჩნდა დახურული კავშირის დაშიფრული მოწყობილობა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს იარაღის დამიზნების ადგილს GPS სიგნალით. ასევე, სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, საჰაერო თავდაცვას მიაწოდოს სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ამერიკული თანამგზავრებიდან. ახლა ყველა ამ მოწყობილობებთან მუშაობენ ჩვენი სპეციალისტები”.
რას იზამ, როდესაც პირველყოფილთა ბრბო წამოგესევა და ნაალაფარს მდინარის გაღმა წააცუნცულებს, ხოლო მათ გენერალს ჩვეულებრივი სასწავლო მანქანა ტექნიკის უახლესი მიღწევა ჰგონია და GPS სიგნალი რაღაც საოცრებას წარმოადგენს, შეიძლება, ხელიც კი ჩაიქნიო - ითამაშონ, მაგრამ ყელზე დაადგებათ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4392