გაზაფხულზე ჩრდილო კავკასიაში ანტირუსული აჯანყება დაიწყება
რუსეთთან წინააღმდეგობამ ჩეჩნეთს თავის დროზე სერიოზული ნგრევა მოუტანა. ამიტომ მამუკა არეშიძის აზრით, უფრო გონივრული იქნება, თუ აჯანყების განმეორების შემთხვევაში, ჩრდილო-კავკასიის სამი რესპუბლიკა _ დაღესტანი, ჩეჩნეთი და ინგუშეთი გაერთაინდება, ადვილი შესაძლებელია, მათ ყაბარდოც შეუერთდეს.
“მათი აჯანყება მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ გაერთიანდებიან ნაციონალ-სეპარატისტები და ისლამისტი სეპარატისტები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ანალოგიური პროცესები ვითარდება, ტერორისტულ აქტებსა და თავდასხმებს ვგულისხმობ, ჩრდილო ოსეთშიც. მარტში მოკლულ იქნა კრიმინალური მილიციის ხელმძღვანელი, ბოლო დღეებში თავდასხმის შედეგად კიდევ დაიღუპა ჩრდილო ოსეთის ერთ-ერთი დიდი რაიონის ასევე კრიმინალური მილიციის უფროსი. იატაქვეშა მოქმედებები იქაც მიმდინარეობს, რაც აქამდე ჩრდილო ოსეთში არ ხდებოდა. ჩრდილო-კავკასია, პრაქტიკულად, ტერორისტული მოქმედებების დიდ ფრონტად გადაიქცა,” _ აცხადებს არეშიძე.
“ფაქტის” კითხვაზე, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი განცხადება რუსეთის სამხედრო შეიარაღების გადახალისების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ხომ არ არის რუსეთის მხრიდან ჩრდილო კავკავიისთვის მზადება(?), მამუკა არეშიძემ განაცხადა: “თავდაცვის სისტემის რეფორმირება და მისი შეიარაღების გადახალისება ხანგრძლივი პროცესია, რასაც მაქსიმუმ ერთი წელი მაინც დასჭირდება, მით უმეტეს, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი ახლახანს დაამტკიცეს. თავად რეფორმის დასრულებას კი 4-5 წელი უნდა, ამდენად, დროის ფაქტორმა შესაძლებელია რუსული მხარის საზიანოდ იმოქმედოს”.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი, ალექსანდრე ბორტნიკოვი ბოლო დღეებში საუბრობს ჩრდილო კავკასიის რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციის საშიშროებაზე. მისი განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა მიწისქვეშა ბანდ-ფორმირებები რუსეთის წინააღმდეგ დივერსიულ-ტერორისტული აქტებს ამზადებენ, ასეთი საშიშროება კი, მისივე თქმით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან არის მოსალოდნელი.
თეონა ციხისელი
www.fact.ge

