რაც უკრაინას ემუქრება გაცილებით სახიფათოა, ვიდრე საქართველოში მოხდა
თქვენ აჭარბებთ. მხოლოდ ნიკარაგუამ გაიზიარა თქვენი პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ”Ba-ath” პარტია სირიაში, უგო ჩავესი ვენესუელაში და რადიკალური ისლამური ჰამასი პალესტინაში იზიარებს მოსკოვის კურსს კავკასიაში.
-მაგრამ განა საფრანგეთის პრეზიდენტი ახლახანს სირიას არ ესტუმრა? ჩვენი პოზიცია ყველგან პოპულარულია. გაეცანით მუსულმანური ქვეყნების პრესას, მაგალითად ეგვიპტის. მე ველაპარაკე უამრავი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთაც დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს. სააკაშვილის პატარა ფან-კლუბი აშშ-ს მოკავშირე ზოგიერთ ქვეყანას მოიცავს, მაგრამ არა ყველას. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ამ კლუბს მიეკუთვნებიან. მაგრამ, რამდენადაც ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, გერმანია მათ რიცხვში არ შედის. თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ რუსეთი მარტოდმარტო დგას დანარჩენი მსოფლიოს პირისპირ.
მსგავსად საბჭოთა კავშირისა, სურს თუ არა რუსეთს კვლავ გამოიწვიოს ამერიკელები?
-რუსეთი სუპერძალა არ არის და უახლოეს მომავალში არ იქნება. მაგრამ რუსეთი დიდი ძალაა. ის იყო ძალა, არის და იქნება.
თუ იმპერია?
-მე ვერ ვხვდები რას გულისხმობს ეს ტერმინი თანამედროვე რუსეთთან მიმართებაში. ბრიტანეთის გამოკლებით, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც არ დაუპყრიათ და კოლონიად არ უქცევიათ უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში.
რუსეთი და ამერიკა უკრაინაზე გავლენის მოსაპოვებლად უპირისპირდებიან ერთმანეთს. შესაძლებელია სიტუაციის ესკალაცია?
-დიახ, უკრაინა ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია. ჩვენი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ უკრაინა ნატოში შევა, ჩვენ მნიშვნელოვანი სამხედრო დასაყრდენი გამოგვეცლება. უკრაინა, როგორც ჩანს, გაყოფილია დასავლეთ ნაწილად, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების მომხრეა და სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად, სადაც გადაჭრით არ სურთ ნატო.
შესაძლებელია, რომ ახალი რესპუბლიკები წარმოიქმნას, საქართველოს შემთხვევის მსგავსად, ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და უკრაინა დაიშალოს?
-თუ დასავლეთი განაგრძობს უკრაინის ნატოში შეყვანას მისივე მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
თუ კონფქლიტი დაიწყება ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კიევის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, რუსეთი ყირიმს დაეხმარება?
-ჩვენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ მხარს ისევე, როგორც ვუჭერდით საქართველოს შემთხვევში - სანამ იქ არ დაწყო ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების ხოცვა.
ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა, თუ სამხედრო დაპირისპირებები დაიწყება უკრაინაში მცხოვრები რუსების მიმართ? ჩაერთვებიან სამხედროები სევასტოპოლის შავი ზღვის ფლოტიდან?
-როცა საქმე ომზე მიდგება, გარანტიებს ვერავინ ვერაფერზე მოგცემთ. რაც უკრაინას ემუქრება, გაცილებით საშიშია საქართველოს საფრთხესთან შედარებით. ნატოს გაფართოვება უკრაინის ხარჯზე პროვოკაციაა, რაც პირდაპირ კავშირშია ევროპის სტაბილურობასთან.
როგორი უკრაინა სურს მოსკოვს?
-ჩვენთვის უმჯობესია არაგაწევრიანებული უკრაინა. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდეს.
თუ უკრაინის წევრობის გამო კონფლიქტის ესკალაცია მოხდება, დადგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ დასავლეთთან თანამშრომლობის საკითხი?
-უეჭველად. უკრაინის ნატოში გაწევრიანება წერტილს დაუსვამს არსებულ თანამშრომლობას. მაგალითად, ავღანეთის საკითხში, სადაც ნატოს ფრენების უფლება მივეცით რუსეთის გავლით, ან ირანის საკითხში, სადაც ერთობლივად ვმუშაობთ, რომ ირანმა ბირთვული იარაღის წარმოება შეაჩეროს.
რუსეთი ცეცხლს ეთამაშება, როცა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივს არ სცემს, მაშინ, როცა თქვენი ქვეყანა კოსოვოსთან მიმართებაში ყოველთვის საერთაშორისო სამართალს იხმობდა.
-ჩვენ არ აგვიხდია თავი პანდორას ყუთისთვის. გარდა ამისა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უპირატესი ისტორიული და პოლიტიკური მიზეზები ჰქონდათ დამოუკიდებლობისთვის, ვიდრე კოსოვოს.
კონკრეტულად?
-აფხაზები და ოსები თავიანთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ უკვე მრავალი საუკუნეა. ისინი საქართველოს იმიტომ ეკუთვნიან, რომ სტალინმა, თავად ქართველმა მოისურვა ეს.
მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის განა საკმაოდ სარისკო არ არის?
-იმის თქმა, რომ გაეროს ყველა წევრი ქვეყნის საზღვარი არის უცვლელი, გულუბრყვილობა იქნებოდა. საბჭოთა კავშირიც თავისი მაშინდელი საზღვრებით გაეროს წევრი იყო. საზღვრები შეიცვალა, როცა აშშ-მ ბალტიის სამი რესპუბლიკა აღიარა 1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა. როცა გაერო შეიქმნა, 51 სახელმწიფოს მოიცავდა. ახლა 250 ქვეყნიდან 192-ია მისი წევრი. გარწმუნებთ, რომ სახელმწიფოთა რაოდენობა მსოფლიოში კვლავ გაიზრდება.
