შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
16 წლის ელენესთვის საუკეთესო მეგობარია, 18 წლის თეოსთვის _ განუყოფელი ნაწილი, 14 წლის გივიკოსთვის კი _ თილისმა. და ეს “თილისმა” _ არც მეტი, არც ნაკლები _ უბრალოდ, მობილურ ტელეფონია. დღე-ღამეში, მინიმუმ, 50-70 მოკლე ტექსტური შეტყობინება, თუ “კაიფის” განწყობაზე არიან, ეს რიცხვი 150-დან 200-მდე იზრდება. არც მშობლების აყოლიება უჭირთ _ “მობილურ ნაცნობებს” ერთად “ეკაიფებიან”... ღამის “მობილ-ფართიც” სწორედ მათთვისაა მოგონილი, უფასოა და რატომაც არა?! სწავლით და მხატვრული ლიტერატურის კითხვით თავს არც მაშინ იკლავდნენ, ვიდრე მშობლები მობილურ ტელეფონებს აჩუქებენ, ახლა კი...
ჟიჟის არც ახსოვს, 2 თვის წინ რომელი წიგნის კითხვა დაიწყო. მართა უკვე კარგა ხანია, “ყვითელ ძაღლს” კითხულობს, თუმცა არც ავტორი ახსოვს და არც ის, _ როდის დაიწყო. კითხვისთვის ვის სცალია...
სკოლაში მისვლისას თუ აღმოაჩინეს, რომ მობილური სახლში დარჩათ (ეს თითქმის არასდროს ხდება), ის დღე “ჩავარდნილად” ითვლება. რამდენიმე წლის წინ, ანუ მაშინ, როცა ქცევის კოდექსში ცვლილებები შეიტანეს და მოსწავლეებს სკოლაში მობილურის მიტანა აუკრძალეს, თინეიჯერებს გამოსავლის მოძებნა არ გასჭირვებიათ: საწყის ეტაპზე ჩექმა აღმოჩნდა შესაფარისი ადგილი მობილურისთვის, მას მოჰყვა ჩანთა, შემდეგ _ ჯიბე... ახლა კი ამ ცვლილებაზე, უბრალოდ, “კაიფობენ”.
გაკვეთილზე უარს არც მესიჯების წერასა და საუბარზე ამბობენ. თუ მასწავლებელი შედარებით მკაცრია, “მობილი” ჩანთაში დამალე და... იმესიჯე, დახედვაც არაა საჭირო, თან დროც არ იკარგება. “გაკვეთილს მაინც არ ვუსმენ და რამით ხომ უნდა გავერთო?!” _ გაოცებული კითხულობს 15 წლის გიო. მეგობრები მთელ დღეს ერთად ატარებენ, სალაპარაკო კი მაინც ბევრი რჩებათ. ე.წ. ქალაქის ტელეფონზე საუბარი აზრადაც არ მოსდით, ფიქრობენ, რომ მესიჯი უფრო მოსახერხებელია. თემები არ ელევათ. მთავარი სალაპარაკო მაინც სიყვარულია, შემდეგ _ ჭორაობა მეგობრებზე, თანაკლასელებზე, ნაცნობებზე... თინეიჯერებსმ, თურმე “საყოფაცხოვრებო თემებიც” აინტერესებთ, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რას ნიშნავს “საყოფაცხოვრებო თემა”...
შესანიშნავად უწყიან, რომ მობილურ ტელეფონთან ხშირი კონტაქტი ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, მაგრამ არავინ ითვალისწინებს. ისე, მეცნიერთა აზრით, წლების შემდეგ მომავალ თაობაში მოსალოდნელია ხელის მტევნებზე ცერი თითის ზომის ზრდის ტენდენცია და ამის მიზეზი “მესიჯომანია” გახდება. მოკლედ, ახლა ჩიფსების კი არა, “ცერების თაობის” დროა... მარიამ ქვლივიძე www.fact.ge