რა უღირს საბჭოთა დანაშაული რუსეთს?
ლიტვის სეიმმა, ჯერ კიდევ 2000 წელს მიიღო კანონი ”საბჭოთა კავშირისაგან ოკუპაციით მიყენებული ზარალის შესახებ”. გერმანიისაგან განსხვევებით, საბჭოთა იმპერიის მემკვიდრე-რუსეთი სულაც არ ჩქარობს ჩაერთოს დისკუსიაში, რომელიც ბოლო პერიოდში, ევროსაბჭოში, ტოტალიტარული რეჟიმების დანაშაულთა დაგმობის საკითხზე მიმდინარეობს. თუ კი რუსეთი თუნდაც მხოლოდ ზარალის ფაქტს აღირებს, კომპენსაციას სავარაუდოდ სხვა პოსტ-საბჭოური ქვეყნებიც მოითხოვენ. რუსეთი კი არც ეკონომიურად და არც მენტალურად, ექსპერტების აზრით, ასეთი ნაბიჯებისთვის მზად არ არის.
სავარაუდოა, რომ რუსეთის დათანხმება ამ კომპენსაციის გადახდაზე ლიტვას ძალიან გაუჭირდება. ბალტიისპირა რესპუბლიკას ამ საქმეში, ხანგრძლივი დიპლომატიური ძალისხმევა და საერთაშორისო მხარდაჭერა დასჭირდება. რამდენად შესძლებს მიზანს მიაღწიოს, ამის შესახებ ქართველ ექსპერტთა მოსაზრებები ურთიერთგანსხვავებულია:
პოლიტოლოგი - სოსო ცინცაძე: ”სავსებით რეალურია. ბალტიის რესპუბლიკების სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა პოსტკომუნისტური რესპუბლიკებისაგან. საქმე იმაშია, რომ ამ რესპუბლიკების ოკუპაციის ფაქტი ოფიციალურად აღიარა ჯერ კიდევ გორბაჩოვის საბჭოთა მთავრობამ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბალტიის რესპუბლიკებს, საქართველოსაგან განსხვავებით, ხელი არ მოუწერიათ ნულოვან ვარიანტზე, რაც რუსეთს ვალებისა და ფინანსური პასუხისმგებლობისაგან ოფიციალურად გაათავისუფლებდა. ლიტვა, ისევე როგორც ბალტიისპირეთის სხვა რესპუბლიკები, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებია და ისინი ევროსასამართლოს მეშვეობითაც ეცდებიან აიძულონ რუსეთი, აღიაროს მათთვის მიყენებული ზარალი. თუმცა ეს ხანგრძლივი, მრავალწლიანი პროცესი იქნება. რუსეთს მაინც მოუწევს მიყენებული ზარალის, პირველ რიგში - ეკოლოგიური ზარალის აღიარება”.
პოლიტოლოგი - რამაზ კლიმიაშვილი: ” სრულიად არასერიოზულია. როგორც ჩანს, ლიტვის მხრიდან ამ ნაბიჯს პროპაგანდისტული მიზანი აქვს. არ არსებობს ბერკეტი, რომელიც ამ ეტაპზე, რუსეთს აიძულებს აღიაროს საბჭოთა ოკუპაციით მიყენებული ზარალი. ლიტვის ამ ნაბიჯს მხოლოდ ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს: საავტორო უფლება და ერთგვარი პრევენცია - მსოფლიოს შეახსენოს წარსული, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს”.
თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა არაოფიციალურად, ნაწილობრივ სცნო ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთისათვის საბჭოთა ოკუპაციით მიყენებული ზარალი და თანხის რაღაც ნაწილიც გადაუხადა. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებს ეს საკითხი დღემდე არ მოუხსნიათ.
ვინ-ვინ და ქართველებმა შესანიშნავად ვიცით, რომ რუსეთი არა თუ გამოეთხოვა იმპერიულ წარსულს, არამედ აგრესიის ახალ ტალღას გეგმავს და ახორციელებს. ისიც ნათელია, რომ ამ ქვეყნის მთავრობასთან ურთიერთობაში მხოლოდ მასშტაბური საერთაშორისო ზეწოლით შეიძლება მიაღწიო სამართალს. როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრი და ნატოს სამხედრო ალიანსის ფრთას შეფარებული ლიტვა იწყებს კამპანიას, რომელსაც მალე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც აჰყვებიან.
თუ რუსეთის ფედერაციამ აღიარა 30-იან წლებში, უკრაინაში გამოწვეული ხელოვნური შიმშილობა, კომპენსაციის მოთხოვნებს საკუთარი არგუმენტებით, აქტიურად შეუერთდება უკრაინაც. სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს გარედან დააკვირდება, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ხელახალი ოკუპაციის ფონზე, ძველ ანგარიშებზე პრეტენზიების წამოყენება არაპერსპექტიულად მოსჩანს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4449