პრესის თავისუფლების რეიტინგში სომხეთი 102-ე, საქართველო 120-ე, რუსეთი კი 141-ე ადგილზეა
სიაში 173 ქვეყნის ინდექსია და მასში შეერთებული შტატები, ისრაელი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი და ტაივანი 37 - 41 ადგილს იყოფენ. “თავისი ტერიტორიების გარეთ ომში ჩათრეული დემოკრატიები, როგორიცაა შეერთებული შტატები და ისრაელი წლიდან წლამდე კარგავენ თავის ინდექსს მაშინ, როდესაც განვითარებადი ქვეყნები, განსაკუთრებით აფრიკასა და კარიბის აუზში, უფრო და უფრო უზრუნველყოფენ პრესის თავისუფლების გარანტიებს,”- ნათქვამია მოხსენებაში. მართლაც, ნამიბია, კოსტა-რიკა, ახალი ზელანდია, იამაიკა –სიის პირველ 25 ადგილს იყოფენ ფინეთთან, ბელგიასთან, კანადასთან, დანიასთან, შვეიცარიასთან და სხვებთან ერთად. სიის დასაწყისში არიან ბალტიის სამივე ქვეყანა და ჩეხეთი. მათ შემდეგ 20 ადგილზეა გერმანია და 25-ზე დიდი ბრიტანეთი.
რუსეთი 141-ე ადგილზეა. “რეპორტიორები” წერენ: “სახელმწიფო და ოპოზიციური საინფორმაციო საშუალებები მკაცრი კონტროლის ქვეშაა, ხოლო ჟურნალისტებს, ისეთი როგორიც ანა პოლიტკოვსკაია იყო, ყოველ წელს კლავენ “უცნობი მკვლელები”, შემდეგ კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ მკვლელებს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ კრემლის სპეცსამსახურებთან... სიტუაცია რუსეთში, სადაც პრესაზე ზეწოლა, ძალადობა და დაშინება ნორმად იქცა, არც დმიტრი მედვედევის არჩევის შემდეგ შეცვლილა.”
ბოლოდან პირველი სამეული თურქმენეთი, ჩრდილო კორეა და ერითრიაა. მკვლევარებმა მათ “ინფერალური ტრიო” შეარქვეს ხაზგასასმელად, რომ ამ პოზიციაზე ისინი მრავალი წელია იმყოფებიან. შემდეგ 167-168-ე ადგილზე კუბა და ჩინეთია. ორგანიზაცია თვლის, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევა ამ ავტორიტარულ ქვეყნებში სიტუაციის გამოსასწორებლად ნაკლებად ეფექტურია.
კავკასიაზე უარესი სიტუაცია ცენტრალურ აზიაშია: უზბეკეთი 162-ე, თურქმენეთი 171-ე ადგილზეა... მათ გვერდით ბოლო ოცეულში მოხვდა ასევე ევროპული ქვეყანა ბელორუსი.
www.Fact.ge
