ჩრდილოელი მეზობელი გრგვინავს და აზერბაიჯანი თავისი არჩევანის გადახედვას იწყებს
”აზერბაიჯანი დასავლეთსა და რუსეთს შორის ცეკვავს, - ამბობს ისა გამბარი, ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი -დღემდე უსიტყვო კონსენსუსი არსებობდა. საქართველო იყო დასავლეთთან, სომხეთი - რუსეთთან და აზერბაიჯანი - სადღაც შუაში”.
საქართველოსთან ომის შემდეგ, რუსეთი რეგიონში კვლავ შემოიჭრა. არაფრად ჩააგდო თბილისი და მისი მხარდამჭერი შეერთებული შტატები, რომელმაც მწვავე შეფასებები გააკეთა, მაგრამ უძლური აღმოჩნდა რუსეთის შესაჩერებლად. ეს ერთგვარი სიგნალი იყო ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისათვის, რომელთა დღის წესრიგში საგარეო პოლიტიკის გადახედვა დადგა.
- ”ჭადრაკის დაფა ამოყირავდა და ფიგურები სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ, - ამბობს პოლ გობლი, ამერიკელი ექსპერტი, რომელიც ბაქოში აზერბაიჯანული დიპლომატიის კურსს ასწავლის - რაც ადრე დაბალანსებული იყო, ახლა სხვაგვარად გამოიყურება”.
დასავლელი ოფიციალური პირები აზერბაიჯანთან მიმართებაში აცხადებენ: ”საქართველო ძლიერი გამომაფხიზლებელი სიგნალი იყო. ეს არის ის, რისი გაკეთებაც რუსეთს შეუძლია და მზად არის, რომ გააკეთოს. საქართველოს მოვლენებმა ხაზი გაუსვა მის სისუსტეებს”.
”აზერბაიჯანი კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება რუსეთისგან, როცა ენერგოკონტრაქტებს და მილსადენების მარშრუტებს მოჰკიდებს ხელს, რასაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება” - ამბობს ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ოფიციალური პირი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.
რუსეთის მონოპოლისტი ”გაზპრომის” წარმომადგნელებმა ამ ზაფხულს ბაქოში ვიზიტისას აზერბაიჯანელებს გაზის ყიდვა ადრინდელი ტარიფის ნაცვლად, ევროპულ ფასებში შესთავაზეს. თუ, აზერები დათანხმდებოდნენ, ეს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ”ნაბუკოს” პროექტის ნამდვილი საბოტაჟი იქნებოდა.
რაზიმ მუსაბაიოვი, ბაქოელი პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ამ მდგომარეობაში, ბევრი აზერბაიჯანელი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის გაზის მიყიდვა არცთუ ისე ცუდი იდეაა. ”ნაბუკოს” პროექტი პოლიტიკური რისკების შემცველია და თუ რუსეთი ”ჩვენთვის სასურველ თანხას შემოგვთავაზებს, რატომ უნდა ვიზრუნოთ ახლის აშენებაზე?”
”არ შეიძლება გქონდეს შენი გეოგრაფიის საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკა, - დასძინა მან - ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთთან და ირანთან თანაარსებობა”.
საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ დასუსტებული რუსეთის მდგომარეობა აზერბაიჯანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ახლა რუსეთი გაცილებით ძლიერია და აზერბაიჯანს დიდ მეზობელთან ფრთხილი პოლიტიკის გატარება უწევს.
საქართველო იმდენად მტრულად განწყობილია რუსეთისადმი, რომ მასთან ერთად მუშაობა, როგორც პარტნიორთან, საკმაოდ რთული ხდება - ამბობს ბორუთ გრჯიქი, ექსპერტი კასპიის ენერგოინფრასტრუქტურაში - აზერბაიჯანი არასოდეს დაიწყებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციების გზების ძიებას რუსეთთან ურთიერთოებების გაფუჭების ხარჯზე”. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, ”ამ ბალანსის შენარჩუნება გაართულა.”
კრიზისულ პერიოდში აზერბაიჯანი არავითარ შემთხვევაში არ დაიკავებს ისეთ პოზიციას, რამაც შესაძლოა მოსკოვი გააღიზიანოს. ”როცა ომი გაჩაღდა, აზერბაიჯანმა რუსეთს თხოვნით მიმართა, არ შეხებოდა მის ინფრასტრუქტურას საქართველოში - პორტს, ნავთობტერმინალს და მილსადენს. მოსკოვი დათანხმდა” - ამბობს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიარევი.
აზერბაიჯანი ევროპელ დიპლომატებს საქართველოში შესვლაში დაეხმარა, როცა საფრთხე ძალიან დიდი იყო, მაგრამ როცა უკრაინის, ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის ლიდერები თბილისში ჩამოვიდნენ სოლიდარობის გამოსახატავად, ილჰამ ალიევი არ ჩასულა. ხოლო ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ბაქოში ვიზიტის შემდეგ, ალიევი პირდაპირ მოსკოვისკენ გაეშურა რუსებთან სალაპარაკოდ.
ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა მთიანი ყარაბაღის საკითხია, რომელიც 90-ანი წლებიდან დაკარგული აქვს აზერბაიჯანს. საერთაშორისო შუამავლების მრავალწლიანი ჩარევის მიუხედავად, აზერბაიჯანმა ვერ შეძლო დევნილების დაბრუნებაც კი.
ზაფხულის ომის შემდეგ, რუსებმა, როგორ ჩანს, ინიციატივა აიღეს ხელში. პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის შუამავლად მოგვევლინოს სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებებში.
-”ვიმედოვნებ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა მოსკოვში მოხდება, ” - განაცხადა მან როიტერთან საუბრისას.
ტრადიციულად რუსები სომხებს უჭერდნენ მხარს, მაგრამ დრო იცვლება.
”საქართველოს კრიზისის ერთი პოზიტიური ეფექტი ის არის, რომ კრემლი ყველანაირად ეცდება დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია კარგი მეზობელიც იყოს,” - აცხადებს ერთ-ერთი აზებაიჯანელი ოფიციალური პირი.
ალი ჰასანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს:- ”თუ დიდი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის მხარეს დადგება, ჩვენ მის ინტერესებს მივყვებით.”
http://presa.ge/index.php?text=news&i=4470