ევროპა საქართველოს პალესტინის მოდელით გააკონტროლებს
მისივე თქმით, ეს არის ევროპელი გასახადის გადამხდელი მოსახლეობის ფული, ამ ხალხმა უნდა იცოდნენ სად იხარჯება და რას ხმარდება მათ მიერ გადახდილი თანხები. ევროკომისარი გარანტიას იძლევა, რომ ევროსტრუქტურების მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი ფულის მიზნობრივად ხარჯვაზე სერიზული კონტროლი დაწესდება და ევროკომისია თითოეულ სანტიმს შეამოწმებს.
დონორთა საერთაშორისო კონფერენციის გადაწყვეტილებით, გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს სამი უმთავრესი პრობლემის მოგვარებას: დევნილების უსაფრთხო დაბრუნებასა და მათთვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას, რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევას.
როგორც ევროკომისარი ვალდერი აცხადებს, საქართველოში არსებულ 250’000 ლტოლვილს, აგვისტოს მოვლენების შედეგად ახალი დევნილები დაემატნენ.
- ”ამ ხალხს დღიდან მათი დევნილობისა, არ ჰქონიათ ცხოვრების ნორმალური პირობები, სახლ-კარი. ეს არის პირველი საკითხი და ამ ფულის უმთავრესი მიმართულება. მეორე - საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის აღდგენა. მე ვამბობ საზოგადოებრივი და არა სამხედრო. ეს ასე უნდა იყოს და მესამე - ფინანსური მიმართულება, ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დახმარების გაწევა”.
დონორი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, ევროკომისარმა ბენიტა ფერერო ვალდერმა ბრიუსელში ჩასული უცხოელი ჟურნალისტებისათვის პრეს-კონფერენცია მოიწვია, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ქართული მედიის ყურადღების მიღმა დარჩა. პრეს-კონფერენციის გამართვის მთავარი მიზეზი საქართველოსათვის აღნიშნული დახმარების გამოყოფა და ქართული ოპოზიციისა და სახალხო დამცველის მიერ ევროსტრუქტურებისათვის გაგზავნილი წერილი იყო.
წერილის შინაარსი დონორი ქვეყნების ყველა წარმომადგენლისათვის ცნობილი აღმოჩნდა და ბრიუსელში ვიზიტად მყოფ პრემიერ-მინისრტს ვლადიმერ გურგენიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს გააცნეს.
მიმართვას ხელს აწერენ ოპოზიციონერი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის ექს-თავმჯდომარე ნონო ბურჯანაძე, ისინი ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებს სთხოვენ გამოყოფილ თანხაზე მკაცრი კონტორლი დააწესონ.
ბენიტა ფერერო ვალდერი, საფრანგეთის რადიოსათვის (RFI) მიცემულ ინტერვიუში ქართველ ოპოზციონერ ქალბატონებს დიდი დონის პოლიტიკოსებად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ სჯერა თითოეული მათი სიტყვის, რაც აღნიშნულ წერილში წერია.
- ”ის, რაც ამ მომართვაში წერია, ამ ყველაფრის შესრულებას საქართველოს მთავრობას არა ერთი დღეა ვთხოვთ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სამეზობლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. ქვეყნის მთავრობამ ეს რეფორმები სწორად უნდა გაატაროს და არა გამრუდებულად. რეფორმები უნდა იყოს ყველგან, პოლიტიკური ეკონომიკური, ფინანსური. უპირველესი კი ქვეყნის დემოკრატიზაცია არის. საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი ამ დიდი დეფიციტის აღმოსაფხვრელად. უნდა გატარდეს იურიდიული რეფორმა, მიღწეულ უნდა იქნეს პარლამენტისა და მედიის თავისუფლება. მე მგონია, რომ საქართველოში შეასრულებენ იმას რასაც შეგვპირდნენ, რეფომების დაჩქარების თვალსაზრისით”.
- ”500 მილიონი ევრო, რომელსაც საქართველოს გავუგზავნით გაკონტროლდება მკაცრად. ზუსტად იგივე მექანიზმით, როგორც პალესტინაში კონტროლდებოდა ყოველი სანტიმი”, - ამბობს ევროკომისარი ვალდერი.
მისი ციტატები ”presa.ge”-მ ფრანგული რადიო ”ფრანცე კულტურასა” და RFI-ით გადაცემული სიუჟეტიდან ამოიღო.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4490