პუტინის ნორდ-ოსტის სისხლიანი ავანტიურა
ამ საქმესთან დაკავშირებით არ შეიძლება, გვერდი აუარო ერთ გამორჩეულ ადამიანს, ჟურნალისტს ანა პოლიტკოვსკაიას, რომელიც “ნორდ-ოსტის” ჟურნალისტურ გამოძიებას წლების მანძილზე აწარმოებდა და ცდილობდა საიდუმლოსთვის ფარდის ახდას, მაგრამ იგი 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. მის მკვლელობაზე ბევრი ვერსიაა და მათგან ერთ-ერთი სწორედ “ნორდ-ოსტთანაა” დაკავშირებული. ცნობილია, რომ ანა ჩეჩნებმა თეატრალურ ცენტრში შეუშვეს და იქედან ბავშვების გამოყვანა და მძევლებისთვის წყლის გადაცემა შეძლო.
“ნორდ-ოსტის” საქმე წელს, ივლისში, სტრასბურგში უნდა განხილულიყო, მაგრამ ადვოკატების – იგორ ტურნოვის და კარინა მოსკალენკოს საჩივარებს გრიფი “საიდუმლო” დაედო. ევროპის სასამართლოს მდივანმა ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა: “პალატის პრეზიდენტმა, სასამართლოს რეგლამენტის 33 წესის I პარაგრაფის მიხედვით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საქმის დოკუმენტები საჯარო გაცნობისათვის არ იქნება ხელმისაწვდომი.”
ამასთან დაკავშირებით “ნოვაია გაზეტა” წერს:
“უეჭველია, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან გაახარებს რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც ტერაქტის შემდეგ, წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, გაესაიდუმლოებინა ტერაქტის გარემოებები და მძევლების დაღუპვის მიზეზები.”
მცირე შემოკლებით გთავაზობთ საარქივო მასალებს, რომელიც ჟურნალისტებმა _ ირინა ბოროგინამ და ანდრეი სოლდატოვმა შეაგროვეს და რომელიც დუბროვკის ოპერაციას 23 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით შტურმის შემდგომ მოვლენებს გვამცნობს. ასევე, შემოგთავაზებთ “ნოვაია გაზეტაში” გამოაქვეყნებულ ანა პოლიტკოვსკაიას სარედაქციო ჩანაწერებს, რომელსაც ჟურნალისტი ნორდ-ოსტის თემასთან დაკავშირებით ბლოკნოტში ინიშნავდა.
ირინა ბოროგინა და ანდრეი სოლდატოვი (აგენტურა.რუ):
23.10.2002 წელი 21:5
ნიღბებსა და სამხედრო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანი შევარდა კულტურის სახლის დარბაზში. მსახიობებსა და მუსიკოსებს სცენიდან და ორკესტრიდან დარბაზში უბრძანეს გადასვლა. მძევლებს უფლება მისცეს, ახლობლებს მობილურით დაკავშირებოდნენ, მაგრამ მოკლედ ელაპარაკათ. სამართალდამცავებთან ტერორისტები კავშირზე არ გადიან. მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტერორისტებმა გაათავისუფლეს ყველა მუსულმანი, ასევე _ ქართველები და აფხაზები. გაჩნდა ინფორმაცია ტერორისტების ლიდერის შესახებ – ესაა მოვსარ ბარაევი.
23.10.02 წელი 22:00
თვითმხილველთა ცნობით, კულტურის სახლთან აფეთქების ხმა გაისმა.
24.10.-00:10
მოსკოვის ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლები ტერორისტებს სთავაზობენ თავის თავს მძევლების სანაცვლოდ – ამის შესახებ განაცხადა ადლან მაგომადოვმა, რუსეთის პრეზიდენტთან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა. დუმის დეპუტატმა ასლანბეკ ასლახანოვმა სცადა ტერორისტებტან მოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ.
00:30
ფე-ეს-ბე-ს დირექტორმა ნიკოლაი პეტრუშევმა და შს მინისტრმა ბორის გრიზლოვმა ვლადიმერ პუტინს გააცნეს საქმის ვითარება. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი მიხეილ კასიანოვი და კრემლის ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე ვოლოშინი.
24 ოქტომბერი
2:43
ტერორისტებმა 17 კაცი გაათავისუფლეს.
3:10
მძევლებში აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის სამი მოქალაქე. ასევე, ლაპარაკობენ სამ გერმანელ მოქალაქეზეც.
3:35
ამ დროისთვის ტერორისტებმა გაათავისუფლეს 15 ბავშვი სამ ეტაპად და შენობის დატოვება შეძლო 150 ადამიანმა.
4:30
მძევლად რჩება დაახლოებით 800 ადამიანი. შენობაში ყველას ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და შეიმჩნევა წყლის ნაკლებობა.
5:00
სააგენტო “კავკას-ცენტრი” ავრცელებს, რომ ტერორისტებთან შევიდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც სავარაუდოდ მთვრალი იყო. ქცევიდან გამომდინარე, გადაწყდა მისი ლიკვიდაცია.
5:54
ტერორისტების მტკიცებით, მათ 30 უცხოელი ჰყავთ დატყვევებული და გამთენიისას გაათავისუფლებენ. ტერორისტები არ მოითხოვენ ფულს, მათი ერთადერთი მოთხოვნაა რუსეთის ჯარების ჩეჩნეთიდან გაყვანა. რუსეთის ხელისუფლებას ისინი 7 დღეს აძლევენ ჯარების გაყვანისთვის.
6:00
ტერორისტებმა ცეცხლი გახსნეს დაპყრობილი შენობის გვერდითა კარიდან, იუწყება “ეხო მოსკვის” თანამშრომელი ქალი, რომელიც მძევლებს შორისაა. მას არ ესმის, ეს რატომ მოხდა, მაგრამ ტერორისტებს შორის პანიკაა და ისინი ითხოვენ შტურმი არ დაიწყონ. “ეხო მოსკვის” პირდაპირ ეთერში გამოვიდა მძევალი, რუსეთის მთავარი ბავშვთა კარდიოლოგი მარია შკოლნიკოვა. მან თქვა, რომ მძევლებს აშფოთებთ ცრუ ინფორმაციები გაშვებული 150 კაცის და ფულადი მოთხოვნების შესახებ. ვინც პირველ დღეს გაუშვეს – ბავშვები, ორსული ქალი, დიაბეტით ავადმყოფი ბავშვი მამასთან ერთად – მეტი არავინ გაუშვიათ.
7:42
ტერორისტები ადგენენ მძევლების სიას, გვარებითა და ეროვნების მითითებით.
8:27
“კავკას-სევტრის” ინფორმაციით, რედაქციაში დარეკა მოვსარ ბარაევის თანაშემწემ და განაცხადა, რომ 6 საათზე მათ ერთი მილიციელი მოკლეს, რომელიც კულტურის სახლის მთავარ შესასველს მიადგა და თავის მომთვრალებით ითხოვდა შენობაში შეშვებას. მოჯახედებმა რამდენიმე გაფრთხილება მისცეს და შემდეგ ჩაცხრილეს.
9:10
შენობასთან აფეთქება მოხდა.
9:16
რუსეთის ხელისუფლება სთავაზობს ტერორისტებს რომელიმე მესამე ქვეყანაში წასვლას. მოსკოვის სამართალდამცავებს სურთ ტერორისტებთან კავშირზე გასვლა, მაგრამ უშედეგოდ.
9:21
მოსკოვის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
9:30
შენობასთან დამატებითი სამხედრო შენაერთები იკრიბებიან. “ზილ”-ის ათამდე მანქანა სავსეა შსს ძალებით. ტერორისტები ირწმუნებიან, რომ უცხოელ 20 მოქალაქეს გაათავისუფლებენ.
11:49
ტერორისტებმა გაათავისუფლეს ბიჭი, რომელსაც ასთმის შეტევა დაეწყო. შენობაში 40-მდე ბავშვია დარჩენილი. სხვადასხვა წყაროებით, ტერორისტების ხელში 600-დან 1000-მდე ადამიანია.
12:02
ტერორისტები მზად არიან, დაელაპარაკონ მხოლოდ “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტს ანა პოლიტკოვსკაიას. მოლაპარაკებებზე ისინი, ასევე, ითხოვენ ირინა ხაკამადას და გრიგორი იავლინსკის. როდესაც ტერორისტებმა გაიგეს, რომ იავლინსკი ქალაქში არაა, მათ მოითხოვეს ბორის ნემცოვი.
12:06
ფე-ეს-ბე-ს მონაცემით, ტერორისტების ჯგუფის უფროსი, რომელთანაც მოლაპარაკებები დაიწყეს, არის აბუ საიდი ვედენოდან. მან განაცხადა, რომ შენობა დანაღმულია, ხოლო თვითონ და მისი მეომრები, 25 კაცი და 25 ქალი - შახიდები (თვითმკვლელები).
12:05
შენობასთან მივიდნენ ფე-ბე-ერ-ის თანამშრომლები, რომლებიც ალყის პირველი ხაზის გარეთ, საზღვარგარეთელ ელჩებსა და დიპლომატებთან მივიდნენ. ტერორისტები უარს ამბობენ უცხოელების გათავისუფლებაზე, რადგან მათი ქვეყნების დიპლომატები ტერორისტებისგან დანიშნულ დროზე არ გამოცხადდნენ.
14:07
გაათავისუფლეს 5 მძევალი. შენობაში შევიდა იოსიფ კობზონი. მან და მისმა თანმხლებმა ჟურნალისტმა გამოიყვანეს პავლოვა-პოსადის მკვიდრი ლიუბოვ კორნილოვა და მისი სამი შვილი; ხოლო “წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა გამოიყვანეს ხანშიშესული ინგლისელი.
14:26
ტერორისტებმა მძევლებისთვის ექიმი მოითხოვეს.
14:37
იოსიფ კობზონი თეატრალური ცენტრის შენობაში დაბრუნდა.
15:00
მძევლები წერენ მიმართვას ვლადიმერ პურინის სახელზე, რომ მან გასცეს ბრძანება ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანის თაობაზე. ამის შესახებ გადმოსცა ექიმმა მარია შკოლნიკოვამ. მძევლებს იმედი აქვთ, რომ შეძლებენ, პუტინს პირდაპირი ეთერით მიმართონ.
15:35
სახელმწიფო დუმის დეპუტატები – იოსიფ კობზონი და ირინა ხაკამადა კვლავ გაემართნენ ტერორისტებთან მოსალაპარაკებლად....
25 ოქტომბერი
23:00
შევედით სკოლის შენობაში, სადაც მძევლების ახლობლები ელოდებიან მოვლენების განვითარებას. გამოკრული სიების მიხედვით, შეიძლება დადგინდეს დატყვევებულების ზუსტი ციფრი, ყოველ შემთხვევაში, მათი, ვისაც ახლობლები ეძებენ. 718 კაცია ძველ სიაში, 37 კი დაემატა. 58 მძევალი ამ დროისთვის გაათავისუფლეს, ესე იგი, ტერორისტებს 698 ადამიანი ჰყავთ. სპორტულ დარბაზში უამრავი ხალხი ტრიალებს, უმეტესობა თვალს არ აცილებს ტელევიზორის ეკრანს, სადაც იმეორებენ მოვლენების ქრონიკას. გარეგნულად ყველა მშვიდადაა. ექიმებს მხოლოდ დამაწყნარებლებსა და გულის საშუალებებს სთხოვენ. ზოგჯერ მაინც გაისმის, “6 საათზე დაიწყებენ დახვრეტას!”
26 ოქტომბერი
დაახლოებით 2:00. ჩვენს ერთ მეგობარს და კოლეგას მძევალმა დაურეკა და უთხრა, რომ ტერორისტები ამბობენ, 6 საათზე დაგხოცავთო. თუმცა არავითარი ოფიციალური ცნობა შტურმის დაწყების შესახებ არ ყოფილა, ჩვენ ჩავთავალეთ, რომ პრეს-ცენტრში არაფერი გვესაქმება და ჩვენს ორ კოლეგასთან ერთად “გარღვევაზე” წავედით.
15 წუთის შემდეგ აღმოვაჩინეთ თეატრალური ცენტრის შენობის მოპირდაპირე სახლის ერთ-ერთ ბინაში სტუმართმოყვარე დიასახლისი, რომლის ფანჯრებიდანაც შესანიშნავად ჩანდა ცენტრის შესასვლელი და მთელი მოედანი. ჩვენ ბინოკლით და ორი ფოტოაპარატით ვიყავით აღჭურვილი. ტექნიკის დისლოკაციის მხრივ, პირველი დღის შემდეგ, დიდი ცვლილებები არ შეინიშნებოდა. მაშინ ტერორისტებმა მოითხოვეს სპეცნაზის უკან დახევა. მარცხნივ შენობიდან, ხიდზე ორი ბრონეტრანსპორტიორი იდგა, სადაც სპეცნაზი პოსტს ცვლიდა. კიდევ ორი ბრონეტრანსპორტიორი დუბროვკის და მელნიკოვის ქუჩის კუთხეებში ჩანდა. მოედანზე, შენობის შესასვლელის წინ ისევ იდგა ორი მიკროავტობუსი – წითელი და თეთრი, რომლითაც ტერორისტები მოვიდნენ.
3-4 საათი: პროჟექტორებით გაკაშკაშებულ მოედანზე სიჩუმეა.
5:00
უცებ ქრება პროჟექტორი, რომელიც თეატრალური ცენტრის მთავარ შესასვლელს ანათებს. ცუდი ნიშანია – ერთი დღით ადრე ტერორისტებმა განაცხადეს, რომ თუ შენობის წინ სინათლე ჩაქრება, ისინი მძევლების დახვრეტას დაიწყებენ.
5:35
გაისმა ყუმბარმტყორცნის გასროლა და მინის ჩამსხვრევის ყურისწამღები ხმა. ცენტრის მოპირდაპირე ხუთსართულიანი სახლიდან გაისმა ავტომატის სროლა. ეტყობა, ახლომდბარე ავტოფარეხზეც გადაიარეს, სიგნალიზაციებმა გააყრუა იქაურობა.
5:45
რკინა-ბეტონის ქარხნიდან თეატრალური ცენტრის სამსახურებრივი გასასვლელის მისამართით ტყვიამფრქვევის ხმა გაისმა.
6:05
რადიო გადმოსცემს, რომ ოპერატიულ შტაბს ერთმა მძევალმა შეატყობინა, ტერორისტების მოთმინება ამოიწურა და ისინი ხალხის დახოცვას აპირებენო. ოფიციალური ვერსიით, სროლა ტერორისტებისგანაა, მაგრამ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენების მხრიდან დაიწყო შტურმი.
ცოტა ხნით ყველაფერი მიჩუმდა; ფანჯრიდან ჩანს, რომ სპეცნაზი პოზიციებს იცვლის. მთავარ შესასვლელთან ჩერდება ლურჯი “ჯიპი” ჩამქრალი ფარებით.
6:30
მარცხნივ, ხიდზე გამოჩნდა სრული აღკაზმულობით 4 მეომარი, ჩაცმულობით შსს სპეცნაზი “ვიტიაზი” უნდა იყოს.
6:35
მოედანზე შენობისკენ მირბის სპეცნაზელების ჯგუფი, რომელიც კონდახებით ამტვრევს შენობის შუშებს. მეომრები შენობაში შეიჭრნენ. მოედანზე შემოვიდა ტექნიკა და სასწრაფო დახმარების მანქანები. ბრონეტრანსპორტიორებიც მოედანზე შემოვიდნენ. შენობის შიგნით ორჯერ აფეთქდა. ვხედავთ, სპეცნაზელებს ერთი ქალი გამოჰყავთ, შემდეგ _ მეორე. უცებ შენობის შიგნით მძლავრად ინათა და ავტომატის სროლა გაისმა. ათამდე სპეცნაზელი, ზუსტად ჩვენი სათვალთვალო სახლის წინ, ბალახზე დაწვა. ბინოკლით ჩანს, რომ მეორე ჯგუფი მარცხენა მხარესაა გამაგრებული. ამ დროს კიდევ ორი აფეთქების ხმა ისმის შენობიდან და ისევ თეთრი ნათების თანხლებით. ამის შემდეგ გვერდებზე გამაგრებული ჯგუფები შენობის მთავარი შესასვლელისკენ მირბიან.
6:40
სამი აფეთქება წითელი ნათებით და საპასუხო სროლა გარედან.
6:45
სპეცნაზის პატარა ჯგუფი ფანრებით შედის შენობის იმ ნაწილში, სადაც ბიბლიოთეკა და სასწავლო ჯგუფების კაბინეტებია.
6:50
მთავარი შესასვლელიდან ორი მებრძოლი ვიღაც ნაცრისფერ ჯემპრიან ახალგაზრდას მოათრევს, ვინაა, ღმერთმა იცის - ტერორისტი თუ ან იქნებ ჟურნალისტი. გამოჰყავთ ვიღაც ქალი. ხმის მიხედვით, სროლა შენობის უკანა მხარეს გრძელდება, იქ სამსახურებრივი გასასვლელბია. ტერორისტივით გამოჰყავთ ვიღაც კაცი, მას მოჰყვება კიდევ სამი, რომელსაც მებრძოლები იცავენ. გამუდმებით ისმის მინების მსხვრევის ხმა.
7:00
შენობის ცენტრალური კარი გაიხსნა. “მჩს ცენტროპას” რაზმის 3 ჯიპი “დეფენდერი” შენობას მიადგა. ცარიელი ავტობუსები დაიძრნენ. მთავარ შესასვლელთან ათამდე კაცი ტრიალებს, ყველა მხრიდან ყვირილია, “ჩქარა, ჩქარა”, მოედანი ჭიანჭველების ბუდეს დაემსგავსა. უცებ, შენობიდან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გამოხოხდა მძევალი ქალი, ვიღაცას მოჰყავს ნახევრად დადამბლავებული კიდევ ერთი. გამოაქვთ ცხედარი, კიდევ ერთი...
7:03
სროლა გრძელდება. გამოჰყავთ ადამიანების ჯგუფი. “ალფას” წევრს გოგონა გამოჰყავს. გამოაქვთ რამდენიმე გვამი.
7:06
ცხედრები გამოაქვთ არა მხოლოდ სპეცნაზელებს, არამედ თეთრჩაფხუტიან მაშველებს. მათ მთავარი შესასვლელის მარცხენა მხარეს რიგებად აწყობენ. იქ უკვე 20-ე მეტია. ჩვენ დაზაფრულები ვართ, ტანსაცმელზე ეტყობათ, ან ქალებია, ან სულაც გოგონები, რადგან მხარზე გადაკიდებული გამოაქვთ. კიდევ კარგი – ვიღაც ცოცხალიც გამოიყვანეს. რამდენიმე სასწრაფო და რეანომობილი დაჭრილებით მოედანს ტოვებს.
7:13
მოედანზე მარჯვნივ, 4 ავტობუსი გაჩერდა, მათ კარგად ვხედავთ. ამასობაში, შესასვლელიდან მარცხნივ გვამებს ყრიან. საშინელებას ვუყურებთ, ცხედრების რიცხვი ისეთი სისწრაფით იზრდება, რომ რამდენიმე წუთში ადგილი ცხედრებითა სავსე, მათ უკვე ერთმანეთზე ყრიან..
7:20
შენობის შესასვლელიდან გადის გათავისუფლებული მძევლებით სავსე ავტობუსი. ჩვენს დიასახლისს უკვირს, რომ ისინი უცნაურ პოზაში სხედან, თითქოს სძინავთ. რამდენიმე წუთის შემდეგ შენობიდან გამოაქვთ რაღაც ნაჭრები, შეიძლება, სუფრები ან ფარდები და ცხედრებს აყრიან. იმედი, რომ მათ შორის ვინმე ცოცხალია, აღარ გვაქვს. ალბათ, 100-მდე მაინც იქნება. მოტორების გრიალსა და სირენების ხმაურში კიდევ ერთი ავტობუსი გაჰყავთ. ამ დროს ტელევიზიით ვიღაც ჩინოსანი შტაბიდან აცხადებს, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დამთავრდა - მძევლები გაათავისუფლეს, ტერორისტები მოკლეს, მაგრამ რამდენიმემ მიმალვა მოასწრო. მსხვერპლზე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ. ამ დროს შენობიდან კიდევ ორი ცხედარი გამოიტანეს.
7.40
ორი ავტობუსი მოედანს ტოვებს.
7:50
შენობის შესასვლელთან აკეთებენ ჩამკეტ კონსტრუქციას და ჩვენ ვეღარაფერს ვხედავთ.
8 საათზე შს მინისტრის მოადგილე, ვასილევი გვამცნობს, რომ 36 ტერორისტი მოკლეს, მათ შორის _ ბარაევი. იგი ამბობს, რომ ზოგიერთ მძევალს თვითონ უნდოდა გაქცევა და ამიტომ, იძულებული გახდნენ, შტურმი დაეწყოთ. შემდეგ ამბობენ, რომ ტერორისტებმა პროვოცირება მოახდინეს და იძულებული გახდნენ, შტურმი დაეწყოთ.
ჩვენ ნერვული სიცილი გვიტყდება – ვინ გათიშა პროჟექტორები დილის 5 საათზე? თუ ტერორისტები დივერსიულად გამოძვრნენ ქუჩაში და დაიწყეს შენობაზე სროლა ყველა ტიპის იარაღით?
8:00
ჩვენი კოლეგა, რომელიც ბინოკლში იყურება, უცებ ყვირის: “ხალხნო, შეხედეთ, ისინი ავტობუსში ცხედრებს სვამენ და სკამებიდან ვარდებიან.” რიგრიგობით ყველა ვხედავთ, რომ ადამიანებს ავტობუსის სალონში ათრევენ და ისინიც უცნაურ პოზაში სხედან სავარძლებში. “ახლა კი მესმის 93-ში, როგორ გააქრეს გვამები თეთრი სახლიდან” (ელცინის რევოლუციის დროს. რედ.) – შენიშნავს ჩვენი კოლეგა. ამ დროს ტელევიზიით ნტვ-ს კორესპოდენტი, რომელიც სავარაუდოდ, დუბროვკის კუთხიდან იღებს, ამბობს, რომ ავტობუში, რომელმაც მას გვერდით ჩაუარა, მძევლებს ლურჯი სახეები ჰქონდათ. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ერთადერთი, რაც ასეთ უცნაურ გაყვანას ახსნიდა, შტურმის დროს დაღუპულები, შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილებად გაესაღებინათ. ამ დროს მძევლების ცხედრები შენობასთან უკვე აღებული იყო.
8:30
ტელევიზორში გადმოსცემენ, რომ დიჭირეს ერთი ტერორისტი, რომელიც თავს ჟურანალისტად ასაღებდა.
8:45
ავტომობილების ფარეხთან ტერორისტების გვამებით სავსე 8 შავი ტომარა დააწყვეს. მოვიდა ავტობუსი მათ გასატანად.
11:00
დიასახლისს ვემშვიდობებით, დაღუპულების გვამები კვლავ გამოაქვთ შენობიდან.
უკვე შტურმის შემდეგ, ჩვენმა წყაროებმა პირველად ახსენეს აირი, რომელიც სპეცნაზმა გამოიყენა. გვაუწყეს, რომ გამოიყენეს გაზი, რომელიც აფერხებდა სუნთქვას და მსხვერპლის დიდი რაოდენობა იმან გამოიწვია, რომ აირის ნეიტრალიზაცისთვის ინექციის შეყვანა დროზე არ მოხერხდა, მაგრამ ეს ხომ ავანტურაა, 700 კაცს წუთებში გაუკეთო ინექცია.
ამავე დროს, ვინც შტურმზე მიდიოდა, მათ აირწინაღი არ ჰქონდათ. სავარაუდოდ, აირი დასაწყისშივე მხოლოდ მაყურებელთა დარბაზში გაუშვეს. შტურმის დროს სპეცნაზი დარბაზში არ შესულა, ამიტომ არც აირწინაღები დასჭირდათ. მხოლოდ ფოესა და დერეფნებშია ცეცლსასროლი იარაღით მოკლული ტერორისტები. დარბაზში სისხლის კვალიც არსადაა და მკვდრები მძინარე პოზაში არიან გაშეშებული.
(გაგრძელება იქნება)
მოამზადა მანანა იაშვილმა
www.fact.ge
