საზოგადოებრივ არხზე “საქართველოს დიდი ათეული” იწყება
გადაცემა ქვეყნის “დიდი ათეულის” შერჩევაზემსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია. როგორი იქნება ის ქართულ ტელესივრცეში?
- ქვეყნის დიდი ათეულის არჩევის იდეა 2002 წელს ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ “ბიბისი”-ში გაჩნდა. ტელეპროექტმა უდიდესი წარმატება მოიპოვა. კონსერვატიული ბრიტანელებისთვის კი გადაცემა ზოგად ეროვნულ სკანდალად იქცა. “დიდი ბრიტანელის” ტიტულზე კამათობდნენ ყველგან - ლორდთა პალატაშიც და ავტობუსის გაჩერებაზეც. პირველ ადგილზე უინსტონ ჩერჩილი გავიდა.
წარმატებული პროექტი მოგვიანებით მსოფლიოს 25 ქვეყანაში განხორციელდა. მათ შორის საქართველო 26-ე იქნება. ტელეგადაცემა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დეკემბრიდან დაიწყება. თითოეულ მოქალაქეს საშუალება ექნება, უგულშემატკივროს მისი აზრით დიდ ქართველს (მნიშვნელობა არ აქვს, ეს დიდი ქართველი მეფეა, მწერალი თუ სანტექნიკოსი).
ეს იქნება შემეცნებით-გასართობი პროექტი, რომლის საშუალებითაც ქვეყანა გაიხსენებს და გაიცნობს იმ ხალხის ღვაწლს, ვინც სამშობლოს მიუძღვნა თავი. ანუ, ეს არის გადაცემის შემეცნებითი მხარე. გასართობია იმ იმხრივ, ის ერთგვარ ტელეთამაშს წარმოადგენს. ანუ, ე.წ. ადვოკატთა შეჯიბრია. პროექტის მიზანია, ქართველმა ხალხმა წარმოაჩინოს, მისი აზრით, ვინ არის ყველაზე დიდი ადამიანი.
თოქ-შოუ სავარაუდოდ დეკემბრიდან ყოველ შაბათსგაიმართება.
ნომინანტთა 101 კაციანი ჩამონათვალი უკვე გაქვთ. ვინ შეარჩია ისინი და, საერთოდ, ვის მიერ მოხდება “საქართველოს დიდი ათეულისთვის” ნიმინანტთა შერჩევა?
- შერჩევა მოხდება თვითონ ქართველი ხალხის მიერ, გამოკითხვით. შემდეგ მოხდება ამ სიის გაფილტვრა. ანუ, პირველ ეტაპზე კვლევითი კომპანია 26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე მთელ საქართველოში უპრეცედენტო გამოკითხვას ჩაატარებს. კორესპონდენტი ნებისმიერ ოჯახში შეიძლება მივიდეს კითხვით - ვინ არის თქვენთვის დიდი ქართველი?
გამოკითხვის შედეგად მიღებული სია (სავარაუდოდ, 300 ნომინანტი) ტელეპროექტის დაწყებისთვის მიღებული ხმების დაჯამების შედეგად 50-მდე დაიყვანება. პირველი არხის ეთერში გამოცხადებული ინტერაქტივით კი ერი თავის რჩეულ ათეულს შეადგენს.
ნომინანტის დაცვა ან ოპონირება ვის მიერ მოხდება?
- საკუთარ კანდიდატებს დაიცავენ ე.წ. ადვოკატები, რომლებიც იქნებიან ცნობილი ადამიანები. ნომინანტის პოპულარიზაციისთვის “ადვოკატებს” ყველა გზის გამოყენება შეუძლიათ - ორიგინალური აქციებით დაწყებული, ბიოგრაფიების უცნობი დეტალების გამოყენებით დამთავრებული. შესაბამისად, ბიოგრაფები, ჟურნალისტები, პროდიუსერებბი ანუ პროექტის გუნდი მათ განკარგულებაში იქნება.
არჩევნების წესებსა და კრიტერიუმებზე 1-ელ თოქ-შოუში მწერლების, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეთაგან შერჩეული “მრჩეველთა საბჭო” იმსჯელებს. თუმცა, საბოლო გადაწყვეტილებას მაინც ტელემაყურებელი, ანუ ქართული საზოგადოება მიიღებს. ტელემაყურებელს შეუძლია, “ესემეს”-ით ან სატელეფონო ზარით, ან მისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი საშუალებით დაიცვას თავისი რჩეული.
“დიდი ქართველობის” კანდიდატთა შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია - ბიოგრაფიები, საქართველოს ყველა არქივში დაცული ვიდეო, აუდიო და ფოტომასალა ვებ-გვერდზე განთავსდება და გავრცელდება პრესის საშუალებით. შესაძლებელია, მომზადდეს ინგლისური ვერსია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ უცხოელს შეეძლება, გაეცნოს დიდ ქართველთა მოღვაწეობას: წმინდანებს, სარდლებს, მეფეებს, მეცნიერებს...
ანუ, ნომინანტის არჩევა, რომელზეც თოქ-შოუზე იმსჯელებენ, საზოგადოების მიერ მოხდება?
- დიახ, ამაზე ქართველი ხალხი იწყებს გადაწყვეტილებას.
მას შემდეგ, რაც მოხდება ნომინანტის შერჩევა,“ადვოკატთა” და “ოპონენტთა” შერჩევა როგორ მოხდება?
- ქვეყნის საზოგადო მოღვაწეები გადანაწილდებიან სფეროების მიხედვით.
ანუ, ვთქვათ, შოთა რუსთაველი, შესაძლებელია დაიცვას ლიტერატორმა?
- ამ საკითხებზე შემდეგ ჩამოვყალიბდებით.
აუცილებელია თუ არა “დიდი ქართველი” ეთნიკურადაცქართველი იყოს, ან იცოდეს ქართული ენა, ან ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოში ჰქონდეს გატარებული?
- ყველაფერი ეს ისევ და ისევ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
თუ რომელიმე “ადვოკატი” ვერ შეძლებს თავისი კანდიდატის დაცვას, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამა თუ იმ გამოჩენილ ქართველს დაამცირებს ეს გადაცემა?
- ეს არამც და არამც არ მოხდება. თუ ვერ დაიცვა“ადვოკატმა” ესა თუ ის ნიმინანტი, ეს არ დააკნინებს ნომინანტის ღირსებას.
