გიორგი ხუციშვილი - თუ რუსეთს საომარი მოქმედებების დაწყების საბაბი მიეცა, კრემლი მას აუცილებლად გამოი
_ რასაც თქვენ ბრძალებთ, ქართული მხარის ინტერესში შედის, მაგრამ ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ დაპირისპირების მეორე სერიისათვის ემზადება და საქართველოზე სრული კონტროლის დამყარებას შეეცდება, თუნდაც კონფლიქტის ზონებში ვითარების პერმანენტულად დაძაბვით.
_ ასეთი გეგმები რუსეთს აგვისტომდე ჰქონდა, რათა საქართველოს ნატოში შესვლისათვის ხელი შეეშალა. რუსეთი აგვისტოში საომარი მოქმედებების დაწყებისათვის საბაბს ელოდებოდა. საქართველოს მთლიანად დასაკავებლად კრემლს საბაბი ჯერჯერობით არა აქვს, ამიტომ ცალმხრივად არაფერს ისეთს არ მოიმოქმედებს, რომ გააფართოოს კრიზისის არეალი. თუ რუსეთს საომარი მოქმედებების დაწყების საბაბი მიეცა, კრემლი მას აუცილებლად გამოიყენებს.
_ ექსპერტთა ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან უხეში ძალის გამოყენების მიზეზად რუსეთშივე არსებულ მწვავე ეკონომიკურ კრიზისს ასახელებს. მათი აზრით, შესაძლოა, რომ რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი აღმოჩნდეს რუსეთის გააქტიურების მიზეზი.
_ კი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ამის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან რისკის ფაქტორების მთლიანად მოხსნის საშუალება არ არსებობს.
_ რჩება შთაბეჭდილება, რომ სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან საქართველოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების გახმოვანება აღმოჩნდეს საფუძველი საომარი მოქმედებების დაწყებისათვის.
_ საშიშროება არსებობს, მაგრამ ამის წინააღმდეგ ბერკეტების გამოყენება ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ცალმხრივად არ შეგვიძლია დავამყაროთ ისეთი კონტროლი, რომელიც საომარ მოქმედებას გამორიცხავს.
_ ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლება სიამოვნებით გააგრძელებდა საომარ მოქმედებას. რა შეიძლება იყოს ამგვარი მოსაზრების საფუძველი?
_ არა მგონია, რომ ეს ასე იყოს, და იცით რატომ? იმიტომ, რომ რუსეთმა საქართველოში თავის მიზანს პრაქტიკულად მიაღწია, ისეთი კონფიგურაცია შექმნა, რომელიც მას დიდი ხანია სჭირდებოდა.
ახალგორში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებით, რუსეთის ჯარები თბილისთან საკმაოდ ახლოს იქნებიან. აქედან რუსეთს საკმაოდ დიდი ტერიტორიის გაკონტროლების საშუალება ექნება, ასეთივე მიზნებისთვის იქმნება სამხედრო ბაზა გალის რაიონში. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა თავის მიზნებს მიაღწია. საქართველოში საომარი მოქმედებების განახლება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ვითარება ქვეყანაში საერთოდ აირია. თუ საქართველოში იქნება სტაბილურობა, საომარი მოქმედებების დაწყებისაგან რუსეთი თავს შეიკავებს.
თუ ქართულმა მხარემ ტერიტორიების დაბრუნებაზე და რევანშზე ფიქრი დაიწყო, ეს აბსოლუტური უაზრობა იქნება. თუ ამაზე ვინმე სერიოზულად ფიქრობს, ფსიქიურად შეშლილი უნდა იყოს. ახლა მთავარია ვითარების დასტაბილურება და სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება.
"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი
