”ვინც დაეუფლება კავკასიას, იბატონებს მთელს მსოფლიოში
ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებთ კავკასიაში შექმნილ მდგომარეობას?
- როგორც იქნა, კავკასიამ მიიქცია სათანადო ყურადღება. ეს რაც უფრო სწრაფად მოხდებოდა, მით უკეთესი. მთავარმა მოთამაშეებმა გაიცნობიერეს, რომ ვინც დაეუფლება კავკასიას, იბატონებს მთელს მსოფლიოში. ეს გამონათქვამი ჭეშმარიტებაა და არ წარმოადგენს იოტისოდენა გადაჭარბებასაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეკუთვნის კაცს, რომლის ციტირებაც ახლა მოდაში არ არის.
კავკასია ტრანსნაციონალური მაგისტრალების ალაგად აქცია დასავლეთმა და მათი ხელდასმით ბებერმა კომუნისტმა მგლებმა - ალიევმა და შევარდნაძემ. თუმცა, კონფლიქტების გადაჭრას არ დაადგა საშველი. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ამდაგვარ ვითარებაში იქცევიან ისე, როგორც უნდა მოიქცნენ - იარაღდებიან და არმიებს აძლიერებენ. სომხეთს ძირითადად რუსეთი ეხმარება, საქართველოს და აზერბაიჯანს - დასავლეთი. ჩეხოვისა არ იყოს, თუ პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი ჰკიდია, მესამეში ის უეჭველად გაისვრის. და დაიწყო კონფლიქტების შეიარაღებული გზით მოგვარება, რადგან მშვიდობიანმა გზამ, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს და აზერბაიჯანს იმედები გაუცრუა.
ვითარების ესკალაციაში ექსპერტთა უმეტესობა რუსეთს ადანაშაულებს. რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა?
- რა თქმა უნდა, ეს ასეა. ახალი მსოფლიო წესრიგისა და ახალი გეოპოლიტიკური კონიუნქტურის თანახმად, რუსეთი უნდა გავიდეს კავკასიიდან. ელცინის დროს ეს პროცესი ფაქტობრივად დაიწყო, მაგრამ ნავთობდოლარებით მოძლიერებულმა რუსეთმა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ თუ ის გავა კავკასიიდან, ასევე ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთი სულ იოლად დაშლის რუსეთს, ხოლო შესაბამისი ნების შემთხვევაში, გააძევებს მას ცენტრალური აზიიდან. რუსეთმა ძალისმიერი გზით ჩაახშო ჩეჩენთა ამბოხი, დროებით დაარეგულირა სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში და კავკასიონს გადმოღმა პოზიციების გამყარებაზე დაიწყო ზრუნვა. ვითარების დრამატიზმს ტრაგიზმამდე მივყავართ იმის გამო, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია დასავლეთის, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინტერესების დაბალანსება კავკასიაში.
თქვენი საუბრიდან გამომდინარეობს, რომ საქართველო ვითარების პასიური დამკვირვებელია.
- ეს ჩემი საუბრიდან კი არ გამომდინარეობს, ეს რეალურად ასეა. ომმა ფაქტობრივად დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა, სერიოზული კრიზისის წინაშე დააყენა საბანკო სექტორი და სამშენებლო ინდუსტრია. ანტიკრიზისული ღონისძიებების გასატარებლად უცხოურ დახმარებებს ველით, არადა, მოქმედება მყისიერია საჭირო. მართალია, ჩვენ მსოფლიო საფინანსო სისტემაში ღრმად არ ვართ ინტეგრირებული და ამ კრიზისის შედეგები ჩვენამდე მოგვიანებით და სუსტად მოაღწევს, მაგრამ მაინც მოაღწევს. მაგრამ მთავარი ეს როდია, მთავარია, რომ მთავრობას არ აქვს სამოქმედო გეგმა. სამშენებლო კომპანიები იღებდნენ სესხს ბანკებიდან, აშენებდნენ სახლებს, მერე მოქალაქე იღებდა სესხს ბანკიდან და ყიდულობდა ბინას. ახლა ეს მოჯადოებული წრე დარღვეულია. ბანკები აღარ გასცემენ კრედიტებს, ან გასცემენ ძვირ კრედიტს, ხელისუფლებისგან ”გაპარსული” ბიზნესი კლავს სარეკლამო ბაზარს, შეინიშნება დასაქმებულთა გათავისუფლების ზრდის ტენდენცია.
დღევანდელის მსგავს ვითარებაში მთავრობას ოპერატიული და გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა მოეთხოვება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი რესურსები, როგორც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის ან სხვა ქვეყნების მთავრობებს, შევისყიდოთ წილები კრიზისის პირას მყოფ კომპანიებში, მაგრამ ჩვენს სამშენებლო სექტორს და საბანკო სფეროს სჭირდება სწრაფი და ეფექტური დახმარება, რათა სერიოზული კრიზისი და ასიათასობით ახალი უმუშევრის გაჩენა თავიდან იქნას აცილებული.
ჩვენ არ გვაქვს მკაფიო ორიენტირები, არც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და არც ინფლაციასთან დაკავშირებით. ოფიციალური სტატისტიკის 10.5%-ის ინფლაცია აშკარად აღემატება რეალობას და სინამდვილეს. ამ მხრივ, ხელისუფლების პირველმა პირებმაც კი არ იციან, ყველაფრის კოორდინატორად ისევ სავალუტო ფონდის წარმომადგენელი - რობერტ კრისტიანსენი მოგვევლინა, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ ბენდუქიძემ სავალუტო ფონდთან ერთად ფაქტობრივად სარბიელიდან გააძევა.
კიდევ სხვა ოპერაა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომ არაფერი ვთქვათ პენსიების დაპირებულ მოცულობით გაზრდაზე, იქ არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. ხოლო ომგადახდილ და ფაქტობრივად ისევ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტში თავდაცვაზე ხარჯების შემცირება, რა ფოკუსია, ამას ვერც ნიკა გილაური და ვერც ლადო გურგენიძე ვერ გიპასუხებენ.
რა არის გამოსავალი, რა ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევდით აუცილებლად?
- მე რომ ხელისუფლების მრჩეველი ვიყო, დაუყოვნებლივ, 2-3 კვირაში გადავაყენებდი მთავრობას და ქვეყანას შევთავაზებდი ქმედუნარიან კაბინეტს, სადაც პასუხისმგებელი კონკრეტულ საკითხებზე იქნებოდა, როგორც მთლიანად კაბინეტი, ისე კონკრეტული მინისტრი. ოდესმე ხომ უნდა ეღირსოს საქართველოს კაბინეტური სისტემა, სადაც პრემიერი იქნება ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი და არა პრეზიდენტი, რომელსაც მთელი სახელმწიფოს სვე-ბედი აბარია.
არ შეიძლება ერთ კაბინეტში იყოს ამდენი გამოუცდელი და არაკომპეტენტური ხელმძღვანელი. არ შეიძლება მშენებლობის საკითხებს შინაგან საქმეთა მინისტრი კურირებდეს, არა იმიტომ, რომ თავს ვერ გაართმევს, უბრალოდ, მას იმდენი პირდაპირი მოვალეობები აქვს, რომ ამისთვის არ უნდა ეცალოს. მთავრობის შეცვლა პლუს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გაძლიერება. მხედველობაში მაქვს კონტროლის პალატა, ეროვნული ბანკი, ფინანსური მეგარეგულატორი, ანტიმონოპოლიური სამსახური. ყველა ეს ინსტიტუტი კახა ბენდუქიძემ თავისი ნეოლიბერტარიანული ფანტაზიების გამო დაანგრია და ქართული სიმდიდრეები ოფშორში დარეგისტრირებულ რუსულ კაპიტალს გადასცა. მსოფლიოში კი ალბათ, ხედავთ, რაც ხდება.
რა ხდება?
- რა ხდება და რასაც ბოლო 30 წელი ქადაგებდნენ დასავლური მოდური სკოლების ეკონომიკური ასები, სულ საწინააღმდეგო ხდება. სახელმწიფოები ყიდულობენ კომპანიების წილებს, არ არის გამორიცხული ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების მნიშვნელოვანი ზრდა. ალან გრინსპენი ამ დღეებში ლამის ჯვარს აცვეს კონგრესში, კაცი, რომლის მოსაზრებასაც უკრიტიკოდ იღებდნენ წლების განმავლობაში, ლამისაა, დღევანდელი კრიზისის ერთ-ერთ დამნაშავედ გამოაცხადონ, ხოლო საფონდო ბაზარი ეკონომიკური კრიზისის მთავარ დეტონატორად.
და ეს არის თქვენი პროგნოზი სადღეისოდ.
- ეს, ყველაფერი ამის გათვალისწინება და ჩვენი დაფლული განძის ამოქმედება - დემოკრატიული ინსტიტუტების ამუშავება, თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორის ხელისუფლების მარწუხებისგან გათავისუფლება, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, გაუყალბებელი არჩევნები, ბიზნესზე ზეწოლის მოხსნა, საკუთრების უფლების დაცვა. თუ მთავრობა ამას შეძლებს, ვერც რუსული აგრესია გვიზამს ვერაფერს, ვერც მსოფლიო საფინანსო კრიზისი და ვერც სეპარატისტების მზაკვრობები.
ჩვენ ისეთ სამეზობლოში ვცხოვრობთ და ისე ვჭირდებით ყველა მეზობელს, პლუს ამერიკას და ევროპას, რომ ტერიტორიულ მთლიანობასაც აღგვიდგენენ, იაფ ნავთობსაც და გაზსაც მოგვცემენ, ტურიზმსაც აგვიყვავებენ და თვალისჩინივითაც გაგვიფრთხილდებიან. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გამართულად იმუშავებენ, თუ არა და, ყოველ 5-10 წელიწადში ერთხელ გვექნება რევოლუცია და დავიდარაბა, ერთ კლანს შეცვლის მეორე, მეორეს მესამე, ამასობაში ჩვენი მეზობლები ერთმანეთთან მორიგდებიან და საქართველო გახდება გეოპოლიტიკური ჩიხი, თანაც კარგა ხნით.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4555