ნაბუკო - კავკასიის გეოპოლიტიკური ლაკმუსი
- ”რუსეთი ყოველთვის იყო და იქნება კავკასიაში სტაბილურობის გარანტი” - რუსეთი ეცდება, 2 ნოემბერს პუტინის ეს თეზა რეალური საქმით გაამაგროს.
თუმცა, ექსპერტთა აზრით, რუსული სამხედრო ელიტა კონფლიქტის საბოლოო მოგვარებას არასგზით არ დაუშვებს. საკითხის გადაჭრაც რა თქმა უნდა ამ შეხვედრაზე არ მოხდება, მაგრამ მთიანი ყარაბხის გაყინული კონფლიქტის ადგილიდან დაძვრაც კი რუსეთისათვის პოლიტიკური გამარჯვება იქნება. ჟენევის კონფერენციისაგან განსხვავებით, არავინ იტყვის, რომ შეხვედრა ჩაიშალა. სამივე პრეზიდენტი, სავარაუდოა, რომ წინგადადგმულ ნაბიჯზე, ურთიერთ ნდობაზე, სამომავლო პერსპექტივაზე გააკეთებენ განცხადებას.
ახლადშექმნილი სომხური საზოგადოებრივი მოძრაობა ”გაერთიანება” თვლის, რომ სომხეთმა უნდა დათმოს ”არწახს” (არცახი: მთიანი ყარაბახი) გარეთ ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიები და სცნოს რეგიონის დამოუკიდებლობა, შემდგომი მიერთების პერსპექტივით. აი ასეთი ”დათმობისაკენ მოუწოდებს” სომხურ ხელისუფლებას ოპოზიცია. ილჰამ ალიევის საპროგრამო განაცხადით კი - ”აზერბაიჯანი არსდროს სცნობს მთიანი ყარაბახის სომხეთთან მიერთებას”. რა ადგილი რჩება აქ კომპრომისისათვის, ნათელია.
რას უნდა შეპირდეს რუსეთი სომხეთს, რომ მან აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და ომით მითვისებული, აზერბაიჯანელებისაგან დაცლილი რეგიონი, რომელიც ამ ქვეყნის 30 პროცენტს შეადგენს, დათმოს? ან რას მოითხოვს რუსეთი აზერბაიჯანისაგან სანაცვლოდ, თუკი სომხეთი რეგიონში მილიონამდე ლტოლვილის დაბრუნებას უზრუნველყოფს და ამა თუ იმ ფორმით, ყარაბახზე აზერბაიჯანის უფლებას სცნობს?
შეუძლებელი ალბათ არაფერია, საკითხავია, რა ეღირება ეს თითოეული მხარისთვის. როგორც ჩანს კავკასიური გეოპოლიტიკისათვის მთავარ ”საჯილდაო ქვად” რუსეთი ”ნაბუკო”-ს გაზსადენის ამერიკულ პროექტს გამოიყენებს. დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესიდან გამომდინარე, ამ პროექტის დაბლოკვას რუსეთი ვერ მოახერხებს, თუმცა ეცდება მარშრუტში კორექტივები შეიტანოს და ის საქართველოს გვერდის ავლით განხორციელდეს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: ”ნაბუკო ეს არაა ბაქო-ჯეიჰანი, ის გაცილებით მეტია. თუ ბაქო-ჯეიჰანი პირველი წკიპურტი იყო რუსეთისათვის, ნაბუკო ეს უკვე ყელის გამოჭრაა. მით უფრო რომ ყაზახეთსა და თურქმენეთში სულ ახალ-ახალი გაზის საბადოები ჩნდება. საუკეთესო ვარიანტი რუსეთისათვის ამ პროექტის ჩაშლაა, მაგრამ უკვე შეუძლებელია. ეს პროექტი 12 მილიარდი ევრო ჯდება და კონსორციუმები ამ თანხის მობილიზაციისათვის აქტიურად ირჯებიან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილსადენის სომხეთზე გატარებით რუსეთმა სასურველ სიმშვიდეს მიაღწიოს. მაგრამ, არც დასავლეთი დაუშვებს რომ ნაბუკომ რუსეთზე გაიაროს. ეს მილსადენი ხომ რუსული მილსადენის ალტერნატივად სჭირდებათ.”
რუსეთი პირველ რიგში ეცდება მილსადენი საქართველოს აცდეს, ამისათვის საქართველოს არასტაბილურობის იმიჯის შესაქმნელად აქტიურად ირჯება და მოსალოდნელია მომავალშიც გაირჯება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დათბობა კი მას იმ დოზით და იმ დროით სჭირდება, რამდენიც ნაბუკოს სომხური ტრასის უპირატესობაში დასავლეთისათვის ილუზიის შექმნას დასჭირდება. თუ ეს მარშრუტი აირჩა, რუსეთს პერსპექტივაში სომხეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთ-თურქეთს შორის პერმანენტული დაძაბულობა აწყობს, მაშინ კავკასიური მარშრუტი გაზპრომის რუსული ტრასის ალტერნატივად ვეღარ იმუშავებს. ასე რომ, რუსეთს არასტაბილური სამხრეთ კავკასია არა მარტო ამ რეგიონზე გავლენისათვის, არამედ ევროპაზე ენერგეტიკული ზეწოლისათვისაც დასჭირდება.
ეკონომიკის ექსპერტის თემურ გიორხელიძის აზრით, ევროპისთვის ამ პროექტის რეალიზება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ის, საქართველოში გაივლის გაზსადენი, თუ სადმე სხვაგან. ”რუსეთსა და ევროკავშირს ერთმანეთთან კონფრონტაციის გაღრმავება ნამდვილად არ აწყობთ. რუსეთი ეცდება მილსადენის მარშრუტის კორექტირება მოახდინოს, რაც აბსოლუტურად რეალურია” - აცხადებს გიორხელიძე. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: ”ქართული ტრასის სანაცვლოდ ორი მარშრუტი არსებობს სომხეთზე და ირანზე. ირანზე გამორიცხულია ამ ქვეყნის დასავლეთთან დაპირისპირების გამო. რაც შეეხება სომხურ გზას, აქ აშშ რუსული ინტერესის კონტურებს ხედავს.”
აშშ ნაბუკოს პროექტზე დიდ იმედებს ამყარებს და ევროპას ამ პროექტის სახით გაზმომარაგების ალტერნატიულ გზას სთავაზობს. მისთვის რუსეთის მონაწილეობა ამ პროექტში მიუღებელია, ანუ სხვა მარშრუტი, გარდა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთისა ამერიკისათვის გეოპოლიტიკურად წამგებიანია. ამ შემთხვევაშიც, საქართველოსა და აშშ-ს ინტერესებში სრული თანხვედრაა.
სომხეთის მარშრუტი მათთვის ისევ და ისევ ირანის უშუალო სიახლოვესაა. ირანთან ნებისმიერი შეხება კი აშშ-სათვის გარკვეული რისკის შემცველია. სომხური ლობი აშშ-ში ბაქო-ჯეიჰანისა და ყარსი ახალქალაქის პროექტების დაბლოკვის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ეცდება ჩვენს ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები პროექტის ”ქართული ვარიანტის” ჩასაშლელად გამოიყენოს. მაგრამ საეჭვოა, ამერიკის ადმინისტრაცია სომხურ და მით უფრო ირანულ ტრასაზე დათანხმდეს.
თავის მხრივ, თურქმენეთი და ყაზახეთი დასავლელ პარტნიორებზე პირდაპირ გასვლას ცდილობენ. რუსული გაზპრომის მომსახურეობა მათ 3-ჯერ უიაფებს გაზს ევროპულ ფასთან შედარებით. ამიტომ, მიუხედავად მათი პრორუსული, ლოიალური პოლიტიკისა ახალი მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე და თურქეთზე, რუსეთის გვერდის ავლით გავა, სულ ცოტა, ფინანსურად უნდა აწყობდეთ. საქართველოზე გაივლის ტრასა, თუ სომხეთზე, ეს მათი თავის ტკივილის საგანი არაა.
რამდენად უღირს სომხეთს, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია შეიძინოს? მიიღებს რუსეთ-აზერბაიჯანის პირობას და ყარაბახთან მიმართებით წავა კომპრომისზე? ერთი კი ფაქტია, თუ ყარაბახის კონფლიქტი აღმოიფხვრა და რუსულმა სამხედრო ბაზებმა სომხეთში ფუნქცია დაკარგეს, სომხეთის პრორუსულ პოლიტიკას დიდი დღე არ უწერია. ეს შესანიშნავად იციან რუსეთშიც, ამიტომ ეცდებიან რეგიონში დაძაბულობა მუდმივად შეინარჩუნონ. რა არის დათმობის ის მინიმუმი, რაშიც სომხეთს რუსეთი ნაბუკოს პროექტში თანამონაწილეობას შესთავაზებს? ამას 2 ნოემბრის მოსკოვური შეხვედრა გამოაჩენს.
სეფე სიტყვა ნაბუკოს გაზსადენის პროექტზე, მაინც ბაქოზეა. ილჰამ ალიევი ცდილობს რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის პოლიტიკა აწარმოოს. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა-რიჩარდ ჩეინიმ, ბაქოში ამასწინანდელ ვიზიტისას, ალიევისაგან საბოლოო პასუხი ვერ მიიღო. ჩანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვურ შეხვედრაზე გადაწყვეტს, სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის-საქართველოს მომდურების საფასურად, რამდენად შორს შეუძლიათ წავიდნენ ყარაბახის დეოკუპაციის საქმეში რუსეთი და სომხეთი. საეჭვოა, რომ ხელშესახები კომპრომისის გარეშე, სომხეთმა აზერბაიჯანისგან პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა მიიღოს. რუსული დიპლომატია მოქნილობაზე, დიდი გამოცდის წინაშეა.
და ბოლოს, რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მას პროცესზე ზეგავლენის მიზერული არსენალი გააჩნია. სოსო ცინცაძის აზრით: ”საფრთხე პროექტს გარეთ დარჩენისა მაინც არსებობს. დასავლეთი, როგორც წესი, წინ ეკონომიკურ ინტერესებს აყენებს. ჩვენდა საბედნიეროდ, ბოლო დრომდე, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების თანხვედრა იყო და ამით მოგებული ვრჩებოდით. როგორ არის დღეს, ან ხვალ რა იქნება, ამაზე პასუხის გაცემა უკვე მიჭირს”. იმედი და მხოლოდ იმედი, რომ გეოპოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესთა მსოფლიო განლაგება ჩვენს ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მიღმა არ დატოვებს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4597