ზბიგნევ ბზეჟინსკი: თუ რუსეთმა იმპერიულ ამბიციებზე უარი არ თქვა, ცარიელ სივრცედ გადაქცევა ემუქრება
ბზეჟინსკიმ ”ცუდ იდეად” შეაფასა პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის საყვარელი იდეა ”მტრების რიცხოვნობის ზრდის” შესახებ.
პოლიტოლოგის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთში ეკონომიკური ვითარება უკეთოსობისაკენ მნიშვნელოვნად შეიცვალა, რუსეთმა თუ ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობები არ დაამყარა, იგი ცარიელ სივრცედ იმის გამო გადაიქცევა, რომ, ჩინეთის ზრდის ფონზე, რუსეთში სერიოზული დემოგრაფიული კრიზისია.
- ”რუსეთი მანამდე ვერ შეძლებს ევროპისკენ სწრაფვას, ვიდრე რუსეთი თავის თავს იმპერიად მოიაზრებს. მხედველობაში მაქვს მედვედევის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთს გარკვეულ ზონებში პრივილეგირებული ინტერესები უნდა ჰქონდეს”, - აღნიშნავს ბზეჟინსკი.
მისივე მტკიცებით, რუსეთისგან განსხვავებით აშშ ეგუება ამერიკასთან ახლოს კომუნისტური კუბის არსებობას, რუსეთის სურვილს ვენესუელაში გემები და თვითმფრინავები ჰყავდეს და ეს მაშინ, როცა რუსეთს არ მოსწონს ამერიკული ხომალდების შავ ზღვაში ყოფნა.
- ”რუსეთი თავისი მენტალობისაგან უნდა გათავისუფლდეს. 21-ე საუკუნეში პრივილეგირებული ზონები არ არსებობს”, - დასძენს პოლიტოლოგი.
ბზეჟინსკი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსი ოლიგარქები, რომლებსაც თავისი მილიარდები ევროპულ ბანკებში აქვს განთავსებული, თანხებს არ აბანდებენ რუსეთის აღმოსავლეთში, რის გამოც განვითარებისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით შესამჩნევი განსხვავებაა ჩინურ და რუსულ ქალაქებს შორის.
- ”ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ფინანსურ სისტემას და ამერიკა კვლავ ცენტრი იქნება”, - აღნიშნავს პოლიტოლოგი. იგი მომავალში, როცა თანაბარი ბალანსი შეიქმნება არ გამორიცხავს მსოფლიოს მრავალპოლუსიანობას. მისივე შეფასებით, ახლა თანამედროვე მსოფლიოში ვითარება იმგვარია, რომ ”აბსოლუტურად არარეალისტურია” იმის მოლოდინი, რომ რომელიმე ზესახელმწიფოს აშშ-ს, როგორც ფინანსური და პოლიტიკური სტაბილიზატორის შეცვლა შეუძლია.
- ”ამისათვის ევროპას პოლიტიკური ნება არ გააჩნია. რუსეთს ამგვარი ნება აქვს, მაგრამ არ გააჩნია არც ფინანსური და არც ეკონომიკური შესაძლებლობები. ჩინელებს სახელის მოხვეჭა ძალიან სწრაფად არ სურთ. ისინი ფრთხილი და მომთმენნი არიან. ვითარება ისეთია, რომ უახლოეს 10-25 წელი აშშ გლობალური სტაბილურობის დამყარებაში საკვანძო მოთამაშე იქნება, ანაც საყოველთაო ქაოსში პრინციპული პრობლემა იქნება”, - დასძენს აშშ-ს პრეზიდენტ კარტერის ყოფილი მრჩეველი, ცნობილი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბზეჟინსკი.
