თურქეთს პარტნიორების ღალატი და ცალკე თამაშის დაწყება, შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს
ბატონო კახა, რამდენად რეალურია ევროპისა და რუსეთის დაახლოება და როგორ აისახება ეს საქართველოზე, იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ შეიქმნა?
- ევროპასთან რუსეთის დაახლოება არ არის ახალი პროცესი. აგვისტოს მოვლენებამდე ამ პროცესს გარკვეული ტემპი აღებული ჰქონდა. მართალია, პოლონეთთან გარკვეული პრობლემების გამო შეჩერებული იყო მოლაპარკებები ევროპასა და რუსეთს შორის, მაგრამ ორივე მხარე ავლენდა ურთიერთობების გაღრმავების სურვილს.
ევროპის ქვეყნებში საქართველოსთან რუსეთის ომმა მოსკოვის მიმართ დამოკიდებულება ძალიან შეცვალა. ისინი რუსეთთან ურთიერთობებს უფრო ფრთხილად ეკიდებიან, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდათ, მთლიანად დაანგრიონ ეს ურთიერთობები და გადაკეტონ რუსეთთან მისასვლელი გზები.
ჩემი აზრით, ახლა არის პროცესი, როცა ევროპა ცდილობს რუსეთთან ერთად დააბრუნოს ძველი ურთიერთობები, მაგრამ ამავე დროს რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც სარკოზი-მედვედევის შეთანხმებით აიღო არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპული თანამეგობრობის წინაშე.
თუ რუსეთმა ამ ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა, ცალმხრივად დაბლოკა ყველა მცდელობა, ადგილიდან რეალურად დაიძრას კონფლიქტების მოგვარების პროცესი, მაშინ ევროკავშირი ვერ გააგრძელებს რუსეთთან მეგობრულ პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ევროკავშირსა და რუსეთს შორის შენარჩუნებული იქნება ის აუცილებელი ურთიერთობები, რომლებიც, სულ მცირე, საჭიროა დიდ ქვეყანასთან.
ანუ, თქვენი ვარაუდით, ამ ეტაპზე ხელი არ მოეწერება ევროკავშირ-რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეკრულებას, რომელზეც ადრე იყო საუბარი და საქართველოს თემა იქცეს იმ საკითხად, რომელზეც ბევრწილად იქნება დამოკიდებული რუსეთ-ევროპის ურთიერთობა?
- მე ნამდვილად ასე მგონია. რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმებას, ხელშეკრულების გაფორმებამდე მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს. ეს ასე ადვილი არ არის, რადგანაც ჯერ რამდენიმე რაუნდი სჭირდება, შემდეგ - რატიფიცირება. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ არ მოახდინოს შეთანხმებული ხელშეკრულების რატიფიცირება. ამ შემთხვევაში ის. უბრალოდ. ვერ ამოქმედდება.
რუსეთს არა მარტო დიდი ქვეყნების გული აქვს მოსაგები, რომლებთანაც ტრადიციულად ჰქონდა კარგი ურთიერთობები, არამედ ევროკავშირის უკლებლივ ყველა სახელმწიფოსთან, რომლებთანაც მას პერსპექტივაში კარგი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს. ევროკავშირის, სულ მცირე, 5-6 სახელმწიფო, განსაკუთრებით ევროკავშირის ახალი წევრები და არა მხოლოდ ისინი, არამედ შვედეთიც, რომელიც ევროკავშირის წევრი 1995 წლიდან არის, აქტიურად უტევენ რუსეთს საქართველოს საკითხთან მიმართებაში.
რომც გაგრძელდეს მოლაპარაკებები ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ეჭვი მეპარება, ამ ქვეყნების პარლამენტებმა მოახდინონ ხელშეკრულების რატიფიცირება. თუ რუსეთმა გაააგრძელა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმ პოლიტიკის გატარება, რომლითაც საქართველოს ამ ტერიტორიების შენარჩუნების შანსი არ მიეცემა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირ-რუსეთ შორის ხელშეკრულებას მხარს არ დაუჭერენ. სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთთან მეგობრულ პოლიტიკას ვერ გააგრძელებს.
თქვენი აზრით, რამდენად სარწმუნოა მტკიცება, რომ 2 ნოემბრისთვის სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები და თურქეთის პრემიერ-მინისტრი მარტო ყარაბაღის პრობლემაზე იმსჯელებენ?
- ფართო ამოცანაა კავკასიაში უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბება, მაგრამ იქ, სადაც საქართველო არ მონაწილეობს და შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაზე.
ყარაბაღის პრობლემის მოგვარება უკავშირდება ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის შეიძლება იყოს ენერგეტიკული, სატრანსპორტო, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების საკითხები. ეს ის საკითხებია, რომლებზეც, შესაძლებელია, იმსჯელონ სტამბულის შეხვედრის მონაწილეები, მაგრამ უდავოა, რომ ძირითადი განსახილველი თემა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა იქნება.
რამდენად რეალურია რუსულ პრესაში გამოთქმული მოსზრებები, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღის საკითხში გარკვეული კომპრომისის ხარჯზე რუსეთი შესაძლებელად მიიჩნევს ნაბუკოს პროექტის საქართველოს გვერდის ავლით და სომხეთის გავლით განხორციელებას?
- თუ ბაქომ და ერევანმა შეძლეს ყარაბაღის საკითხში შეთანხმება, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ამ იდეის განსახორციელებლად ძალიან ბევრ სირთულეებს ვხედავ. იმის გამო, რომ ნაბუკოს პროექტი ევროპის ბაზარზეა გათვლილი, მისი განხორციელება მარტო რუსეთის და თურქეთის ინტერესებზე გათვლილი ვერ იქნება. რამდენად მოუნდება დასავლეთს ასეთი სახის გარიგებაში მონაწილეობა, ამას საკმაოდ სერიოზული ანალიზი სჭირდება.
თუ ნაბუკო სომხეთზე გაივლის, ეს იმ სახის გარიგება იქნება, რომელზეც გავლენა ისევ რუსეთს ექნება. სხვა შემთხვევაში, ამგვარი პროექტის განხორციელებას რუსეთი მხარს არ დაუჭერდა. სხვა შემთხვევაში მოსკოვი ერევანზე გავლენას დაკარგავდა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს სომხეთი რუსეთის გავლენის ქვეშ არის, არ მგონია, რუსეთმა სომხეთს ნაბუკოს პროექტში მონაწილეობის საშუალება მისცეს.
სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს გარეშე მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ასოციაციებს ხომ არ იწვევს, ანუ მოსკოვი და ანკარა საქართველოს ზურგს უკანს ჩვენთვის ჯერ გაუგებარ, თბილისისთვის მიუღებელ გეგმებს აწყობენ?
- ძნელი სათქმელია. ისე, ასეთი პრეცედენტი მართლაც იყო ისტორიაში და ამ თვალსაზრისით საინტერესო კითხვაა. რუსეთ-თურქეთის ალიანსები არსებობდა, მათ შორის დაპირისპირებაც ხშირად იყო - უფრო ხშირი იყო დაპირისპირება, ვიდრე ალიანსები. ბევრი მაგალითია იმისა, რომ მოსკოვი და ანკარა საკმაოდ ბევრ საკითხში თანამშრომლობდნენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთს რაც უნდა დიდი ამბიციები ჰქონდეს, მაინც ცდილობს დასავლეთში ინტეგრირებას და ევროკავშირში გაწევრიანებას, გარდა ამისა, თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა.
თურქეთს პარტნიორების ღალატისა და ცალკე თამაშის დაწყება ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს რეგიონში ისტორიულად გარკვეული ამბიციები აქვს, არა მგონია, თურქეთი აბსოლუტურად დამოუკიდებელ მოთამაშედ მოგვევლინოს.
ბატონო კახა, ერთი წუთით რომ დავივიწყოთ ყარაბაღის პრობლემის არსებობა, რას შეიძლება ნიშნავდეს სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრის საქართველოს გარეშე გამართვა?
- ამ ფორმატით შეხვედრა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მხარეები სტამბოლში სწორედ ყარაბაღის საკითხის განსახილველად იკრიბებიან. ამ შეხვედრას მე რეგიონულ დონეზე, ერთი მხრივ, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ხოლო მეორე მხრივ თურქეთისა და სომხეთის შერიგების მცდელობად ვაფასებ. ეს რუსეთისთვის საქართველოზე ”დარტყმის” კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება - მოსკოვი შეეცდება, საქართველოს დაუპირისპიროს აზერბაიჯან-სომხეთის ალიანსი. მან კი ყველასთან ცალ-ცალკე, საქართველოს გარეშე იმეგობროს და რეგიონში საქართველოს როლი და მნიშვნელობა ამით შეამციროს.
საბოლოო ჯამში, არა მგონია, რომ ასეთი მიდგომა თურქეთსაც აწყობდეს. რეგიონში ურთიერთობების გაუმჯობესება კარგია, მაგრამ არა ვიღაცის, ამ შემთხვევაში საქართველოს ხარჯზე. ყარაბაღის პრობლემის მოგვარება რეგიონისთვის კარგია, თუ ამის უკან არ დგას ისეთი თამაში, რომელიც რეგიონს კი არ მოუხდება, არამედ, ვთქვათ, საქართველოს ინტერესებს დააზიანებს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4615