თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან - სარგებელი, თუ ახალი პრობლემა
თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან - სარგებელი, თუ ახალი პრობლემა
[გოჩა ჯელია]რუსეთის აგრესიით დაზარებული საქართველოს დასახმარებლად მილიარდობით ფინანსური დახმარების პარალელურად, ევროკავშირი გამარტივებულ სასაზღვრო რეჟიმს გვპირდება. 1 ნოემბრიდან კი, ძალაში შევიდა სავაჭრო შეთანხმება თურქეთთან, რომელიც ამ ქვეყანასთან სრულ სასაზღვრო გახსნილობას და ნულოვან საბაჟო ტარიფებს ითვალისწინებს.
ექსპერტი ვლადიმერ პაპავა:აბსოლუტურად თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არ არსებობს. მოუცლელობის გამო, შეთანხმება არ მინახავს, მაგრამ აუცილებლად უნდა ჰქონდეს დანართი იმ საქონლის ჩამონათვალით, რომელზეც ნულოვანი საბაჟო განაკვეთი არ ვრცელდება.
ზურაბ ტყემალაძე და ნიკო ორველაშვილი ამ შეთანხმების ამოქმედების პრინციპული წინააღმდეგი არიან. მათი აზრით, ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საბაჟო გახსნილობა დამღუპველია.
- ვერ დავეთანხმები კოლეგებს… ზოგადად, თავისუფალი ვაჭრობა რომ ნებისმიერი სახის პროტექციონიზმს სჯობია, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. საქმე იმაშია, რამდენად გონივრულად გამოიყენებს ამას ესა, თუ ის მხარე. ”ეშმაკი დეტალებშია”,- ვიმეორებ, აუცილებლად უნდა არსებობდეს პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებზეც თავისუფალი რეჟიმი არ გავრცელდება. ეს სია განსაზღვრავს, რამდენად იქნება დაცული შიდა ბაზარი, არასასურველი იაფი პროდუქციის შემოდინებისაგან.
პარტია ”მრეწველობის” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე: თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტი, ჩვენთვის ექსპერტებისათვისაც კი, აქამდე ხელმიუწვდომელია. აღარაფერს ვამბობ საჯარო განხილვაზე, რაც ამძაფრებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ამ რეჟიმით, საქართველოში თურქეთიდან გაუკონტროლებლად შემოვა როგორც გენმოდიფიცირებული, ისე სხვა უხარისხო პროდუქცია და ქართული ბაზარი სრულიად დაუცველი იქნება. გლეხებს კი საკუთარი პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობა მოესპობათ. საფრთხე შეექმნება აგრარულ სექტორს და მრეწველობის მრავალ დარგს.
თვლით, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი საქართველოსთვის ცალმხრივადაა საზიანო?
- თურქეთს კარგად აწყობილი მონიტორინგის სისტემა აქვს. ამ შეთანხმებით, თურქეთი გარკვეულ ქვოტებს აწესებს, რაც ქართული მხრიდან არ ხდება. მაგ; თურქეთმა უკვე დააწესა ქვოტა ქართული ღვინის ექსპორტზე და იგი მილიონ ბოთლს შეადგენს. უმკაცრესია ხარისხობრივი მოთხოვნებიც იქ შესატან პროდუქციაზე.
რამდენად საფრთხილოა ნულოვანი საბაჟო განაკვეთი უხარისხო, მავნე პროდუქციის შემოდინებისათვის?
ლადო პაპავა:მოდით შევთანხმდეთ, ხარისხი ეს სხვა თემაა და ამ საკითხებს არეგულირებს სასურსათო მონოპოლიისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა. თუ პროდუქტი მავნეა, რა მნიშვნელობა აქვს საბაჟოზე დაიბეგრება, თუ არა? ქვეყანას უნდა შეეძლოს ამგვარი შეღავათებიდან სარგებელი მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ხელშეწყობა უბედურებად შეიძლება შემოგვიბრუნდეს.
ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი ნიკო ორველაშვილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება არც ადრე და არც ახლა, მოწინავე ქვეყნებთან სავაჭრო ინტეგრაციისათვის მზადყოფნას ვერ ამჟღავნებს.
– თავის დროზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით, საქართველომ პრაქტიკულად ვერაფერი მიიღო. უფრო სწორედ, მიიღო აკრძალვები, ხოლო სასაზღვრო გახსნილობის და დაბალი საბაჟო ტარიფების უპირატესობები ვერ იქნა გამოყენებული.
ელემენტარულად უნდა გაგაჩნდეს ის, რაც უნდა გაიტანო. გონიერ ხელისუფლებას შეეძლო ეს საბაჟო შეღავათები გამოეყენებინა და იმ ქვეყნებიდან, რომელსაც საექსპორტო ქვოტები არ ჰყოფნიდათ, მოეწვიათ აქ ფირმები, ნახევარფაბრიკატები შემოეტანათ, საქონლის სახე მიეცათ და ექსპორტზე გაეშვათ. მაგრამ 90-იან წლებში ისეთი ძარცვა-გლეჯა მიმდინარეობდა, რომ აქ ინვესტორის შემოტყუება რთული საქმე იყო.”- აცხადებს ორველაშვილი.
ეს წარსულში, მაგრამ ხომ არსებობს მეთოდიკა, რომლის დანერგვითაც, შეიძლება ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო რეჟიმები ჩამოყალიბდეს?
- ახლა ასეთი რეალობის წინაშე ვართ: ჩვენი ბაზარი ყველასთვის და ყველაფრისთვის სრულიად უპასუხისმგებლოდ გაიხსნა, ამით კი პრაქტიკულად სოფლის მეურნეობა მოვკალით ქვეყანაში. შემოდის უკონტროლოდ უხარისხო, ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქცია იაფად. ამ მხრივ არათუ თურქეთი, რომელიც შიდა ბაზრის დაცვის თვალსაზრისით, სამაგალითოა, არამედ რუსეთიც კი გაკვეთილად გამოდგება. ეს ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას ცდილობს, მაგრამ წინასწარ მწყობრი მონიტორინგის სისტემა ჩამოაყალიბა და გამოავლინა, რომ იმპორტული პროდუქციის 80% გენმოდიფიცირებული შედიოდა. მკაცრი რეგულირებით, მრავალი სახის პროდუქტის შეტანა აკრძალა.
WTO-ს ქვეყნებს, გარდა სატარიფო ბარიერებისა და კვოტებისა, აქვთ ხარისხობრივი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც არასგზით არ შეგიმცირებენ. ევროკავშირის ქვეყნები ხარისხს უმკაცრესად აკონტროლებენ. ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ იმ სასაზღვრო შეღავათებსაც ვერ გამოვიყენებთ, რომელსაც ჩვენთვის ეს ორგანიზაცია, ბოლო პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, იმეტებს. ხარისხზე კონტროლის გაძლიერების ნაცვლად, ბოლო წლებში, ქვეყანაში, მონიტორინგისა და სტანდარტიზაციის ფუნქციის მქონე უწყებებიც კი გავაუქმეთ.
მე-18 საუკუნის პოლონელი მისიონერი იან კრუშინსკი, ქართველების სუსტ წერტილად ვაჭრობას თვლიდა. ”სპარსელი შაჰი, საქართველოში ვაჭრობის წასახალისებლად, ქართველებს, იმ საქონელზე, რომლის წაღებაც ერთ ცხენს შეუძლია, გადასახადს არ ახდევინებს. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ ქვეყნაში ვაჭრობა ძალიან სუსტადაა განვითარებული და ძირითადად უცხო ელემენტის ხელშია.” - წერდა კრუშინსკი.
ირანის შაჰი, რა თქმა უნდა, საგადასახადო შეღავათებს პირველ რიგში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აწესებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართლ-კახეთის მკვიდრ მოსახლეობას შეეძლო უკეთესად გამოეყენებინა და ვასალური მდგომარეობიდან მცირე სოციალური და ეკონომიკური სარგებელი მაინც მიეღო.
ასე იყო ისტორიულად, სამწუხაროდ ასეა ახლაც, რადგან საკანონმდებლო და შიდა ეკონომიკური პრობლემების გარდა, ქართველებს ვაჭრობასთან მიმართებაში აშკარად მენტალური პრობლემაც გვაქვს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4631