როინ შავაძის ოჯახს გაჩუმების სანაცვლოდ 50’000-ს სთავაზობენ
როინ შავაძის ოჯახს გაჩუმების სანაცვლოდ 50’000-ს სთავაზობენ
[ნინო მიქიაშვილი]აჭარაში წამებით მოკლული ჯარისკაცის - როინ (რომა) შავაძის ოჯახს გაჩუმების სანაცვლოდ 50’000-ს სთავაზობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან - მოგკლავთ, რომაზე უარეს დღეში ჩაგადებთო, რასაც როინ შავაძის ოჯახი “მთელ კვირასთან” საუბრისას ასე პასუხობს - “ჩვენ გაჩუმებას არ ვაპირებთ; ჩვენ არ ვიყიდებით; ჩვენ სამართალს - მკვლელების, მწამებლების დასჯას ვითხოვთ!”
ჯარისკაცის ოჯახის წევრებზე განხორციელებული მუქარების ირგვლივ “მთელი კვირა” ტელეფონით ესაუბრა როინ შავაძის ქვრივს, ციცინო შავაძეს, მისი უფლებების დამცველ ადვოკატს რამინ პაპიძეს და სახალხო დამცველის რწმუნებულს გიორგი ჩარკვიანს.
23 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ციცინო შავაძის მოთხოვნა - განახლდა გამოძიება მისი მეუღლის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ა ქვეპუნქტით (ნარკოტიკების შეძენა-გადატანა), რომელიც როინ შავაძის გარდაცვალების გამო შეწყვეტილი იყო.
ამჟამად გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - როინ შავაძის განზრახ მკვლელობის (108-ე) და ნარკოტიკების შეძენა-გადატანა (260-ე). როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა კარგა ხანია აჭარის პროკურატურაში დევს, მაგრამ წამებით მოკლული ჯარისკაცის მეუღლე დაზარალებულად ჯერ კიდევ არ უცვნიათ.
თუ დღემდე მხოლოდ როინ შავაძის ქვრივს - ციცინო შავაძეს ემუქრებოდნენ, ახლა ამას მის ძმებთან მიმართებაშიც ახორციელებენ, რის გამოც თურქეთში მცხოვრებ როინ შავაძის ერთ-ერთ ცოლისძმას და მის ოჯახს იქაურმა ხელისუფლებამ დაცვა დაუნიშნა.
სამართალდამცავებს ჯერ არანაირი ღონისძიებისთვის არ მიუმართავთ. მართალია ციცინო შავაძე და აჭარაში მცხოვრები მისი ძმა - მურად კონცელიძე პროკურატურაში ერთობლივ განცხადებას დღეს ჩააბარებენ, მაგრამ სამართალდამცავებს კანონის თანახმად, როინ შავაძის ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე შესაბამისი რეაგირება პარასკევს ადგილობრივი ტელეარხით - “ტვ 25”-ით და აჭარის ტელევიზიით გასული სიუჟეტების საფუძველზეც შეეძლოთ.
ღარაფერს ვამბობთ გაზეთებში გამოქვეყნებულ წერილებზე, სადაც ციცინო შავაძეზე განხორციელებულ მუქარაზე დაიბეჭდა მასალები, რომელთა საფუძველზე, კანონის თანახმად სამართალდამცავებს შეეძლოთ შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 დღის დაბრუნებული როინ შავაძე, 16 აგვისტოს, დღისით, ბათუმის ცენტრში ნიღბიანი სპეცნაზელები თავს დაესხნენ, სცემეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
სასტიკად ნაწამები ჯარიკაცის ცხედარი ოჯახმა გვიან საღამოს პროზექტურიდან სახლში გადაასვენა. ციცინო შავაძეს პირველად აჭარის პროკურორი ვასილ როინიშვილი 29 აგვისტოს საკუთარ კაბინეტში დაემუქრა, მეორედ - სექტემბრის ბოლოს სახლის ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ არ გაჩუმდებოდა, მეუღლის ბედს გაიზიარებდა. შემდეგ, როინ შავაძის საქმის გახმაურებასთან ერთად, მუქარების სერია განახლდა.
საზოგადოებრივი რეზონანსი
სახალხო დამცველის ოფისი ამ საქმეში თავიდანვე ჩართულია. სოზარ სუბარი თვლის, რომ ეს ის საქმეა, რომელსაც ფართო საერთაშორისო რეზონანსი უნდა მიეცეს. სუბარმა მისი ოფისის მიერ მოკვლეული მასალები და დასკვნა გადასცა “ჰუმანრაითს უოჩს”, ესაუბრა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს.
სექტემბრის პირველ ნახევარში, დუბლინში იყო ევროპის ქვეყნების ომბუდსმენების, ევროპის საბჭოს და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი კონფერენცია, სადაც საქართველოს სახალხო დამცველმა როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე ისაუბრა.
ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, 20 ოქტომბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის ოფისიდან შავაძის საქმის მასალები გამოითხოვა.
ტელეკომპანია “კავკასიას” პირდაპირ ეთერში, ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით “ახალი მემარჯვენეები” ძალიან ხშირად საუბრობენ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე.
ტელეჟურნალისტ ნანა ლეჟავას მიერ მომზადებული გამოძიება შავაძის მკვლელობის ფაქტზე, “კავაკასიას” ეთერში გასულ კვირას გავიდა. ასე რომ, საზოგადოების ინტერესი ამ საქმის მიმართ რა ნელდება.
”შეთავაზება” და მუქარა
“დაახლოებით 12 დღის წინ სახლთან ახლოს მაღაზიაში საყიდლებზე გავედი. უკან მობრუნებული ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა გამაჩერა და მითხრა - თქვენ მიიღებთ ფულს. გაჩერდით, ნუღარ ილაპარაკებთ თქვენი ქმრის საქმეზეო”, - ყვება ციცინო შავაძე მასზე განხორციელებული მუქარის შესახებ.
ჯარისკაცის ქვრივისთვის კონკრეტული თანხა არ დაუსახელებიათ, ამის შესახებ მის ძმას მურად კონცელიძეს უთხრეს:
- “ჩემს ძმას სამსახურში, მანქანების სახელოსნოში ორმა უცნობმა მიაკითხა. ეგონა კლიენტები იყვნენ და მანქანის თაობაზე უნდოდათ დალაპარაკება. სინამდვილეში კი გააფრთხილეს - გაჩერდით! რომას საქმეზე ხმას ნუღარ იღებთ, თქვენი კრინტი აღარ გავიგოთ, თორემ, ნარკოტიკს, ან იარაღს ჩაგიდებთ, ან კიდევ მანქანით ისეთ კატასტროფაში მოგაყოლებთ, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს”.
ამ მუქარის შემდეგ შავაძეის ქვრივის ძმამ სამსახური დატოვა. სამი დღის შემდეგ ქუჩაში ისევ გააჩერეს, ამჯერად სხვა უცნობმა პირებმა და უთხრეს - ”ფულს მოგცემთ და უნდა გაჩერდეთო”.
წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ რომაზე უარეს დღეში ჩაგაგდებთო. ჩემმა ძმამ მათ მიუგო - ”ჩემი სისხლი და ხორცი არიყიდება, ჩვენ არ ვიყიდებითო”.
პარასკევს, 7 ნოემბერს მუქარადღის სამ საათზე ისევ განმეორდა. მურად კონცელიძესთან საბურავის გამოსაცვლელად სახელოსნოში უცნობი პირები მივიდნენ. იქ კონკრეტული თანხა - 50’000 დაუსახელეს გაჩუმების სანაცვლოდ, ოღონდ ”თქვენი ხმა-კრინტი არ გავიგოთ, რომა შავაძე ვითომ საერთოდ არ მომკვდარა ისე მოიქეცით, თორემ ყველას დაგხოცავთო”.
იმათ გასაგონად, ვინც წამებით მოკლული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს ფულს სთავაზობს და ემუქრება, ციცინო შავაძე აცხადებს:
- “ჩვენ გაჩუმებას არ ვაპირებთ, ჩვენ არ ვიყიდებით! რომაზე მოხვედრილი ტყვია და მისი სისხლი ფულზე არ იყიდება. ჩვენ ფული არავისთვის გვითხოვია, ჩვენ რომას წამებით მოკვლის დღიდან სამართლს - მკვლელებისა და მწამებლების დასჯას ვითხოვთ”.
სახალხო დამცველის რწმუნებული გიორგი ჩარკვიანი შავაძის საქმეზე მოკვლევას 16 აგვისტოდან აწარმოებს. ამჟამად ჯარისკაცის ოჯახზე განხორციელებული მუქარის ირგვლივ ამბობს:
- “ჩვენთვის ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ ოჯახზე მუქარა ხორციელდებოდა, მაგრამ ამ ფაქტის გახმაურებისგან თავს იკავებდნენ, რადგან ეგონათ, რომ ეს იყო შანტაჟი და თავს დაანებებდნენ. საჯარო განცხადების გაკეთება და პროკურატურაში განცხადების შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თურქეთში მცხოვრებმა ციცინო შავაძის ძმამ შეამჩნია მასზე თვალთვალი და პოლიციას დაუძახა. ახლა ამ პიროვნების ოჯახის უსაფრთხოებას იქაური პოლიცია იცავს - მათი სახლის კართან ორი სამართალდამცავი დგას. ამ ფაქტის გაგების შემდეგ დაასკვნეს,რომ ეს შანტაჟი კი აღარ იყო, არამედ მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა და გადაწყვიტეს მათზე განხორციელებული მუქარები საჯაროდ გაეხმაურებინათ”.
ადვოკატი რამინ პაპიძე ციცინო შავაძის და მურად კონცელიძის ერთობლივ განცხადებას პროკურატურაში დღეს შეიტანს, რომელშიც გამნცხადებლები აჭარის მთავარ პროკურორს, ვასილ როინიშვილს აქამდე განხორციელებულ მუქარებზე კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას სთხოვენ.
- “საქმის მასალებს ისევ არ გვაცნობენ. ჩემთვის არაოფიციალურად ცნობილია ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სიკვდილის გამომწვევი მიზეზი - ცეცხლსასროლი ჭრილობით მიყენებული დაზიანება. სხვა ექსპერტიზის დასკვნები - ბიოლოგიური, ფსიქოტექნიკური ჩატარდა თუ არა, არ ვიცით. რაც შეეხება მუქარებს, გასულ პარსკევს ერთ-ერთი სატელეფონო მუქარა, მურად კონცელიძესთან მიმართებაში ჩემი თანდასწრებით განხორციელდა. რომან შავაძის ოჯახის წევრებთან მიმართებაში განხორციელებული ქმედებები არის სისხლის სამართლის დანაშაული - ერთდროულად მუქარაც და იძულებაც. ამას აკეთებენ როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან პირდაპირ კავშირში მყოფი ადამიანები”.
- ”დარწმუნებული ვარ, ეს ხორციელდება ძალოვან სტრუქტერებში მყოფი დიდი თანამდებობის პირთა დაკვეთით. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ასეა, რადგან როინ შავაძე ძალოვნებმა მოკლეს. ამას თავადაც ამბობენ, მაგრამ სადაო ისაა, რომ ეს მკვლელობა არ ყოფილა, ეს იყო კანონის ფარგლებში განხორციელებული ქმედებაო. რეალურად, ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა (109-ე მუხლი). გამოძიება სწორედ 109-ე მუხლით უნდა დაწყებულიყო და არა 108-თი. ამასთან, ციცინო შავაძე კანონდარღვევით დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად. კანონით არ ჰქონდათ უფლება ციცინო შავაძისთვის უარი ეთქვათ დაზარალებულად ცნობაზე, რადგან პირველ ეტაპზე უნდა იყოს დაზარალებულად ცნობილი და შემდეგ თუ გამოიკვეთება რომ არანაირი დანაშაულის ნიშნებს არ ჰქონია ადგილი, დაზარალებულად ცნობაზე მერე უნდა ეთქვას უარი”, - ამბობს რამინ პაპიძე და იქვე დასძენს, რომ როინ შავაძის ოჯახთან ერთად სიმართლის დასადგენად და მკვლელების დასასჯელად ბოლომდე იბრძოლებს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4732