ნიკოლა სარკოზი: ბუშს ავტორიტეტის დაკარგვის შეეშინდა
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ჯორჯ ბუშს საკუთარ თავზე უნდა აეღო კონფლიქტის დარეგულირების ინიციატივა, სხვებს კი ურჩევდა, დაეგმოთ რუსეთის ქმედებები საქართველოში.
სარკოზი ამბობს, რომ სწორედ მოსკოვსა და თბილისში მისი და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტებს დაემთხვა ცეცხლის შეწყვეტა.
საფრანგეთის პირველმა პირმა ეს განცხადება პოლიტიკური სიმამაცისთვის ჟურნალ ”Politique Internationale”-ის პრიზის მიღების დროს ელისეის სასახლეში გააკეთა.
მისი აზრით, ბუშს უბრალოდ საკუთარი ავტორიტეტის დაკარგვის შეეშინდა.
”მოსკოვში გაფრენის წინ ამერიკის პრეზიდენტმა მითხრა: ”იქ ნუ ჩახვალთ, რუსებს თბილისის აღება უნდათ, ჯარი სულ რაღაც 40 კილომეტრში ჰყავთ განლაგებული. გთხოვთ, მათი მოქმედება განსაზღვროთო”, - დასძინა სარკოზიმ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, საზოგადოებას საფრანგეთის საგარეო მინისტრთან, ბერნარ კუშნერთან ერთად მისი საქართველოში ერთ-ერთი ვიზიტიც შეახსენა, რომლის შედეგადაც, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული.
პარასკევს, სარკოზი, ევროკავშირში ლიდერი ქვეყნის საფრანგეთის, თავმჯდომარის სტატუსით უხელმძღვანელებს ევროკავშირის დელეგაციას რუსულ-ევროპულ სამიტზე ნიცაში.
შესაძლოა, სწორედ ამ შეხვედრაზე იქნას მიღწეული შეთანხმება ბაზებთან მიმართებაში.
გარდა ამისა, ამ მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული ევროკავშირსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის საკითხის სამომავლო გადაწყვეტა, რომელიც ”დიდი მოლაპარაკების” სახელითაა ცნობილი
წინა შეთანხმებას მოქმედების ვადა, გასულ წელს გაუვიდა. ამჟამინდელს კი, რომელმაც მუშაობა ივლისის თვეში დაიწყო, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა შეუშალა ხელი და ფაქტობრივად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო გაიყინა.
